Accessibility links

logo-print

დევნილები თვითშემოქმედებით ინკურნებიან


სკრას დასახლებაში დევნილმა ბავშვებმა კონცერტი გამართეს

სკრას დასახლებაში დევნილმა ბავშვებმა კონცერტი გამართეს

სკრას დასახლებაში, არასამთავრობო ორგანიზაციის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ბავშვების დახმარებით, კონცერტი გამართეს. ერთი თვის წინ, ასეთივე ღონისძიება, შავშვების დასახლებაშიც გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაია ხუნდაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, დევნილთა ჩასახლებებში დეპრასიული ფონი მაინც მაღალია, რაც კონფლიქტების წარმოქმნას უწყობს ხელს. მისი აზრით, ადგილობრივი ძალებით კონცერტების მოწყობა კარგი ფსიქო სარეაბილიტაციო კურსია.

ფსიქოლოგების ინიციატივას დასახლების ბავშვები დიდი სიხარულით აჰყვნენ და საკუთარი შესაძლებლობებიც გამოავლინეს. ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ანა ხმიადაშვილის თქმით, ომის შემდეგ მათ დასახლებაში სიმღერის ხმა პირველად გაისმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ზაურ ზუბაშვილმა თანასოფლელებს საკუთარი ლექსები წაუკითხა
პატარებთან ერთად კონცერტში დიდებიც ჩაერთვნენ. ხეითიდან დევნილმა ზაურ ზუბაშვილმა თანასოფლელებს საკუთარი შემოქმედება პირველად წარუდგინა.

ზაურ ზუბაშვილი ომამდე იუმორისტულ ლექსებს წერდა, ომის შემდეგ მისი შემოქმედების თემატიკა შეიცვალა. ახლა ომზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევს და ღამ-ღამობით ხშირად ეღვიძება.

ფსიქოლოგების განცხადებით, ომისგან გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური ფონის დასაძლევად გარკვეული დროა საჭირო. ორგანიზაციის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ წარმომადგენლები სხვადასხვა დასახლებებში სარეაბილიტაციო კურსს მომავალშიც გააგრძელებენ.

დევნილთა დასახლებებში ფსიქოლოგების დახმარების პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს.
XS
SM
MD
LG