Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს არ ემსხვერპლება ამერიკის მოკავშირეთა ინტერესები


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ გააქარწყლა აღმოსავლეთ ევროპელთა შიში ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში და დაარწმუნა ისინი, რომ ვაშინგტონი მათ ხარჯზე არ აპირებს მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამ თემას შეეხო იგი პრაღაში ჩვენი რადიოს კორესპონდენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამავე დროს მან ისაუბრა სხვა მოკავშირეებზეც, მათ შორის საქართველოზე, რომელსაც ასევე არ უნდა ეშინოდეს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის გარიგებით დაზარალდება.

ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკას სურს ურთიერთობების „ხელახლა დატვირთვის ღილაკს“ დააჭიროს, მაგრამ არა „მეხსიერების წაშლის ღილაკს.“

მისი თქმით, ამერიკამ რუსეთს სრულიად მკაფიოდ გააგებინა, რომ არსებობს ორი საკითხი, რომლებზე ვაჭრობაც გამორიცხულია.

ვიცე-პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ შეეგუება მოსკოვის მცდელობას, ყოფილ საბჭოთა სივრცეში გავლენის სფერო დაიმკვიდროს და, ამავე დროს, არ შეეგუება იმას, რომ კრემლს ვეტოს უფლება ჰქონდეს რომელიმე ქვეყნის მისწრაფებაზე, შეუერთდეს ნებისმიერ ალიანსს, რომელსაც თავად აირჩევს.

პრაღამდე ჯო ბაიდენი ვარშავასა და ბუქარესტში იმყოფებოდა. აღმოსავლეთევროპული ტურნეს მიზანი იყო, გაექარწყლებინა შიში, რომ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება, შეაჩეროს ბუშის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსება, არ ნიშნავს კაპიტულაციას მოსკოვის მიმართ, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ სისტემის შექმნას. პარასკევს ჩეხეთის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს ობამას მიერ წამოყენებულ ახალ ანტისარაკეტო გეგმაში. მანამდე პოლონეთმაც განაცხადა თანხმობა ამ გეგმაში მონაწილეობაზე.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ამერიკის „წარმოუდგენელი, უნივერსალური, გლობალური“ ვალდებულებები არ ნიშნავს, რომ მას ნაკლები დრო რჩება აღმოსავლეთ ეროპისთვის:

„ჩემი უწყება მარტივია: სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ მომავალშიც ღრმად ვიყოთ ჩართული ევროპის საქმეებში. ვინაიდან ამ ვალდებულებების შესასრულებლად გვესაჭიროება უსაფრთხო, მთლიანი, თავისუფალი ევროპა, რომელიც ფართოვდება.“

ინტერვიუში ბაიდენი მთელ რიგ საკითხებს და სფეროებს შეეხო. ისაუბრა რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე, სამხრეთ კავკასიაზე, ავღანეთზე, პაკისტანსა და ირანზე.

მისი თქმით, რუსეთი ამჟამად იმყოფება შემოტრიალების წერტილში, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავისი ახალი იდენტობის, ახალი როლის შესახებ.

„როგორც რეალისტი, რუსეთს ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ. მოველი, რომ მომავალი ათწლეულის მანძილზე რუსეთი გადაწყვეტს, რომ მის ინტერესებში შედის უფრო მეტად ინტეგრირება, ვიდრე საპირისპირო კურსი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს რუსეთში. დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომლებშიც კომპრომისს არ დავუშვებთ,“ თქვა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.

ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვს შეუძლია გადალახოს ავტორიტარული მმართველობის სტილი და კონფრონტაციული საგარეო პოლიტიკა, რომელიც დომინირებდა კრემლში უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე.

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ბაიდენმა ოპტიმისტურად ისაუბრა სამხრეთ კავკასიაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამყარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის დომინანტურ პოზიციებს.

მისი თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა თურქეთსა და სომხეთს შორის შერიგების პროცესი და მთიანი ყარაბაღის თაობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები:

„ჩემი თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხალხი იწყებს იმის გაცნობირებას, რომ უფრო მეტი თანამშრომლობა ხელსაყრელია მათთვის. ეს არა სიყვარულითა და სიმპათიით, არამედ აუცილებლობითა და შესაძლებლობითაა განპირობებული.“

ავღანეთზე საუბრისას ბაიდენმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მზადყოფნა, 7 ნოემბერს განმეორებით ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა მასა და მის მთავარ მეტოქეს, აბდულა აბდულას შორის.

ბაიდენი შეეხო ვითარებას პაკისტანში. მისი თქმით, თალიბებისა და ალ-ყაიდის მზარდი აქტიურობის მიუხედავად, პაკისტანში წარმატება შეინიშნება ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვიცე-პრეზიდენტი შეეხო ირანსაც და თქვა, რომ ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების წარმოებისას ამერიკა არასოდეს დაივიწყებს პრობლემებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში.
XS
SM
MD
LG