Accessibility links

კონსტანტინე გამსახურდია დეპუტატობას უბრუნდება


კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია

პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში ბრუნდება. გადაწყვეტილების შესახებ მან 23 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამ განცხადების თანახმად, იგი მზადაა აღიდგინოს დეპუტატის უფლებამოსილება და აქტიურად ჩაერთოს ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებათა შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში.

პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია არასაპარლამენტო ოპოზიციაში პირველია და ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება მიიღო და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენაზე დათანხმდა. ახლა საჭიროა მან პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურა გაიაროს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართოს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის შემდეგ კი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა პლენარულ სხდომაზე მოხდება.

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სიით გასულ დეპუტატებს დახეული მანდატების აღდგენისა და დეპუტატის უფლებამოსილების დაბრუნების საშუალებას აძლევს, დაახლოებით ერთი თვის წინ დამტკიცდა. ცვლილების თანახმად, 2010 წლის 1 იანვრამდე იმ პირებს, რომელთაც, არჩევნების შედეგების გაყალბების მოტივით, 2008 წლის 7 ივნისს დემონსტრაციულად მაკრატლით დაჭრეს მანდატები, გადაწყვეტილების შეცვლის შანსი ეძლევათ. ცვლილება ვრცელდება 10 ოპოზიციონერ დეპუტატზე -ლევან გაჩეჩილაძეზე, კობა დავითაშვილზე, ეკა ბესელიაზე, გუბაზ სანიკიძეზე, გიორგი ხაინდრავაზე, მანანა ნაჭყებიაზე, ფიქრია ჩიხრაძეზე, მამუკა კაციტაძეზე, ზვიად ძიძიგურსა და კონსტანტინე გამსახურდიაზე. კონსტანტინე გამსახურდიამ, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკური ვითარების ადეკვატური გადაწყვეტილება ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღო. იგი მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციების რესურსი ამოწურულია და ახლა პარლამენტის ტრიბუნის გამოყენების დრო დადგა.

კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტსგარეთა ოპოზიციასა და მათ მიერ ინიცირებულ აქტივობებთან ურთიერთობის შენარჩუნებას აპირებს, დეპუტატობის პირველ ეტაპზე არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ გეგმავს და ფიქრობს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშაოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღება, უკანონო პატიმრები, პოლიტპატიმრები და სხვ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კი, რამაც კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნება გადააწყვეტინა, ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, დაღუპვის ფაქტების დამდგენი საპარლამენტო კომისიის შექმნაა. კომისია, 11 კაცის შემადგენლობით, 2 კვირის ვადაში უნდა დაკომპლექტდეს. მოსალოდნელია თუ არა, რომ კომისიას სათავეში ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, ჩაუდგეს? დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის აზრით, ეს კომისიის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. აქვე დეპუტატი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„გამოითქმის ძალიან ბევრი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებს კონსტანტინე გამსახურდია თავისი ნათესაური სიახლოვის, მამა-შვილობის გამო, იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი. მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება არ იყოს განსაკუთრებული ინტერესთა კონფლიქტი იმდენად, რამდენადაც თვითონ კონსტანტინე გამსახურდია არ იყო მჭიდროდ დაკავშირებული ზვიად გამსახურდიას ბრძოლასთან, განსაკუთრებით 1991-92 წლებში, შემდგომ უკვე - გროზნოში ზვიად გამსახურდიას ყოფნის პერიოდში, სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას ყოფნის პერიოდში. ამდენად, მგონია, რომ შეიძლება ის იყოს სწორედაც რომ მიუკერძოებელი.“

ნუგზარ წიკლაური, ისევე როგორც პარლამენტის პრაქტიკულად სრული შემადგენლობა, კონსტანტინე გამსახურდიას საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას მიესალმება და არ გამორიცხავს, რომ ეს ნაბიჯი პოზიტიურ იმპულსად იქცეს მათთვისაც, ვინც 2008 წელს პარლამენტში მუშაობაზე ნებაყოფლობით თქვა უარი. გახდება თუ არა გადამდები კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილება დანარჩენი 9 პოლიტიკოსისთვის? საჯარო განცხადებებში მათგან ჯერჯერობით მხოლოდ კატეგორიული უარი ისმის.
XS
SM
MD
LG