Accessibility links

შარშანდელმა - 2008 წლის - აგვისტოს ომმა საქართველოს ხელისუფლებას ნათლად დაანახვა სამხედრო ძალების სუსტი და ძლიერი მხარეები - რაც მთავარია, დაანახვა სამხედრო მშენებლობაში მის მიერვე დაშვებული შეცდომები. ხელისუფლების ბოლო ინიციატივები ცხადყოფს, რომ ის საკუთარი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. თუმცა არის მეორე უკიდურესობაში გადავარდნის საფრთხე.

საქართველოს არმიაში 6 წელია გაუქმებულია აღმზრდელობითი მუშაობის განყოფილება, რომელსაც სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცის სულიერ და პატრიოტულ აღზრდაზე ზრუნვა ევალებოდა. თუმცა ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. წინა წლებში “სამხედრო აღმზრდელების” მთელი ფუნქცია ამოიწურებოდა პირადი შემადგენლობისათვის პატრიოტული ფილმების ჩვენებით, მწირი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებითა და სამწყობრო სიმღერებისათვის პრიმიტიული მხატვრული და პატრიოტული დატვირთვის მქონე ტექსტების დაწერით.

ადე, ნუ გძინავს, მალხაზი!


ყურში ახლაც ჩამესმის ხოლმე ცალკეული სიტყვები ასეთი სამწყობრო სიმღერებისა, რომლებსაც 2001-2002 წლებში სამხედრო პოლიგონებსა თუ პლაცებზე გაიგონებდით.

“ადე, ნუ გძინავს, მალხაზი, თორემ მოვიდა აფხაზი”...

ან ასეთი: “აფხაზი თუ ოსი, შენ რომ ძმად მიგაჩნდა, ყველამ შენ გაგყიდა, ყველამ გიღალატა. ჰე, ჩემო ტკბილო საქართველო! ჰე, ჩემო კარგო საქართველო! ჰე, შენ გაიხარე!”

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ არმიაში სამხედრო აღმზრდელის შტატი გაუქმდა. ზოგიერთ ბრიგადას, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა, ბრძოლის ველზე ახლდა სამხედრო მოძღვარი, საპატრიარქოს მიერ დანიშნული მართლმადიდებელი სასულიერო პირი. თუმცა ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი, რადგან ნატოს სტანდარტების არმიები უპირატესობას ანიჭებენ კაპელანის ინსტიტუტს - კაპელანის, რომელიც არის სასულიერო პირი, სამხედრო ფორმაში. ქართველ მართლმადიდებელ მოძღვრებს კი სამხედრო ფორმის ჩაცმას ეკლესია უკრძალავს. ერთი სიტყვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირადი შემადგენლობის როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ აღზრდაზე მეთაურები ზრუნავენ - მეტწილად, ბატალიონის უფროსი სერჟანტები, რომლებსაც ეს ბევრად უფრო ბუნებრივად და ადამიანურად გამოსდით, - ვიდრე სამხედროფორმიან “პოლიტხელებს” ან ლოყებწითელა კაპელანებს, - როგორც, მაგალითად, სერჟანტ ხმალაძეს, დოკუმენტური ფილმიდან “უცნობი ჯარისკაცები.”

“ჩვენ არა ვართ დამპყრობელი ერი, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს. თქვენ იზრდებით იმისთვის, რომ თქვენი სამშობლო დაიცვათ. მეც ეგრე გავიზარდე და მამაც ეგრე მასწავლიდა. და მამაჩემს თავისი მამა ასწავლიდა. ჩვენი წინაპარი იყო მეომარი და ჩვენ ვართ მეომრები, სულით მეომრები და გულით მეომრები. და ვართ ვაჟკაცები და არა დედლები. Fფორმას რომ ჩაიცვამს ადამიანი, ქართველი ჯარისკაცი, ის უკვე იმ წამიდან და იმ წუთიდან დგას საქართველოს სადარაჯოზე. გასაგებია? - დიახ!”

შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ იდეოლოგიური სამსახურის აღორძინება არც თავდაცვის მინისტრის ახალ ხედვაში ფიგურირებს. თანაც, ჯარისკაცს დღეს თუ რაიმე აკლია, სწორედ სანდო და გამოცდილი მეთაურები, რომლებიც არც საველე პოლიგონებზე მიატოვებენ პირად შემადგენლობას და არც ბრძოლის ველზე, როგორც ეს, უამრავი თვითმხილველის ნაამბობის თანახმად, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოხდა.

მაგრამ პოლიტიკოსებს რატომღაც იდეოლოგიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

ასე მაგალითად, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თორთლაძემ ხუთშაბათს საკანონმდებლო ორგანოში მისულ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას სამხედრო უწყებაში იდეოლოგიური ჯგუფის შექმნა და “ჯარის იდეოლოგიის” განსაზღვრა ურჩია. ოპოზიციონერის სტატუსის მიუხედავად, გიორგი თორთლაძე აგვისტოს ომის შემდეგ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს ლობირებს, რომლებიც სავსებით შეესაბამება საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესებს - მაგალითად, პატრიოტის აქტისა და ლუსტრაციის კანონის მიღებას. ამიტომ პარლამენტარ თორთლაძის მოთხოვნა, თავდაცვის სამინისტროში შეიქმნას იდეოლოგიური ჯგუფი, დიდი ალბათობით, მალე შეისხამს ფრთებს. თუმცა მანამდე ჩვენ ვკითხეთ ბატონ თორთლაძეს, თუ როგორ ესახება ამ იდეოლოგიური ჯგუფის მუშაობა და რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი არმიის იდეოლოგებმა:

“საბრძოლო ისტორიის ცოდნა; საერთოდ, ისტორიისა და ისტორიული თარიღების ცოდნა. - თუმცა ისტორია მხოლოდ თარიღების ცოდნა არ არის. - მებრძოლი სულისა და საბრძოლო სულის ამაღლება, რომ ადამიანი იყოს მოტივირებული. ბევრი საკითხის ერთობლიობაა. ყველას ვერ ჩამოვთვლი.”

მთავარი იდეოლოგის შოკის მომგვრელი ისტორიები

შეიძლება მე ვცდები, მაგრამ საქართველოში არ მეგულებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ერთად შეიკრიბებიან სამხედრო ნაწილებში, კარდაკარ ივლიან და ჯარისკაცებს საბრძოლო სულს აუმაღლებენ. ამ შემთხვევაში იდეოლოგიური ჯგუფის შეგონებები, ნინი ბადურაშვილის და ზუმბას პატრიოტული სიმღერები საქმეს ვერ უშველის. საბრძოლო სულისკვეთებას, არმიაშიც და მოსახლეობაშიც, აამაღლებს თუნდაც მცირე ძლევამოსილი ბრძოლა, რომლის მსგავსი საქართველოს არმიას აღარ გადაუხდია 1993 წლის გუმისთის და ტამიშის ოპერაციების შემდეგ. მეორე პრობლემა ისაა, თუ რატომ უნდა გადაიხადონ ქართველმა გადასახადის გადამხდელებმა ზედმეტი ფული არმიაში იდეოლოგიური განყოფილებების შექმნაზე, როდესაც ჯარისკაცებს თითქმის ყოველდღე შეუძლიათ პირდაპირ ეთერში უსმინონ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, რომელიც ომის შემდგომ გამოსვლებში დიდ ადგილს უთმობს პატრიოტულ თემატიკას, საქართველოს უახლესი ისტორიის ნაკლებად ცნობილ ფაქტებს და, როგორც თავად ამბობს, შოკის მომგვრელ წიაღსვლებს ქართველი მხედართმთავრებისა და მეფეთა ბიოგრაფიიდან.

...ძალიან ბევრი ეროვნული მოღვაწე საქართველოსი, მაგალითად, თამარ მეფე, აღარ ვლაპარაკობ დავით სოსლანზე და სხვებზე, წარმოშობით, ეთნიკურად, მეტწილად, იყვნენ ოსები...
“ძალიან ბევრი შოკირებული იყო, როცა მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ძალიან ბევრი ეროვნული მოღვაწე საქართველოსი, მაგალითად, თამარ მეფე, აღარ ვლაპარაკობ დავით სოსლანზე და სხვებზე, წარმოშობით, ეთნიკურად, მეტწილად, იყვნენ ოსები. ზოგი იყო აფხაზი, ზოგი იყო ყივჩაღი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი, ისევე როგორც დღევანდელი სომხები, ვინც გააჩერეს ტანკები ჯავახეთის შესასვლელში, კაპრალი მარგიევი, რომელიც დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, და ბევრი სხვა ეთნიკური ოსი, - ისინი შეადგენენ ერთიანი საქართველოს ისტორიას”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 6 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს. იმავე სასწავლებლის კედლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას გაუმხილა ახალი და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გეგმა, რომლის განსახორციელებლად, ალბათ, ნამდვილად ღირს თანხის გაღებაც და ენერგიის დახარჯვაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩანს უკიდურესობაში გადავარდნის ტენდენცია:

“ჩვენ ვქმნით ხელახლა, ოღონდ სერიოზულად, კადეტთა კორპუსებს. რამდენიმე ათასი ბავშვი წავა იქ, 14 წლის ასაკიდან ბავშვები მომზადდებიან ოფიცრებად 4 წლის განმავლობაში. კარგად ვაჭმევთ, კარგ ფორმებს ჩავაცმევთ, რაც ქვეყანაში ე.წ. კადეტთა კორპუსის, ანუ პირველადი სამხედრო სასწავლებლების შექმნას ითვალისწინებს. ყველა არ გამოვა ოფიცერი, მაგრამ მათი უმეტესობა გამოვა. და თუ არ გამოვა, ყოველ შემთხვევაში, სამხედრო მენტალიტეტი მათთვის უცნობი არ იქნება. არ შეიძლება საქართველოში, როგორი თანამედროვეც არ უნდა გავხდეთ, ჩვენ არ გვყავდეს ძლიერი შეიარაღებული ძალები, თუ არ გავზრდით ოფიცრებს.”

არ ვიცი რამდენი ათასი ოფიცერი სჭირდება 35 ათასკაციან ქართულ არმიას, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ზუსტად 4 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ხელი მოაწერა ბრძანებას ორხევში მდებარე კადეტთა სასწავლებლის გაუქმების შესახებ. მაშინ პრეზიდენტმა უსიტყვოდ დაუჯერა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც კადეტთა სასწავლებელს “ნუცას სკოლა” უწოდა და ერთ დღეში ქუჩაში გაყარა აცრემლებული აღმზრდელებიც და აღსაზრდელებიც. არადა, სულ რომ არაფერი ყოფილიყო, 2005 წელს კადეტთა კორპუსში სწავლობდა 20-მდე მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვი, რომლებიც ბედნიერები იყვნენ იმით, რომ ქუჩას გამოგლიჯეს და მისცეს შანსი, ქვეყნის მომავალ ოფიცრებად აღზრდილიყვნენ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინ ყურად არ იღო იმ რამდენიმე ჟურნალისტის აზრი, რომლებიც მაშინ სწორედ იმას ამტკიცებდნენ, რომ კადეტთა კორპუსის განადგურება ქვეყანას ძვირად დაუჯდებოდა.

მაგრამ დღეს, როცა ქვეყანა კვლავ ახალი აგრესიის საფრთხის წინაშე დგას, ძველის გახსენება ხეირს არავის დააყრის.

მით უფრო, რომ სულ მალე საქართველოს ხელისუფლება აპირებს აღადგინოს არა მხოლოდ კადეტთა კორპუსი, არამედ ააღორძინოს ოფიცერთა მომზადების მრავალსაფეხურიანი სისტემაც თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, რომელიც 4 წლის წინ ხელის ერთი მოსმით თავადვე გააუქმა, როგორც უსარგებლო და დრომოჭმული საბჭოთა გადმონაშთი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG