Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატი სკანდალში გაეხვია


პიტერ გოლბრაიტი, ავღანეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე
პიტერ გოლბრაიტი, ავღანეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე
ავღანეთში ახლახან გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს არაერთი სკანდალი და გაყალბების მრავალი ბრალდება მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი საჯარო უთანხმოება ავღანეთში გაეროს მთავარ წარმომადგენელსა და თანამდებობიდან ახლახან გათავისუფლებულ მის ყოფილ მოადგილეს შორის მოხდა. ყოფილმა მოადგილემ - პიტერ გოლბრაიტმა - გაეროს წარმომადგენელს, კაი ეიდეს, არჩევნების გაყალბების მიჩქმალვაში დასდო ბრალი. ახლა კი საქმე კიდევ უფრო ჩაიხლართა - უკვე თავად ყოფილი მოადგილე, პიტერ გოლბრაიტი, გაეხვია სკანდალში, რომელიც ერაყის ნავთობს უკავშირდება.
ავღანეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელ კაი ეიდესა და მის ყოფილ მოადგილე პიტერ გოლბრაიტს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

გოლბრაიტი გაეროს მისიიდან ამ თვის დასაწყისში გაათავისუფლეს - მას შემდეგ, რაც მან თავის ხელმძღვანელს, მაღალი რანგის ნორვეგიელ დიპლომატ კაი ეიდეს, ავღანეთის არჩევნების თანმდევ დარღვევათა მასშტაბის მიჩქმალვაში დასდო ბრალი.

ეიდე ბრალდებას გაბრაზებით გამოეხმაურა. მან დაიცვა თავისი რეპუტაცია, თუმცა იქვე აღიარა, რომ არჩევნებში დარღვევები მართლაც იყო. მაგრამ, ეიდეს განცხადებით, გოლბრაიტი, რომელიც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩია, ვერ შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ გაყალბება, მართლაც, 30 პროცენტს უტოლდებოდა.

ახლა კი ამ ისტორიაში ახალი გარემოება გაჩნდა: გოლბრაიტი თავად აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში და მისი რეპუტაცია, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეილახოს.

სკანდალი ნორვეგიაში ვითარდება - იქ, სადაც გოლბრაიტი ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

გასულ კვირაში ნორვეგიის წამყვანმა ფინანსურმა გაზეთმა, „დაგენს ნაერინგსლივმა“, გამოაქვეყნა ცნობა, რომ გოლბრაიტმა ერაყის ქურთული რეგიონის ნავთობის საბადოში 5 პროცენტიანი წილი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მაშინ მოხდა, როცა გოლბრაიტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეერთებულ შტატებში მიმდინარე დისკუსიაში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სადამ ჰუსეინის შემდგომი ერაყის მოწყობა.

იმ პერიოდში გოლბრაიტი აქტიურ საჯარო კამპანიას აწარმოებდა ქურთებისთვის მაქსიმალური ავტონომიის გამოყოფის მოთხოვნით. 2005 წელს ის ერაყელ ქურთებს კონსტიტუციის პროექტის დაწერაშიც დაეხმარა - პროექტი მოიცავდა პუნქტს, რომ რეგიონში ნავთობის განვითარება ქურთების ხელში უნდა დარჩენილიყო.

ამ ამბის შესახებ ორშაბათს შეერთებული შტატების ყოველდღიურმა გაზეთმა „ბოსტონ გლოუბმაც“ დაწერა. გაზეთი წერს, რომ ერაყის ომის წინა პერიოდში გოლბრაიტი შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილის, პოლ ვოლფოვიცის, მრჩევლად მუშაობდა.

2003 წელს მან სახელმწიფო სამსახური დატოვა და ქურთ პოლიტიკოსებთან დაიწყო თანამშრომლობა. ორმაგი როლი, რომელსაც, როგორც ირკვევა, გოლბრაიტი ერაყში თამაშობდა, კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, პრობლემები ეთიკის თვალსაზრისით ჩნდება.

„ორმაგი როლი პრობლემურია, უწინარესად, იმ დისკუსიის კონტექსტში, რომელიც 2005-2007 წლებში მიმდინარეობდა და ამერიკის მიერ გატარებულ პოლიტიკას ეხებოდა. მაშინ გოლბრაიტი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო მათ შორის, ვინც ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკის ე.წ. ალტერნატივაზე მუშაობდა. ამ ალტერნატივის მთავარი ასპექტი კი ერაყის რადიკალურ დეცენტრალიზაციაში მდგომარეობდაო“, -ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ნორვეგიული ინსტიტუტის ანალიტიკოსი და ერაყის საკითხების ექსპერტი რეიდერ ვისერი და დასძენს: „ახლა ირკვევა, რომ მას დამატებით სხვა, საკუთრებასთან დაკავშირებული, ბიზნეს-ინტერესი ამოძრავებდა იმ ნავთობის საბადოს მიმართ, რომლის სამომავლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტატუსს უშუალოდ განსაზღვრავდა მისი რეკომენდაციები. ამდენად, ჩემი აზრით, საქმე ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვსო.“

„ბოსტონ გლოუბის“ ორშაბათის ნომერში თავად გოლბრაიტი ინტერესთა კონფლიქტის არსებობას არ აღიარებს - აცხადებს, რომ იმ პერიოდში ის უკვე კერძო პირის სტატუსით მუშაობდა.

„ბიზნეს-ინტერესი, ისევე როგორც ქურთისტანში ჩემი ინვესტიცია, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებთან შესაბამისობაში იყო“, - უთხრა გოლბრაიტმა გაზეთს. - „ამ ყველაფერს ხელს ვუწყობდი და ამან საგრძნობი სიკეთე მოუტანა ქურთისტანის ხალხს, ნავთობის ინდუსტრიას და ასევე მეწილეებსო.“

ხმები, რომ გოლბრაიტს ერაყში ფინანსური ინტერესები ჰქონდა, წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. ამის დამტკიცება ნორვეგიის გაზეთმა შემთხვევით შეძლო. თავიდან, გაზეთის მიერ დაწყებული გამოძიება ნორვეგიულ ნავთობის ფირმა „DNO“-ს ეხებოდა და ამ გამოძიების პროცესში კორესპონდენტები გოლბრაიტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გადააწყდნენ.

2005 წლის ერაყის კონსტიტუციის მიღების შემდეგ მიმდინარეობს მჯელობა კანონზე, რომელმაც ბაღდადსა და ერაყის ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობას შორის ნავთობის მენეჯმენტთან მიმართებით უფლებები უნდა განსაზღვროს,თუმცა ამ დისკუსიას ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG