Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუსრულებელი დაპირებები და ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა


გურბანგული ბერდიმუხამედოვი, თურქმენეთის პრეზიდენტი
გურბანგული ბერდიმუხამედოვი, თურქმენეთის პრეზიდენტი
11 თებერვალს 3 წელიწადი შესრულდა, რაც გურბანგული ბერდიმუხამედოვი ოფიციალურად გახდა თურქმენეთის პრეზიდენტი. სამი წლის წინ ქვეყნის ახალი ლიდერის გამოჩენას ბევრი ადამიანი მიესალმა, რომელთა შორის ჭარბობდნენ თურქმენეთის შევიწროებული მოქალაქეები. თუმცა ისინი დღეს ხედავენ, რომ ბერდიმუხამედოვის სამწლიანი პრეზიდენტობისას ქვეყნის მართვაში მხოლოდ ფასადური ცვლილებები განხორციელდა, ხოლო “თურქმენბაშის” გამოსახულებებს ახალი პრეზიდენტის სურათები ჩაენაცვლა.

გურბანგული ბერდიმუხამედოვის საპრეზიდენტო გამარჯვებამ 2007 წელს თურქმენეთის მოსახლეობას იმედი შემატა, რომ შეიცვლებოდა ის რეპრესიული და არანორმალური სისტემა, რომელიც მისმა წინამორბედმა შექმნა. ლაპარაკია საფარმურად ნიაზოვზე, “თურქმენბაშიზე”, რომელიც თურქმენეთს 20 წლის მანძილზე მართავდა. ბერდიმუხამედოვმა, მართლაც, ენერგიულად დაიწყო თავისი მოვალეობის შესრულება. მან 10 წლამდე გაზარდა სავალდებულო სწავლება სკოლებში, აღადგინა ჯანდაცვის სისტემა, სამსახურში დააბრუნა ათასობით ექიმი და სავალდებულო სასწავლო პროგრამიდან ამოიღო “რუჰნამა” - ნიაზოვის სასულიერო სახელმძღვანელო. ამიტომ 2008 წლის 11 თებერვალს, როდესაც პირველი ერთი წლის შედეგებს აჯამებდა, ბერდიმუხამედოვს შეეძლო პროგრესზეც ესაუბრა:

”ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში მე წამოვაყენე დევიზი: „სახელმწიფო ხალხს ეკუთვნის“. ამ დევიზმა განხორციელება პოვა ჩემს სიტყვებში, დეკრეტებსა და ჩემს საქმიანობაში. ჩვენი მთავრობა ამ დევიზით მოქმედებს. ეს დევიზი საფუძვლად დაედება ჩვენს იდეოლოგიას.”

მაგრამ ცოტა ხანში თურქმენმა ამომრჩევლებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტ ბერდიმუხამედოვის საარჩევნო დაპირებები მხოლოდ ნაწილობრივ, ზოგიერთი კი საერთოდაც არ შერსულდა. ასე მაგალითად, ინტერნეტის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - დოკუმენტების საფუძვლიანად შემოწმების შემდეგ - არის შესაძლებელი. არ გაუმჯობესებულა ქვეყნის სატრანსპორტო კომუნიკაცია. ქვეყანაში არ არსებობენ ალტერნატიული პოლიტიკური ძალები და ქვეყანას მართავს მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური პარტია – “თურქმენეთის დემოკრატიული პარტია”, რომლის ლიდერი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვია. დროთა განმავლობაში საშიში ნიშნები შეიძინა ბერდიმუხამედოვის მიერ საკუთარი პიროვნების კულტის შექმნის მცდელობამ. მართალია, ბერდიმუხამედოვმა ძალიან უხმაუროდ დაიწყო თავისი წინამორბედების საკულტო ძეგლების აღება, ჩამოიხსნა ყოველ კუთხე-კუნჭულში გამოკიდებული ნიაზოვის პორტრეტები, ყოფილი პრეზიდენტის ფოტოები აღარ ამშვენებს ეროვნულ ვალუტას, ხოლო მისი სახელი – უამრავ ქუჩას, მაგრამ 2009 წლის ოქტომბერში თურქმენეთში ახალი “სათაყვანებელი გმირის” შექმნის პორცესი დაიწყო:

“სრულიად თურქმენეთის ხალხის სახელით, მე ვთხოვ პარლამენტს, ჩვენს სათაყვანებელ პრეზიდენტს მიანიჭოს თურქმენეთის გმირის წოდება. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ხალხი, 5 წლიდან 90 წლის ასაკამდე, მხარს დაუჭერს ამ წინადადებას.”

ბერდიმუხამედოვს სულაც არ უთაკილია, როდესაც თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მურატ გარიევმა კანონმდებლებს ახალი გმირის „კურთხევა“ შესთავაზა. “მურატ აღა, დიდი მადლობა, ეს ყველა ჩვენგანის მიღწევაა”, - უპასუხა მადლიერმა პრეზიდენტმა ბერდიმუხამედოვმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

თურქმენბაში საფარმურად ნიაზოვი ასევე სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი იყო, რაც თურქმენეთის ცოტა მოქალაქეს თუ რგებია წილად. რთული სათქმელია, რა უფრო ადრე გაჩნდა თურქმენეთში – პიროვნების კულტი თუ თაყვანისცემის კულტურა, ის კი ცხადია, რომ ბერდიმუხამედოვში ზოგიერთი თურქმენი პოლიტიკოსი უკვე უალტერნატივო, ბრძენ და მისი წინამორბედის, საფარმურად ნიაზოვის, ერთგულ მემკვიდრეს ხედავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG