Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არჩევანი აქვთ უკრაინელებს


უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები 17 იანვრისთვისაა დანიშნული. ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ თანამდებობას ერთმანეთს 18 კანდიდატი ეცილება, თუმცა პოლიტიკური ექსპერტების დიდი ნაწილი არჩევნების პირველ ტურში არანაირი სახის სიურპრიზს არ ელის. მათი ვარაუდით, მეორე ეტაპზე გავლენ მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ოპოზიციის ლიდერი ვიკტორ იანუკოვიჩი.

კიეველი პოლიტოლოგი ვიკტორ ნებოჟენკო მიიჩნევს, რომ 17 იანვრის არჩევნები მკვეთრად განსხვავედება ყველა წინა არჩევნებისაგან. პირველ რიგში, შეცვლილია პოლიტიკური გარემო: აღარსადაა საერთონაციონალური აღმავლობა და დაუფარავი სიძულვილი, რაც იყო 2004 წელს. ამომრჩეველსაც აღარა აქვს იმის განცდა, რომ აკეთებს ცივილიზებურ არჩევანს, ანუ არჩევანს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის. არჩევნებისადმი მიდგომა შეცვალა რუსეთმაც, რომელიც იმის გამო, რომ დასავლეთიდან რომელიმე კანდიდატის აქტიურ მხარდაჭერას ვერ ხედავს, შედარებით მშვიდად მოქმედებს და გამოკვეთილად არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს. შესაბამისად, ვიკტორ ნებოჟენკო მიიჩნევს, რომ არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ოპოზიციის ლიდერი ვიკტორ იანუკოვიჩი მიიღებენ. ნებოჟენკოს თქმით, ამ ორ უძლიერეს კანდიდატს შორის არსებითი - იდეოლოგიური - განსხვავებაა:

„იანუკოვიჩი ცდილობს გაიმეოროს,ერთდროულად, კუჩმასა და იუშჩენკოს გზა. თუ პრეზიდენტი გახდება, შეეცდება ერთდროულად პრეზიდენტიც იყოს და ოლიგარქიც. თანაც, ის ერთი რომელიმე ჯგუფის სასარგებლოდ იმუშავებს და ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა არა იმდენად ოპოზიციისთვის, რამდენადაც თვით იანუკოვიჩისთვის, რადგანაც მისი მომხრე ჯგუფები რადიკალურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ლაპარაკია ჯგუფზე, რომელიც ფულს აკეთებდა გაზის სპეკულაციით და ჯგუფზე, რომელშიც ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე მსხვილი ქალაქების მერები და ქარხნის დირექტორები შედიან. არ ვიცი, როგორ შეძლებს იანუკოვიჩი მათ შორის საკუთარი ადგილი იპოვოს. ტიმოშენკოს კი კარგად ესმის, რომ ოლიგარქებთან თანამშრომლობისას და დისტანცირებისას, სათანადო პროპორციის დაცვაა საჭირო. თუ ტიმოშენკო გახდება პრეზიდენტი, ის იმუშავებს ყველა ოლიგარქთან, მიუხედავად იმისა, ვინ ვის მხარეს იყო, მაშინ როცა იანუკოვიჩი შეეცდება ფსონის დადებას რომელიმე ერთ ჯგუფზე.“

ვიკტორ ნებოჟენკოს თქმით, მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ სერგეი ტიგიპკო და არსენი იაცენიუკი. ტიგიპკო ცნობილია მკვეთრი ნაციონალისტური რიტორიკით, თუმცა, უკრაინელი პოლიტილოგის თქმით, მოსალოდნელია, რომ მისი ელექტორატის დიდმა ნაწილმა უეცრად გააქტიურებულ ვიკტორ იუშჩენკოს მისცეს ხმა. რაც შეეხება უკრაინის პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად წოდებულ არსენი იაცენიუკს, ვიკტორ ნებოჟენკოს აზრით, იაცენიუკმა საარჩევნო კამპანიის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც მისი მაღალი რეიტინგის მკვეთრი დაცემა გამოიწვია.

„მან თავისი კამპანია ყველაზე ადრე დაიწყო, ამიტომ რეიტინგმაც მოიმატა. ეს ტრადიციული უკრაინული თამაშია. მას მიაწერეს ორჯერ მაღალი რეიტინგი, რამაც, რასაკვირველია, შემატა პოლიტიკური ქედმაღლობა, მაგრამ ვერ მიაქცია ყურადღება იმას, თუ როგორ დაიცალა შინაარსისგან მისი საარჩევნო კამპანია. ის გამუდმებით იცვლიდა იმიჯს. ხან უკრაინის მხსნელად გვევლინებოდა, ხან იყო ახალი ძალა, ხან კი - უკრაინის ნაციონალურ-დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლი. და, საერთოდ, ძალიან სუსტი გუნდი ჰყავს - ახალგაზრდა ენერგიული ბიზნესმენები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკაშიც ისევე შეიძლება მოიქცე, როგორც ბიზნესში. და, აი, მიიღეს კანონზომიერი შედეგი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიკტორ ნებოჟენკომ, რომელიც მიიჩნევს, რომ მეორე ტურში გასვლის იმედი არ უნდა ჰქონდეს არც მოქმედ პრეზიდენტ ვიკტორ იუშჩენკოს, რომლის რეიტინგი, ბოლოდროინდელი აქტიურობის მიუხედავად, კვლავინდებურად დაბალია. თუმცა ნებოჟენკო იმასაც ამბობს, რომ იუშჩენკოს საბოლოოდ ჩამოწერა ნაადრევია:

„ის მდიდარია და 55 წლისაა. რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველაფერი კატასტროფად მოჩანს, მაგრამ, სინამდვილეში, ნაციონალურ-დემოკრატიული ნიშა თავისუფალია. იგრძნობა, რომ, სინამდვილეში, ის არ ფიქრობს არც რეიტინგზე და არც მესამე ადგილზე. ის მუშაობს მეთვალყურეებზე, ელექტორატზე. სავარაუდოდ, მას ნაციონალურ-დემოკრატიული ფრონტის ლიდერის ადგილის დაკავება სურს. ამ მიმართულების დაახლოებით 10 პროცენტიანი მხარდაჭერის რესურსი არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომპანიას ჩამოშორდება, გარკვეული დრო გაივლის და იუშჩენკო, როგორც პოლიტიკოსი, კვლავ ამოტივტივდება.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG