Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო ავიარეისები, შესაძლოა, არ შედგეს


საახალწლოდ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულების საკითხი კვლავ გაურკვეველია. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოკუჩავამ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ რუსეთის მიმართვა კომპანია ”აირზენას” შესაბამისი ნებართვის შესახებ, ადმინისტრაციამ მხოლოდ ფაქსით მიიღო, რაც ოფიციალურ წერილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, ქართული მხარე რუსეთისგან წერილს დიპლომატიური არხებით ელის და მიღებისთანავე პასუხს გაგზავნის. ამასთან, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების შესახებ წარუმატებლად დასრულდა, რის მიზეზადაც ქუთაისში ”დიდების მემორიალის” დანგრევა დაასახელა.

გუშინ რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია, უპრეცედენტო შემთხვევაა, ამიტომ რუსეთს საქართველოს მთავრობისგან ფრენების უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

საქართველო-რუსეთს შორის 26 დეკემბრიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შესახებ საბოლოო ინფორმაციას კომპანია ”აირზენა” გუშინ უნდა გაევრცელებინა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას სთხოვა დაუდასტუროს, რომ ”აირზენას” 10 ჩარტერული ავაირეისის შესრულების ნებართვა აქვს. სააგენტო რია-ნოვოსტის რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ისიც აცნობეს, რომ ქართულ მხარეს აერონავიგაციური მომსახურებისთვის დაგროვილი დავალიანებაც შეახსენეს.

XS
SM
MD
LG