Accessibility links

logo-print

16 გრემისხეველი ისევ გატაცებულია


საქართველოსა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პირობითი საზღვარი

საქართველოსა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პირობითი საზღვარი

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან გატაცებული 16 ქართველი საკუთარ ოჯახებს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და კომუნიკაციების სამინისტრომ დაკავებულთა გვარები გამოაქვეყნა. ესენი არიან: გრემისხეველები - როინ პეტრიაშვილი, ზვიად ბიზიკაშვილი, დავით პაპუკაშვილი, ვანო კუსრაშვილი, სულიკო კუსრაშვილი, ზაურ ბიზიკაშვილი, გიორგი პეტრიაშვილი, გიორგი პაპუკაშვილი, მერაბ მელიქიშვილი, ვიტალი თვაური, გურამ საღირაშვილი, ემზარ გიგაური, ალექსანდრე გიგაური, თემურ საღირაშვილი, ასევე თბილისელები - ლევან თამარაშვილი და გიგა გვახარია.

თვითმხილველების თქმით, მათი თანასოფლელები იმ რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა აიყვანეს, რომლებიც საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პირობით საზღვარს აკონტროლებდნენ.

ინფორმაცია კვირას მომხდარი ფაქტის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად დღეს გაავრცელა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საქართველოს 16 მოქალაქე, რომელთა გასათავისუფლებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. მისივე თქმით, გატაცებული ქართველების განთავისუფლებში საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის მისია ჩაერთვება.

16 ქართველის კვირას, შუადღისით დაკავების ინფორმაცია დღეს გაავრცელა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამაც. ცხინვალის სააგენტო რეს-ს დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა მერაბ ჩიგოევმა განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებმა დააკავეს. ჩიგოევის ინფორმაციით, ქართველები ხე-ტყის უკანონოდ ჭრისა და საზღვრის დარღვევის გამო დააპატიმრეს და იმყოფებიან ახალგორის პროკურატურაში, სადაც მომხდარი ფაქტის შემოწმება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG