Accessibility links

logo-print
19 ივლისი, კვირა
ბოლო დროს ინტერვიუებს გავურბივარ. ხუთი წელია, წიგნიც არ გამომიცია. აბსოლუტურად განხიბლული ვარ იმისგან, რაც ხდება პარნასზე და ქართულ ჟურნალისტიკაში. თუმცა, როდის იყო უკეთესი? და მაინც, ადამიანს დალაგებული ჯოჯოხეთი გირჩევნია დაუწყობელ სამოთხეს. მსმენელი დაიკარგა. ჩვენ მოლაპარაკე ერად ვიქეცით: ყველას იმდენი აქვს თავისი ამოსათქმელი, რომ სხვისი მოსმენა აღარ შეუძლია. ჟურნალისტებმა პროკურორის ფუნქციები იტვირთეს, თანაც ხალისით. კალამი ყასბის დანას გაუთანაბრდა. “ჟურნალისტს სქესი არა აქვს!” - გაჰკივიან თავმომწონედ. როგორ გაუშინაურდნენ ამ სახიფათო სიტყვებს! პირველმთქმელს ამ სიტყვებისა სულ სხვა რამ ჰქონდა გუნებაში, უნიჭო თუთიყუშებმა კი აზრი დაუკარგეს ყველაფერს. უბრალო ვარდიც კი „კილერის“ ხელში მკვლელობის იარაღია, როცა კეთილი კაცის ხელში შეიძლება თოფი არც გავარდეს. არ მწამს ბოროტი სიმართლის. ამასთან, სქესი აქვს ყველას და ყველაფერს - ქვასაც, ბალახსაც, სიტყვებსაც კი. ერთ ნაგვისმაძიებელ, ვითომდა ჟურნალისტს ვუთხარი კიდეც: “შვილო, მე და ჩემს მეგობრებს ძვლებს გვიმტრევდნენ, სისხლს გვიშრობდნენ იმ სიმართლისათვის რომელიც უშრომელად მოგეცათ თქვენ ხონჩით. თქვენ კი ჩვენგან წამლად მორთმეული ეს სიმართლე არ იცით, გადაყლაპოთ თუ უკან, სახეში შემოგვაფურთხოთ.” სად იყო უწინ ამდენი გაბედული... ნებადართული გმირობა ხომ გმირობა არ არის!
არადა, ნატას გაწბილება არ შემიძლია. იგი არ ეძებს სხვებივით სკანდალს. არ ცდილობს, მუქთად, სხვის ხარჯზე იშოვოს სახელი. გონიერია და კეთილგანწყობილი. მისი სიმართლე არ კლავს, იგი გაფიქრებს.
დღეს 19 ივლისია, ჩემი ძმის, არქიმანდრიტ ნიკოლოზის დაბადების დღე. ბოლო ხანს იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. არადა, მამაჩემის შემდეგ ის იყო ჩემი პატრონი. მისი მიბაძვით დავიწყე ლექსების წერა.
შფოთიანი ახალგაზრდობა ჰქონდა. როცა ჩვენს თაობაში (ორწლინახევრით უფროსია) პირველმა ჩაიცვა ანაფორა, ბევრს გაუკვირდა. ეს ის მამა ნიკოლოზია, რომელმაც პირველად დალოცა სახალხოდ საქართველოში აზვირთებული ტალღა ეროვნული მოძრაობისა. ეს თბილისის იპოდრომზე მოხდა. მაშინ ცოტანი ვიყავით: ზვიადი, მერაბი, გია, ირაკლი, მამუკა, ირინა, გოგა, ვანიჩკა, იასონი, თემური და სხვები, რომელთა გვარები მშვენივრად იცის საზოგადოებამ. ბათუმში ჩვენ ვიყავით. 1978 წლის 26 მაისის დემონსტრაცია ჩემს კისერზეა. მე და ჩემმა მეგობრებმა მთელი სტუდენტობა ქუჩაში გამოვიყვანეთ და მთავრობის სახლისაკენ დავიძარით. მთელი აჭარა გვერდით დაგვიდგა მაშინ. ტკივილიანი ძმობა გვქონდა.
ბიჭობიდან მოყოლებული, ხან ერთად გვტანჯავდნენ, ხან - ცალ-ცალკე. ეს ცალ-ცალკე უფრო რთული ასატანი იყო. ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა, ამ ასაკში მრცხვენია კიდეც - ლენინის ბიუსტი შემოგველახა. სახეში რიგრიგობით გავულაწუნეთ აჭარის კაგებეში, სადაც ჩვენი ფეხით მივედით. ის - ახალგაზრდა ბერი, მე - ახალგაზრდა პოეტი. ახლა რომ ვუყურებ, ეს სიგიჟე იყო, მაგრამ მიგვიყვანეს იქამდე. დაბნეულმა დაცვამ ოფიცრებს უხმო: ოღონდ წადით, თავი დაგვანებეთო. კომუნისტური რეჟიმი ბოლო წლებს ითვლიდა. მაშინ 1988 წელი იყო, თუ სწორად მახსოვს. მოკლედ, მოსაყოლი ბევრია.
ვიღებ მობილურს და ვურეკავ. მივულოცე, გაუხარდა, რა თქმა უნდა... მეპატიჟება თავისთან მონასტერში: ჩამოდი, დაისვენეო. სანამ დედაჩემი იქ იყო, ავდიოდი და ხანდახან ვრჩებოდი კიდეც. ახლა კი მიჭირს! იქ აღესრულა ჩემი კეთილი დედა, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიგო, თუ რა ჭირდათ ისეთი მის ნიჭიერ და ცნობილ შვილებს, რომ ვერ დალაგდნენ სხვებივით და უკვე ხანშიშესულებიც კი ვერ ირიდებდნენ სახიფათო ახალ-ახალ სახიფათო ისტორიებს.
საოცრება მოხდა, როცა ბათუმში წამოვასვენეთ ჩემი ძმის ახალ სახლში. ჩემი ძველი მეზობლები მოვარდნენ ლერმონტოვის ქუჩიდან. ის ქალიც მოვიდა, ვინც მამისეული ბინა შეიძინა, სადაც გავიზარდეთ. გვეკითხებიან: „რომელ საათზე მოასვენეთ სახლში?“ ვპასუხობთ და ასეთ ამბავს ყვებიან (დრო ზუსტად ემთხვევა): „ვისხედით სახლში, არათუ ქარი, სიოც არ იძვრის გარეთ. კარები დაკეტილია და უცებ, რაღაცამ იგრიალა და შუა კარი - ოთახიდან ოთახში გასასვლელი, რომელიც ასევე დაკეტილი იყო - ანჯამებიდან ჩამოვარდა!“ ეტყობა, დედაჩემის სულმა თავის ძველ ბინას მიაკითხა, ძველ მისამართზე. სიკვდილის წინ ჩემს ძმას მამაჩემთან ერთად ახალგაზრდობაში გადაღებული სურათი მოატანინა - ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი და საფლავზეც ეს მინდა იყოსო. ასეც მოხდა. შვილიშვილები აპროტესტებენ - ბებიას ვერ ვცნობთო. ალბათ, ხანდაზმულობის სურათიც საჭიროა, ამაზე მე ვიზრუნებ, თუმცა როდის?!
მირეკავენ, საღამოს პრეზენტაციაზე მიწვევენ. გამიხარდა, იქნებ დარდი გადავაყოლო.

20 ივლისი, ორშაბათი

გავიღვიძე... გუშინდელი ბანკეტიდან გამოყოლილ ფიქრებს ვალაგებ. რატომღაც ავიკვიატე: “მკითხველი მიქებს ლექსებს, მელექსე მიქებს კაცობას”.
მთელი ცხოვრება ასე იყო. გაქებენ, მაგრამ მაინც გტკივა. როცა მწერლებშია გულწრფელობის დეფიციტი, უბრალო ხალხზე რა უნდა ილაპარაკო. ისე, მკითხველებში უფრო მეტი შემხვედრია პოეტი, ვიდრე საკუთრივ ჩემს კოლეგებში. ნამდვილი მკითხველი ნამდვილი პოეტის დონეა. იგი გალიაში გაზრდილ არწივს მაგონებს, ფრთები რომ მოუდუნდა. ბევრი ჩემი კოლეგა კი შინაურ ქათამს ჰგავს – ღობიდან ღობეზე თუ გადაფრინდა, ცათა მეფე ჰგონია თავი... ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი კარგად იქნება, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, მაშინ!
მყუდრო და ვიწრო ქუჩებს ვეძებ. ასე ვიყავი სიჭაბუკიდან მოყოლებული. არადა, ვისაც გავურბივარ, ბედად, სწორედ ისინი შემეჩეხებიან ხოლმე. საათობით მიწევს ათასობით სისულელის მოსმენა - ვიღაც თავის ნაკაწრებზე გიყვება, როცა გულში ალესილ ხანჯლებს მალავ. “კაცი ვიყავ და თანდათან გოდების კედლად ვიქეცი.”
მირეკავენ. დღეს გიორგი ოვაშვილი ჩამოდის - “გაღმა ნაპირი” ვინც გადაიღო. ბათუმში პრემიერაა. არადა, ამ ფილმმა უკვე მოასწრო რამდენიმე ქვეყანაში „გრან პრისა“ და უამრავი ჯილდოს მიღება. ფილმში ჩემი ძველი ლექსი უნდა აჟღერდეს - სოსო ბარდანაშვილია კომპოზიტორი და ბუბა კიკაბიძემ უნდა შეასრულოს. სოსოს არაერთი სიმღერა ჰქონდა დაწერილი ჩემს ლექსებზე, მაგრამ დიდი ხნის წინ, ისრაელში რომ წავიდა, თან წაიღო. ესეც ჩემი ბედი: ყველაფერი კარგი - გვიან, ყველაფერი ცუდი - ადრე! ფილმის ჩვენება საღამოსაა, მანამდე - პრესკონფერენცია.
შევხვდი გიორგის. მის ნიჭიერებაზე ფილმის დიდი წარმატება მეტყველებს. ბუნებით კეთილშობილია, მორიდებული. ჩემზე ათი წლით ახალგაზრდაა. იწყება პრესკონფერენცია და მობილური რეკავს. “ბატონო ვახტანგ” - მესმის მეტად ნაცნობი და არასასურველი ხმა. სულ ასეთ დროს რეკავს ხოლმე. გრძელი ზღაპარი გაჭირვებაზე და ბოლოს - “ფული.” ამ კაცმა დაღალა ყველა, აღარავინ იკარებს - არც ნათესავი, არც ნაცნობი. არადა, ზაფხულია, უამრავი სტუმარია. ბათუმში მიდის ქეიფი, პატივისცემა - ხან ნაღდით, ხან ნისიად. სექტემბრიდან ბათუმელი ნელ-ნელა იწყებს დაგროვილი ვალების გასტუმრებას.
„რატომ არ იშორებ მაგ გარეწარს?“ - მეკითხებიან ჩემზე გამოცდილები. ვპასუხობ: „მაინტერესებს, სადამდე მიდის არაკაცობის ზღვარი.“ გულში კი ვფიქრობ: იმ ასი ზღაპრიდან, რომელსაც მიყვება, ხომ შეიძლება, ერთი მაინც იყოს მართალი. არადა, უსინდისობაა, უსახლკარო კაცს ფულის სათხოვნელად მიადგე. ამდენი საკუთარი შვილებისთვის არ მიმიცია. ერთხელ მაქვს ხელფასი და ისიც ნაქირავები ბინისთვის იხარჯება.
შევბრუნდი პრესკონფერენციაზე, რომელიც მალე დამთავრდა.
საღამოს ფილმის ჩვენება შედგა. ტევა არ იყო. ძლიერი ფილმია, მაგრამ მძიმე. მეორეჯერ შეიძლება ვერც ნახო. იყო აპლოდისმენტები და მილოცვები.

21 ივლისი, სამშაბათი
ვიღვიძებ. მობილურზე მესიჯი მხვდება. “ბინიდან მასახლებენ. ფული არა მაქვს. ორ ინვალიდს რა ვუყო.” საცოდავი, თავის თავს არ თვლის ინვალიდად - თუმცა, არ არის ჯანმრთელად. რამდენიმე კაცი ამოგვიჩემა. მე, რომელმაც არაერთხელ არაერთი მინისტრი შევაწუხე. მათე ტაკიძე, რომელსაც მთელი თვის ხელფასი წინასწარ აქვს გახარჯული და ამ ქალბატონს სოლიდური დახმარებაც გაუწია. ეს კაცი არ დაიღალა სიკეთით, არადა, თავად ნაქირავებში ცხოვრობს თავისი ახალგაზრდა ოჯახით. თემურ კახიძე, არისტოკრატი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყველა უბედურის პატრონია და ვალს ვალზე იღებს, თუ გაჭირვებულს წააწყდება.
ურთიერთობაც ბავშვივითაა, როგორც მიაჩვევ, ისე გაიზრდება.
ვნახოთ, რაღაცას კიდევ მოვიფიქრებთ!
მირეკავს გენო თებიძე, უკეთილშობილესი, რაინდი კაცი. ბიჭობიდან ეროვნულ მოძრაობაშია, რომელიც სხვებმა შემდგომ სკამებისთვის მოძრაობად აქციეს. გიორგი ოვაშვილზე მეუბნება: „თქვენი სტუმარი ჩვენი სტუმარია!“ არადა, მას ჩემზე მეტი ჰყავს შემწუხებელი. ის და ბაჩო ჩხეიძე (გაუხედნელ კაცს ვეძახი) განუყრელი მეგობრები არიან. ილიკო და ილარიონივით სულ ეჯიჯღინებიან ერთმანეთს, მაგრამ უერთმანეთოდ არ შეუძლიათ.
შევდივარ სამსახურში. მხვდება ერთი ქალბატონი, მადლობის სათქმელად მოვედიო, მაგრამ ახალ სათხოვარს მიტოვებს და მიდის. კიდევ ერთი მესტუმრა - ორი საათი ვერ ამიხსნა, რა სურდა, მომიყვა თავისი ბიოგრაფია. ბოლოს მივხვდი: მსმენელი არ ჰყავდა, ეს იყო და ეს...
მეც კულტურას და განათლებას ვემსახურები, რაღა!.. ყველაზე ნაკლებად სწორედ ამისთვის მცხელა.
ჩავდივარ ნათია სურგულაძესთან პირველ სართულზე. უმშვენიერესი და უკეთილშობილესი ქალბატონი. იმედი გოგო. ბევრი გაჭირვებულის საქმე გადამიწყვეტია. არადა, მას თავად ჰყოფნის შემწუხებელი.
საღამოს გიორგის ვხვდებით... არაუშავს მოვულხინეთ ბიჭებთან ერთად.

22 ივლისი, ოთხშაბათი
თითქმის იგივე სურათია.
შემოდის ერთი წვიმისა და თოვლის ოპოზიციონერი. ვუხსნი: სიმართლის სიყვარულმა ზოგი გმირად აქცია, ზოგი - უბრალო დამბეზღებლად. შენ გმირი არა ხარ და, მგონი, მეორე ტიტულიც არ გაინტერესებს. ბათუმი სიყვარულის ქალაქია და ერთმანეთს გაუფრთხილდით-მეთქი. ოპოზიციაც პოტენციური ხელისუფალია. თუ მართლა მოხვედით, მერე სად მიდიხართ? როგორ აპირებთ ამდენი პრობლემის მოგვარებას? ჩაფიქრდა... ბოლოს ვეუბნები: “ტიტანიკს” შუაგულ ოკეანეში კი არ დახვედრია ყინული, რომელზეც დაიმსხვრა, მას ეს ყინული ნაპირიდან გაჰყვა. ეს ყინული იგრძნობოდა იმათ თვალებში, ვინც გემბანზე ვერ მოხვდა-მეთქი. ან რატომ გძულთ ისინი, ვისაც ასე ძალიან ჰგავხართ? ქართველი კაცი დღეს ლოგინშიც პოლიტიკის კეთებას ცდილობს. ეს ჩვენი გადაღლილობის ან სულიერი სიბერის ნიშანია-მეთქი. ჩაფიქრდა...
მირეკავს გივი სიხარულიძე. იუზგარ, როგორა ხარ, მალე გინახულებო. გადაყოლა იცის, თბილისში ხომ მასპინძელია, ბათუმშიც ცდილობს, მასპინძელი იყოს. იმდენს მაქებს პრესა-ტელევიზიით, მწერლებს ლამის თავიც შეაძულოს. არადა, მართლაც განსაკუთრებულია ყველაფერში. იცნობენ და არც იცნობენ. ჩვენ - ქართველებს ხომ ზეპირად გვძულს და გვიყვარს, შეთვლით ან ვიღაცის ხათრით ან დაძალებით. საინტერესო ხალხი ვართ.

23 ივლისი, ხუთშაბათი
დღევანდელი დღე ჯო ბაიდენისაა. სულ იმედისკენ ვიწვდით ხელს და ხავსი გვრჩება. მაგრამ ვფიქრობ, ამჯერად მართლაც იცვლება რაღაც. მისმა გამოსვლამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ღმერთო, შენ უშველე საქართველოს! არაა დასაღუპი. ჩვენ კი მხოლოდ საკუთარს ვშველით. თუ ვიმარჯვებთ, სულ ცალ-ცალკე. თუ ვმარცხდებით, მუდამ ერთად. ღმერთო, ნუ იზამ, საქართველო დამარცხდეს! ჩვენ არც ისე ცუდები ვართ, როგორადაც გაჩვენებთ თავს. სამშობლო მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეკუთვნით. უბრალო ხალხმა რა დააშავა?

24 ივლისი პარასკევი
მაყვალა გონაშვილმა მომიკითხა მერაბთან ერთად. ეს ჩემი უახლოესი ოჯახია. როცა მწერლობიდან წავედი და სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე, სწორედ მაყვალა იყო, ვინც გადაწყვიტა ახალდაარსებული “გულანის” პრემია პირველად ჩემთვის მოენიჭებინათ. უამრავი სიკეთე მახსოვს. აფხაზეთში სწორედ მათი სახლიდან წავედით, ოჯახი ბათუმში მყავდა და გავეპარე რამდენიმე ჩემს კოლეგასთან ერთად. უსაშველოდ მიყვარს აფხაზები, ჩემი სისხლი და ხორცი არიან. ასე ვთვლი დღესაც. უბრალოდ, ორი ვაჟი მეზრდება და ხო მკითხავდნენ, მამა ომის დროს სად იყავიო. ვიხეტიალე ხან სანგრებში, ხან სუფრებზე - თოფები არ გვაქვსო და კვირანახევრის შემდეგ უკან დაგვაბრუნეს. აეროპორტიდან ფეხით წამოვედი. პირველად მერაბს და მაყვალას ვესტუმრე სახლში. არეული იყო თბილისი. იქ გადარჩენილს აქ ნუ მოაკვლევინებ თავსო - მეორე დილას გამიყვანეს ჩემთან სახლში...
“ახლა სად წავიდეთ?” - ვეკითხები. ვაჟა მოიკითხეს.
გავედით, ვაჟა დავითაძე ვნახეთ. ღირსეული კაცია, ნამდვილი მამულიშვილი: მცირე სუფრა გაშალა და მოვეფერეთ ერთმანეთს.
ვბრუნდები სამსახურში. ერთ კარგ კაცს მოვუხერხე სამსახური. მეორისა ერთი კვირის შემდეგ შემპირდნენ. “რით გადაგიხადოთ მადლობა?” ნაცნობი ფრაზა. წადი და შენზე გაჭირვებული რომ შეგხვდება, იმას შეეხიდე. სამაგიეროც ეს იქნება. ამ კაცის საქმეში გიორგი დამეხმარა - საკრებულოს თავმჯდომარე, ჩემი თანაკლასელის, უწესიერესი კაცის, ბიძინა კირთაძის შვილი. გიორგი თვითონაც ღირსეული ბიჭია.
მირეკავს ერთი კარგი კაცის კარგი შვილი - დათო სიორიძე. ახალგაზრდა პოეტს უნდა თქვენი ნახვაო. სულ ვნერვიულობ ასეთ დროს: მეცოდება თუ უნიჭოა, თუ ნიჭიერი - ის უფრო მეცოდება. გადავრჩით, მშვენიერი ბიჭი გამოდგა, დასაწყისისათვის ძალიან კარგი ლექსებია.
ქართლოს მახარაძეს ვურეკავ. ხვალ ლიზიკო, ჩემი შვილიშვილი, უნდა ჩამოვიყვანო სოფლიდან. ქართლოსს სტუმრები ჰყავს - პრობლემა არაა, წაგიყვანო. იშვიათად მინახავს ასეთი დინჯი, საქმიანი და კეთილშობილი კაცი, ქრისტიანი და მოსიყვარულე. არა, ვეუბნები, სხვას შევაწუხებ - ნაბახუსევზე გაგიჭირდება, მაშინ მანქანას გათხოვებო. კარგი-მეთქი... ვურეკავ გოჩა შამილიშვილს - შვილის ტოლია, მაგრამ ვმეგობრობთ. საოცრად ღირსეული, ვაჟკაცი ბიჭია. ვიცი, მანქანა გაუფუჭდა, არც ფული ჰქონდა, რომ გაეკეთებინა. მეუბნება: მანქანა ორი საათია, რაც გავაკეთეო. ვეუბნები: დილის ხუთ საათზე მჭირდები.
- ხუთზე თქვენთან ვართ!

25 ივლისი, შაბათი
ჩამოვიყვანე ლიზიკო. გოჩა დასაძინებლად წავიდა, მე დღიური უნდა გადავათეთრო. არ გამომდის. ცოტას წავუძინებ-მეთქი, არ გამომდის... ვდგები, მირეკავენ, რომ სტუმარია. ჩემი კოლეგა ქუთაისიდან. ვეუბნები, სამი საათის შემდეგ, რადიოდან როცა გამოვალ-მეთქი.
ვაგვიანებ, რადიოში მელოდებიან...
XS
SM
MD
LG