Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯავახეთის მოსახლეობა შიდა გზების ავარიულობას უჩივის


ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლების უმრავლესობას საავტომობილო გზის პრობლემა აწუხებს. ჯავახეთის მოსახლეობა ირწმუნება, რომ ცუდ ამინდში ცენტრთან დაკავშირება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. არადა, რეგიონში ჭარბი ნალექი სექტემბრის ბოლოდან იწყება და ივნისის თვემდე გრძელდება.

`ზამთარში გზა საერთოდ არ გვაქვს, არც ერთი მიმართულებით. ახლაც ძლივს მოვედით აქამდე. ტალახია ისეთი, რომ წინ ვერ წახვალ. სოფლამდე მხოლოდ ორხიდიანი მანქანით მიხვალ, სხვა ვერაფრით. ფოკა, განძა და ბევრი სხვა სოფელი ამ დღეშია. შარშან ებრაული კომპანია მუშაობდა და თითქმის არაფერი გაუკეთებია. წელს ტექნიკაც და მუშახელიც ბევრია. ჩანს, რომ აკეთებენ”, - ამბობენ ჯავახელები.

საგზაო-სამშენებლო სამუშაოები ამ დროისათვის ჯავახეთიდან სამი მიმართულებით მიმდინარეობს. თბილისის, სომხეთისა და თურქეთის საზღვრამდე წარმოებულ საქმიანობას ფონდი “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა საქართველოში” აფინანსებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბდუშელიშვილი, განმარტავს, რომ, საერთო ჯამში, ქვეყანაში მათ მიერ 221 კმ გზის მონაკვეთი გაკეთდება:

`ეს გზა ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის ინტეგრაციას, შეამოკლებს თბილისიდან ამ რეგიონში ჩამოსასვლელ გზას. აგრეთვე კეთდება გზა სომხეთის საზღვრიდან ახალქალაქამდე და თურქეთის საზღვრიდან ახალქალაქამდე, რაც, საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმებულია.”

ჯავახეთში ქართულ-გერმანული ამხანაგობა `ბლექსი გრუპ პაპენბურგი~-ც მუშაობს, რომელსაც სხვადასხვა სოფლებში ყველაზე მეტად დაზიანებული გზების შეკეთება უწევს. სამშენებლო სამუშაოების უფროსი სოსო დემეტრაშვილი ამბობს, რომ გადაუღებელმა წვიმებმა და ნაადრევად მოსულმა თოვლმა მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი სამუშაოების დროულად დასრულებას:



`ამ რეგიონში სამი გზა გვაქვს, ერთია სათხე–ნინოწმინდა– სომხეთის საზღვარი, მეორე - ახალქალაქი–სულდის მონაკვეთი, მესამე გვაქვს ხერთვისი–ვარძია. სამივე ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. სულ 60 კმ-ია. აგერ უკვე დამთავრებული უნდა გვქონოდა სამუშაოები, მაგრამ ამ ზაფხულს ისეთი ინტენსიური წვიმები იყო, რომ შეაფერხა ყველაფერი.”

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჯავახეთის მოსახლეობას განუცხადა, რომ ,,გზას ამ რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის მხოლოდ გადაადგილების ან კომუნიკაციის საშუალება არ არის.”

`გზა არის ერთ-ერთი, რაც იყო ამ რეგიონისთვის ტრადიციული პრობლემა. როდესაც ნინოწმინდიდან თბილისამდე ჩასასვლელად 8 საათია საჭირო, ბუნებრივია, იწვევს რეგიონის იზოლირებას და მოწყვეტას. ჩვენ ვაშენებთ ახალ გზას, გზას, რომელსაც რეგიონი პირდაპირ დაუკავშირდება საქართველოს ყველა რაიონს - მათ შორის, თბილისამდე პრაქტიკულად საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი ჩასვლა; მოსახლეობას საშუალება ექნება იმოძრაოს დანარჩენ საქართველოში. ეს იქნება მათი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღების საშუალება, მეტი ვაჭრობა, მეტი ეკონომიკა და, რაც მთავარია, მათთვის ეს არის დანარჩენ საქართველოსთან სრულფასოვანი ინტეგრაციის წინაპირობა.”

საგზაო-სამშენებლო სამუშაოები, პროგრამის მიხედვით, 2010 წლის ნოემბრისთვის დასრულდება. როგორც ხელისუფლება ირწმუნება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ რეგიონში უფრო მეტი ბიზნეს-შესაძლებლობები გაჩნდება.
XS
SM
MD
LG