Accessibility links

logo-print
ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვიამბნია გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოქმედ გერმანულ-კავკასიურ საზოგადოება „ლილეზე“. ის ძალიან აქტიურად მუშაობს, ემსახურება კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, გერმანიისა და კავკასიის მკვიდრთა ერთმანეთისადმი ინტერესის ხელშეწყობას. „ლილეს“ მიერ ორგანიზებული ბევრი ღონისძიების გამო, იქნებოდა ეს კონცერტი თუ გამოფენა, რადიო თავისუფლებას არაერთხელ მიუმართავს ინტერვიუს თხოვნით ამ ორგანიზაციის დამაარსებლისა და თავმჯდომარის, მარიამ ლაფაურისთვის. ამდენად, ქალბატონი მარიკა ჩვენი სტაჟიანი რესპონდენტია. კონკრეტული მიზეზი აქვს ჩვენს მორიგ საუბარსაც, უფრო ზუსტად კი - ორი მიზეზი: ჯერ ერთი, საზოგადოება „ლილემ“ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ახალი ჟურნალის - „Ein Blick Georgien” - გამოცემა და ახლახან გამოვიდა ჟურნალის მესამე ნომერი. და კიდევ: მარიკა ლაფაურმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, წერილით მიმართა ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემჩნეული ერთი ცვლილების გამო - ცვლილება აფხაზეთს ეხება. ჩვენ მას, თავდაპირველად, სწორედ ამ წერილის შესახებ ვკითხეთ.

მარიკა ლაფაურის განმარტებით, წერილი ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის განყოფილებაში, როგორც ჩანს, შეცვალეს კატალოგების სისტემატიზების პრინციპი, რის შედეგადაც აფხაზეთი ცალკე ქვეყნად არის აღნიშნული.
ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის განყოფილების ბიბლიოთეკაში აფხაზეთი სახელმწიფო ჰგონიათ
საამისოდ საგანგებო თაროც არის გამოყოფილი, მარიკა ლაფაურის თქმით, „ძალიან პროპაგანდისტული ხასიათის“ 10-12 წიგნით. გაირკვა, რომ სისტემატიზაციაში ცვლილება მოხდა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის ოტო ლუხტერჰანდის ინიციატივით - პროფესორი ლუხტერჰანდი ჰაიდი ტალიავინის კომისიად ცნობილი ჯგუფის წევრი იყო და მასში მუშაობამდეც და შემდეგაც, სახელი გაითქვა სეპარატისტებისა და რუსეთის პოზიციის მხარდამჭერი განცხადებებით.

რაც შეეხება წერილს, ის მარიკა ლაფაურმა და მისმა თანამოაზრეებმა 15 იანვარს გაუგზავნეს რამდენიმე ადრესატს, მათ შორის უნივერსიტეტის რექტორს შეკითხვით, რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სისტემატიზაციის შეცვლის შესახებ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რომელი კანონით არის გამართლებული კატალოგში აფხაზეთის საქართველოსაგან დამოუკიდებლად შეყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიოთეკებს გერმანიაში აქვთ ერთგვარი შტაბ-ბინა, რომელიც რეგენსბურგშია განთავსებული და რომლიდანაც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თემის სისტემატიზაცია განისაზღვრება.

წერილის ავტორებმა პირველი პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორისაგან. ამ პასუხიდან ირკვევა, რომ სისტემატიზაცია ბიბლიოთეკაში დამოკიდებულია რეგენსბურგის სასისტემო კატალოგზე და რომ ეს განკარგულება ოტო ლუხტერჰანდმა გასცა ჯერ კიდევ 2006 წელს (ცვლილება არ ეხება ცხინვალის რეგიონს).

ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორისაგან პასუხის მიღების შემდეგ, ლაფაური ახალი წერილის დაწერას აპირებს, რათა უკვე რეგენსბურგს ჰკითხოს, რა კანონების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სასისტემო კატალოგში ცვლილებების შეტანის შესახებ. სხვათა შორის, ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორის პასუხში მინიშნებულია, რომ უკვე გადაწყვეტილია ამჟამინდელი კატალოგიზაციის გაუქმება.
მარიკა ლაფაური

როგორც უკვე ითქვა, მარიკა ლაფაურთან საუბარს ორი მიზეზი ჰქონდა – ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილი წერილის გარდა, დავინტერესდით ჟურნალით, რომლის გამოცემაც გერმანულ-კავკასიურმა საზოგადოება "ლილემ" 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.

"Ein Blick Georgien" - ასე ეწოდება გამოცემას, რომლის დაარსებაც, როგორც ლაფაური ამბობს, "აუცილებელი იყო" იმის გამო, რომ ომის შემდეგ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივი, ან ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოს შესახებ.

ეს ჟურნალი, შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმის ნაყოფია. ჯერჯერობით მარტო ბოლო, მესამე ნომრის გამოქვეყნებაში შეიტანა ფინანსური წვლილი საქართველოს დიასპორასთან ურთიერთობის სამინისტრომ. საქმის დანარჩენ ნაწილს რედაქტორები აკეთებენ – თვით მარიკა ლაფაური, რომელიც პროფესიით მუსიკოსია, და ისტორიკოსი და კულტუროლოგი ფრანკ ტრემელი. ქალბატონი მარიკა მას საქართველოსთვის "ფასდაუდებელ შენაძენს" უწოდებს, როგორც ერთგულსა და ღრმა ცოდნით გამორჩეულ ადამიანს, საქართველოს საუცხოო მცოდნესა და გულშემატკივარს.

ჟურნალ Ein Blick Georgien-ის მესამე ნომრის გარეკანი
ფაქტები და ანალიზი - "Ein Blick Georgien" მიზნად ისახავს, წეროს საქართველოში არეკლილ სამყაროზე, ევროპაზე და საქართველოდან დანახულ ევროპაზე. წინა გამოცემებიდან მარიკა ლაფაური განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიიჩნევს ისტორიულ ნარკვევებს, რომელთა ავტორებიც არიან იულონ გაგოშიძე და მარიამ ლორთქიფანიძე, თვით ფრანკ ტრემელის ანალიტიკურ-კულტუროლოგიურ წერილს.

ჟურნალზე გამოხმაურება, როგორც მარიკა ლაფაური ამბობს, ძალიან დადებითია, თუმცა კრიტიკაც ისმის. მაგალითად, ოტო ლუხტერჰანდისაგან, რომელმაც "Ein Blick Georgien"-ის მისთვის გაგზავნილი ეგზემპლარი ნაციონალისტურ მიდრეკილებებში დაადანაშაულა. ლუხტერჰანდთან აქტიური მიწერ-მოწერა გვაქვსო, იცინის მარიკა ლაფაური...

ასე რომ, კონტაქტი მარტო თანამოაზრეებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლება. გრძელდება აზრთა კრიტიკული გაცვლა-გამოცვლაც. ეს კი, ალბათ, გვაძლევს საფუძველს, თამამად ვიწინასწარმეტყველოთ: "ლილეს" ხელმძღვანელს კიდევ არაერთხელ შევხვდებით რადიო თავისუფლების ეთერში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG