Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროპაგანდისტული გადაცდენები: ჰიტლერის ციტატა ტელეარხ „საქართველოს“ ეთერში


ბოლო დროს ინტერნეტფორუმებსა და სოციალურ ქსელებში გააქტიურდა დისკუსია თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული ტელეკომპანია „საქართველოს“ მიერ 2008 წლის ივლისში ადოლფ ჰიტლერის ციტატის მოყვანის თაობაზე. ციტატა, რომელიც დაკარგული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების აუცილებლობას ამტკიცებდა, გამოყენებული იყო ფილმში რეზერვისტების შესახებ. 19 იანვარს ამ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - ის „კატეგორიულად გაემიჯნა“ ფილმში გამოყენებული ციტატის შინაარსს. რა მოხდა სინამდვილეში, ვინ და რა მიზნით ჩართო გადაცემაში ჰიტლერის ციტატა და რას შეიძლება მოასწავებდეს ეს ყველაფერი?

"ერთხელ და საბოლოოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ, ვერც ფორმალობად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედზე ყოფნით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით. ადოლფ ჰიტლერი. 1932 წელი."

ტელეარხ “საქართველოზე” ამ ციტატის გასვლის ფაქტს ბევრმა უკიდურესი მილიტარიზმისა და ულტრანაციონალიზმის პროპაგანდა, შეურაცხმყოფელი ნაბიჯი და საგანგაშო სიმპტომი უწოდა. სხვებმა ეს ფაქტი, უწინარესად, პოლიტიკური კულტურის დეფიციტისა და ისტორიული მეხსიერების უქონლობის გამოვლინებად აღიქვეს. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ამას უწოდეს, უბრალოდ, ერთი პირის - გადაცემის ავტორის - მიერ დაშვებული შეცდომა, რომელიც, შესაძლოა, რაიმე ზოგად ტენდენციას არც კი მოასწავებდეს.

თუმცა ერთი რამ, ალბათ, მაინც ეჭვგარეშეა - თავად ფაქტი, რომ თანამედროვე საქართველოს ტელეპროდუქციაში ადოლფ ჰიტლერის ციტირება შესაძლებელი აღმოჩნდა, არაერთ უხერხულ და დამაფიქრებელ გარემოებაზე მიუთითებს.

ჰიტლერის ციტატის შემცველი ფილმი “რეზერვისტი” გადაცემა “პროფესია-ჯარისკაცში” 2008 წლის ივლისში - ომამდე ცოტა ხნით ადრე - გავიდა. მაშინ, სავარაუდოდ, დაძაბული ვითარების გამო, ამ ფაქტს გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეს ამბავი, ალბათ, არც გახმაურდებოდა, რომ არა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ამ ნაწყვეტის მოძიება და შემდეგ ინტერნეტის საშუალებით მისი გავრცელება.

შეკითხვას, რატომ გავრცელდა ნაწყვეტი ახლა, ეთერში გასვლიდან წელიწადზე მეტი დროის შემდეგ, ცენტრის ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა, ასე უპასუხა:

„ამ კლიპის არსებობა ჩვენ შევიტყვეთ 2008 წლის შემოდგომაზე - ანუ ეს არის, დაახლოებით, ომის შემდგომი პერიოდი. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ მოგვეპოვებინა ეს კლიპი - სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს არის არა კლიპი, არამედ საავტორო გადაცემა "პროფესია-ჯარისკაცი", რომელიც მომზადებულია ტელეკომპანია "საქართველოს" მიერ. ეს არის სპეციალური სამხედრო არხი საქართველოში, რომელიც მაუწყებლობს ყოფილი 202-ის სიხშირეზე; თავდაცვის სამინისტროს არხია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ძირითადად, მზადდება სწორედ სამხედრო-პატრიოტული და მსგავსი თემატიკის გადაცემები, ფილმები და ასე შემდეგ", - გვითხრა უჩა ნანუაშვილმა.

ტელეკომპანია „საქართველოს“ ვებ-გვერდის თანახმად, არხი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობს და მისი სამაუწყებლო ბადის ძირითადი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დამზადებულ გადაცემებს ეთმობა.

ფილმის ავტორი ტელეარხის თანამშრომელი გიორგი გაბრიჩიძე იყო. მან გვითხრა, რომ ნანობს თავის ნაბიჯს, რის გამოც მას ტელეკომპანიაში სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. ჰიტლერის ციტატის მოყვანის გადაწყვეტილება კი ავტორმა ასე აგვიხსნა:

„ამ ციტატის გარდა, ფილმში გამოყენებული არის რამდენიმე ფრაზა - მათ შორის, შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ასევე - ნაპოლეონის. უბრალოდ, მე მომეწონა ეს ფრაზა, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ მხოლოდ იარაღის ძალით. იმ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი. ეს არის აბსოლუტურად ჩემი პირადი აზრი“, - გვითხრა გიორგი გაბრიჩიძემ და დასძინა: „ვწუხვარ, რომ ამან ასეთი რეზონანსი გამოიწვია - მე ნამდვილად არ მიფიქრია იმაზე, რომ ეს არის აგიტაცია ან ჰიტლერის წარმოჩინება დადებით პლანში. პირიქით, მე კატეგორიულად ვემიჯნები და ვეწინააღმდეგები ჰიტლერის იდეოლოგიასო.“

გიორგი გაბრიჩიძის თქმით, ფილმის მომზადების პროცესში ის მხოლოდ სასურველი საბრძოლო სულისკვეთების შემცველ ციტატებს ეძებდა - განურჩევლად იმისა, თუ ვინ იქნებოდა ციტატის ავტორი: „არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სტალინი იქნებოდა ეს თუ ჰიტლერი. ასეთივე სისხლისმსმელი არის, ვთქვათ, ნაპოლეონი - მისი ფრაზაც მაქვს მე მოყვანილი ამ ფილმში“, - გვითხრა ფილმის ავტორმა.

თუმცა ბევრი არ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ ციტატები და მოსაზრებები ცალკე არსებობენ, მათი ავტორები კი -ცალკე. ფაქტი, რომ საქართველოს ჯარის სამხედრო სულისკვეთების ამაღლების მიზნით ჰიტლერის ციტატა იქნა გამოყენებული, ანთროპოლოგ მიხეილ სვანიძის აზრით, დასანანი და შეურაცხმყოფელია:

„ჩემი აზრით, ეს არის დისკრედიტაცია ჯარის, როგორც ასეთის, და ჯარისკაცებისა. გარდა ამისა, ეს არის იმ ხალხის შეურაცხყოფა, ვინც ჰიტლერს თვლის მეოცე სუკუნის უდიდეს დამნაშავედ, ან ერთ-ერთ უდიდეს დამნაშავედ. ასევე არის იმ ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა, ვინც მსახურობს ჯარში და არის ეთნიკურად ებრაელი, ან არ მსახურობს ჯარში და არის ეთნიკურად ებრაელი საქართველოს მოქალაქე“, - ამბობს მიხეილ სვანიძე.

19 იანვარს ამ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც აცხადებს, რომ ფილმში ადოლფ ჰიტლერის ციტატა ავტორის პირადი ინიციატივით იქნა გამოყენებული. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ეს ნაწყვეტი ინტერნეტში ისეთი ფორმით გავრცელდა, თითქოს ის მოკლე ვიდეორგოლი იყო და არა გრძელი ფილმის ნაწყვეტი - ეს კი სინამდვილეს არ შეესაბამება და “იაფფასიანი პოლიტიკური მიზნების მიღწევას” ემსახურება. “თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად ემიჯნება ფილმში გამოყენებული ციტატის შინაარსს და ავტორების ხედვას”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფილმის შესახებ ჩვენ გადაცემის პროდიუსერს, გიორგი ცხვიტავასაც ვესაუბრეთ. ჰიტლერის ციტატის გამოყენებას მანაც “დიდი შეცდომა” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრაზა ეთერში მხოლოდ ერთხელ გავიდა. ცხვიტავას თქმით, ამ ციტატის გამოყენება მხოლოდ ავტორის ინიციატივით მოხდა:

„ეს იყო კონკრეტულად ავტორის მიერ აღებული ფრაზები, კრებული, და მის მიერ გაკეთებული ფილმი, რაზეც რეაგირება მოხდა მყისიერი, როგორც კი ვნახე ეს ფილმი ეთერში. არ შეიძლება რაღაცის პროპაგანდა და, მით უმეტეს, მსგავსი ადამიანების. - არც ვიცი ახლა მას ადამიანი ვუწოდო თუ არა“, - ამბობს გადაცემის პროდიუსერი.

თუმცა მოსაზრებას, რომ ციტატის მოყვანა შემთხვევითობა და მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის შეცდომა იყო, არ იზიარებს უჩა ნანუაშვილი. მისი აზრით, იმ პერიოდში შექმნილ იდეოლოგიურ კონტექსტში ეს ციტატა, შესაძლოა, გაზვიადებულად, მაგრამ მაინც გამოხატავდა არსებულ განწყობებს:

„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, რამდენადაც საქართველოში მიმდინარეობდა ომის პროპაგანდა და, სამწუხაროდ, არავის არ მიუქცევია ყურადღება, იმდენად ბუნებრივად ჩანდა. ფაქტობრივად, საზოგადოება, - დიდი ნაწილი საზოგადოების, - სამწუხაროდ, ეთანხმებოდა ამ ციტატას“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი.

ანალოგიურად ფიქრობს ანთროპოლოგი მიხეილ სვანიძე - მისი თქმით, ციტატაში გამოხატული სულისკვეთება იმ პერიოდში ხშირად იჩენდა თავს როგორც რიგი პოლიტიკოსების რიტორიკაში, ისე საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობაში. ჰიტლერის ციტირება, მისი აზრით, სწორედ მილიტარისტული და ურა-პატრიოტული განწყობების გაძლიერების შედეგი იყო - ზღვარს გადაცდენილი, გაზვიადებული და უხეში, მაგრამ მაინც შედეგი:

„მაგალითად, რომ გავიხსენოთ ოქრუაშვილის გამონათქვამი, რომ ის ახალ წელს შეხვდებოდა ცხინვალში... რომ გავიხსენოთ სააკაშვილის ერთი გამონათქვამი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაბრუნება თვეების და კვირების საკითხი და გადაწყვეტილი ამბავი იყო... გარკვეულწილად, კონტექსტში ჯდება, თუმცა ცოტა უფრო შორს წასულია, ასე ვთქვათ“,- ამბობს მიხეილ სვანიძე. მისი აზრით, ის, რომ ასეთი განცხადება თავის დროზე უყურადღებოდ დარჩა, „მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებას დიდად არ ადარდებდა, თუ რა მოხდებოდა და, შესაძლებელია, პირიქითაც, უნდოდა კიდევაც ეს ომი რომ მომხდარიყო."

კაცობრიობის, ადამიანისა თუ დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრის - ნაცისტური რეჟიმის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის ციტატის ზოგად კონტექსტთან თავსებადობა, ცხადია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საქართველოს იდეოლოგიურ სივრცეში მაშინ ფაშისტური და, მით უფრო, ნაცისტური იდეები ჭარბობდა. ეს ფაქტი, ალბათ, უფრო იმ გარემოებას შეგვახსენებს, რომ ტოტალიტარული იდეოლოგიების ბევრი მახასიათებელი თითქმის ყველა იდეოლოგიაში არსებობს, ოღონდ ტოტალიტარულ სააზროვნო სისტემებში ისინი უკიდურესად გაზვიადებული და დამახინჯებული ფორმით გვხვდება. თუკი ამ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ წარმოსადგენად ადვილი ხდება, რომ პატრიოტული ემოციების პროპაგანდის იარაღად ქცევა და მილიტარისტული ვნებების გაძლიერება ამგვარ ვულგარულ "გადაცდენებს" და უხეშ შეცდომებს მოიტანს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG