Accessibility links

logo-print

არასაპარლამენტო ოპოზიციამ დიპლომატები სასამართლოში მიიპატიჟა


არასამთავრობო ორგანიზაციებმა და არასაპარლამენტო ოპოზიციამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ პოლიტპატიმართა 50 კაციან სიაზე მუშაობა დაასრულეს. 7 დეკემბერს სია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცეს და უახლოეს დღეებში დაგეგმილ რამდენიმე პოლიტპატიმრის სასამართლო პროცესზე მონიტორინგის მიზნით დასწრება სთხოვეს.

2009 წლის 9 აპრილის აქციების შემდეგ პოლიტპატიმრების სიაში ადამიანთა რაოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა. ე.წ. პოლიტპატიმრები ამ სიას ხან ემატებოდა, ხან პირიქით. პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანების სიის შედგენაზე უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მუშაობდნენ. 7 დეკემბერს არასაპარლამენტო ოპოზიციამ ეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. ბოლო ვერსიით, მასში 50 ადამიანია შესული.

კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, აცხადებს, რომ სიას ხელს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ხუთი ოპოზიციური პარტია აწერს. მისი სიტყვებით, ამ სიას 9 აპრილის შემდეგ ბევრი ადამიანი მოაკლდა - მათ დატოვეს საპყრობილეები. ხელმომწერი და სიაზე მომუშავე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ”ადამიანის უფლებათა ცენტრიც”. მისი აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფაქტს საქართველოში არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ და ამის მაგალითად ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მომზადებული ანგარიში მოჰყავს, რომელშიც დადასტურებულია საქართველოში 8 პოლიტპატიმრის არსებობის ფაქტი:

”ეს 50 კაციანი სია უკვე შეჯერებული ვარიანტია, მასში არა მხოლოდ 9 აპრილის აქციების დროს დაპატიმრებული ადამიანები შევიდნენ, არამედ წლების წინ - მაგალითად, 2006-ში - დაკავებული ე.წ. გიორგაძის მომხრეები. ამ სიაში კვლავ რჩება ემზარ კვიციანის და - ნორა კვიციანი, ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს დაკავებული კობა კობალაძე და სხვები.. ”

არასაპარლამენტო ოპოზიციამ 7 დეკემბერს დიპლომატიურ კორპუსს უახლოეს დღეებში დაგეგმილ სამ სასამართლო პროცესზე მათი წარმომადგენლების დასწრებაც სთხოვა. კახა კუკავას აზრით, ეს ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ სასამართლო ყველა სამართლებრვი ნორმის დაცვით წარიმართება:

”ჩვენ ვიწყებთ მონიტორინგს სასამართლო სხდომებზე - არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც - და იმედი გვაქვს, რომ დიპლომატიური კორპუსის ნაწილიც შემოგვიერთდება.“

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორის უჩა ნანუაშვილის თქმით, არასამთავრობოების მთავარი მიზანი ამ მიმართულებითაც საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ინფორმირებაა.

სხვათა შორის, პოლიტპატიმრების თემაზე კითხვა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულების დირექტორს ჟან ლუი ლორანსაც დაუსვეს სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც მან განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევაში იმ ადამიანებმა, ვინც პოლიტპატიმრების არსებობაზე საუბრობენ, სტრასბურგის სასამართლოს უნდა მიმართონ:

”პოლიტიკური პატიმრის ცნება უცხოა დემოკრატიული სისტემის ნებისმიერი კონცეფციისათვის. წარსულში ევროსაბჭოში გვქონდა ვითარება, როცა უნდა განგვეხილა იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად იყვნენ მიჩნეულნი. მაშინ ჩამოყალიბდა კრიტერიუმები იმის დასადგენად, ვინ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად. ეს იყო შემთხვევები, რომლებიც ვერ მოექცეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში, რადგან ეს ქვეყნები არ იყვნენ მიერთებული კონვენციას და ამ მიზეზით ეს შემთხვევები ექსპერტებს უნდა განეხილათ. ამიტომაც ერთხელ ჩვენ მოგვიხდა ასეთი შემთხვევების განხილვა. კონკრეტული შედეგის შესახებ ახლა დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ. ასე რომ, თუკი დღეს არის მსგავსი შემთხვევები, როცა ვიღაც აცხადებს, რომ ადამიანი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო იდევნება, უნდა მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს.”
XS
SM
MD
LG