Accessibility links

ოსები და ქართველები დაკარგულებს ეძებენ


სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მოსახლეობა 2 თვის წინ გატაცებული თანასოფლელების ოჯახებში დაბრუნებას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან დაკავებულთა გასათავისუფლებლად დახმარება ითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვითა და პერმანენტული აქციების მოწყობით დაიმუქრნენ.

ახალგორის ტყეში შეშის მოსაჭრელად გასული 6 ქართველი, რუსმა მესაზღვრეებმა, დაახლოებით, 2 თვის წინ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ხე-ტყის უკანონო ჭრისა და საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს.

ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულებს ხე-ტყის კონტრაბანდის ბრალდება მოუხსნეს და მხოლოდ საზღვრის უკანონო გადალახვის ბრალდება დაუტოვეს.

დაკავებული ლამისყანელების ნათესავები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ძალისხმევით 16 გრემისხეველისა და 5 ჭვრინისელის გათავისუფლება მოხერხდა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მათაც საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებას უყენებდა. ლამისყანელებისთვის გაუგებარია, 2 თვის წინ იმავე ბრალდებით დაკავებულ მათ ნათესავებს რატომ არ ათავისუფლებენ და მიიჩნევენ, რომ კოკოითის ხელისუფლებას ისინი მძევლად ჰყავს.

იგივე მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იმართება ცხინვალშიც. იქ, ერთი წლის წინ, უგზო-უკვლოდ დაკარგული დე ფაქტო რესპუბლიკის 5 მოქალაქის მოძიებას ითხოვენ. დაკარგულთა ნათესავები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილეები პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა მიიღო. მან დაკარგულების ნათესავებს პირობა მისცა, რომ ამ საკითხს ჟენევის დისკუსიის დროს მკაცრად დასვამს. ჩოჩიევი დაკარგულ ოს მოქალაქეებს ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს. ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას მან ქართულ მხარეს დაკარგულთა მოძიება კატეგორიულად მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი ზომების გატარებით დაიმუქრა.

ქართული მხარე ოსი მოქალაქეების გატაცების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევს. ერგნეთის ბოლო შეხვედრის დროს დაკარგულების შესახებ, რადიო თავისუფლების კითხვაზე, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მათ კვალს ქართველი სამართალდამცავები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი 11 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველების გათავისუფლების საკითხს დააყენებს, ოსური მხარე კი - დე ფაქტო რესპუბლიკის დაკარგული მოქალაქეების მოძიებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
XS
SM
MD
LG