Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ბიუჯეტი 2010: უცვლელი პრიორიოტეტებით


საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, 2010 წელს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის მთავრობა 6 მილიარდ 400 მილიონი ლარის ასიგნებათა მობილიზებას გეგმავს. ძირითადი პრიორიტეტები ჯანდაცვა და სოციალური სფეროს განვითარებაა, უთხრა რადიო თავისუფლებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა.

გარდა ამისა, საგარეო რისკებიდან გამომდინარე, პარლამენტმა მოუწოდა მთავრობას, გაზარდოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება. კანონმდებლების აზრით, მომავალი წლის ბიუჯეტში შარშანდელთან შედარებით უნდა გაიზარდოს ასევე პენიტენციალური სისტემის დაფინანსება.

მომავალ წელს გაორმაგდება ეგრეთ წოდებული სოფლის პროექტი, რომლის ინიციატივაც თავად საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს და ბიუჯეტის ყველაზე მსხვილ მომხმარებელ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ზურაბ მელიქიშვილის თქმით, 2010 წელს იგეგმება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ამის მაგალითი აღმასრულებელ ხელისუფლებას საქართველოს პარლამენტმა მისცა, რომელმაც 3 მილიონით შეამცირა ხარჯები. თუმცა უსაფრთხოების სფეროს დაფინანსების შესახებ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე კონკრეტული არაფერი თქმულა იმის გარდა, რომ, რადაც არ უნდა დაჯდეს, მთავრობამ ფული არ უნდა მოაკლოს სამხედროებს, პოლიციელებსა და მეხანძრეებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG