Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა


ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე თორბიორნ იაგლანდი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ახალი ლაურეატის გამოცხადების შემდეგ
ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე თორბიორნ იაგლანდი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ახალი ლაურეატის გამოცხადების შემდეგ
შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, რომელიც ათი თვეა იმყოფება ამ თანამდებობაზე, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, თორბიორნ იაგლანდმა პარასკევს ოსლოში გამოაცხადა, რომ ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო "ობამას განსაკუთრებული ძალისხმევისთვის საერთაშორისო დიპლომატიის და ხალხებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში."

განსაკუთრებულ დიპლომატიურ ძალისხმევაში იგულისხმება მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ზომები, კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეწყობა.

იაგლანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ობამა მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობის ღირებულებებს იზიარებს.

პრემიის შესახებ ცნობის გამოცხადებისას ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ობამამ საერთაშორისო დიპლომატიისთვის შექმნა ახალი ატმოსფერო, რომელშიც ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარებაში ახალი როლი ენიჭება დიალოგს.

მიიჩნევა, რომ ობამასთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭება აგრძელებს ნობელის კომიტეტის პრაქტიკას, უფრო ის ადამიანები დააჯილდოვოს, რომლებიც აქტიურად იღწვიან მშვიდობის დამკვიდრებისთვის მოცემულ მომენტში, ვიდრე უბრალოდ აღიაროს წარსულის დამსახურებები.

ეს მესამე შემთხვევაა, როცა ნობელის პრემია მიენიჭა შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტს. 1908 წელს თეოდორ რუზველტი დაჯილდოვდა პრემიით და 1919 წელს ვუდრო უილსონი. 2002 წელს პრემია მიენიჭა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს.

48 წლის ობამა 205 კანდიდატიდან შეირჩა. ფავორიტებს შორის იყვნენ ზიმბაბვეს პრემიერ-მინისტრი მორგან ცვანგირაი, ჩინელი დისიდენტი ჰუ ძია, კოლუმბიელი აქტივისტი პიედად კორდობა და ავღანელი ადამიანის უფლებების დამცველი სიმა სამარი.

ობამას პრემიას 10 დეკემბერს გადასცემენ ოსლოში. პრემია მოიცავს ოქროს მედალს, დიპლომს და 1,4 მილიონ დოლარს.
XS
SM
MD
LG