Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევს საქართველოსთან ურთიერთობა სურს, სააკაშვილთან - არა


დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი, მედია ფორუმზე მოსკოვში
დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი, მედია ფორუმზე მოსკოვში
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობა მოსკოვს არ დაუნგრევია. სააგენტო რია-ნოვოსტის მიერ ორგანიზებულ მედია-ფორუმზე გამოსვლისას მედვედევმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან და მისი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან კონტაქტს კვლავ არ აპირებს, რადგან ისინი მოვლენებს სრულიად განსხვავებულად აფასებენ. ”თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა ურთიერთობა მომავლისთვის უნდა გადავდოთ” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მედვედევი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის და პირდაპირი ავიარეისების განახლების მხრივ განსაკუთრებულ ბარიერებს ვერ ხედავს. საქართველოსთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმი კი, მისივე თქმით, შესაძლოა, ერთ დღეს აღდგეს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში კანონიერად შეტანილი ქართული პროდუქციის რეალიზაცია პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

მედვედევის განცხადებების პარალელურად რუსეთის პროვოკაციული მოქმედებების გამო, საქართველოს პარლამენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი გასაგზავნი სპეციალური განცხადების პროექტი მოამზადა. მასში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე გრძელდება. პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, რუსეთის უკანონო მოქმედების აღსაკვეთად. სპეციალურ განცხადებას საქართველოს პარლამენტი პარასკევს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე დამკვირვებლებს გაგზავნის.“იტარ-ტასის” ცნობით, ამის შესახებ სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი ოსტროვსკიმ განაცხადა. 7-წევრიან დელეგაციაში დუმის ყველა ფრაქციის წევრი შევა. დელეგაციას თავად ოსტროვსკი უხელმძღვანელებს. რუსი დეპუტატები აფხაზეთში 10-დან 13 დეკემბრამდე დარჩებიან და არჩევნების მომზადებას, მსვლელობას და ხმების დათვლას დააკვირდებიან.
XS
SM
MD
LG