Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო გეგმებს არ ამხელს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი კიევში, მთავრობის სხდომაზე
უკრაინის პრემიერ-მინისტრი კიევში, მთავრობის სხდომაზე
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისი მეტოქე, ვიქტორ იანუკოვიჩი იმარჯვებს. ტიმოშენკომ, მთავრობის სხდომაზე საუბრისას, იანუკოვიჩი ამომრჩევლების მოტყუებაში დაადანაშაულა, თუმცა არ უთქვამს, აპირებს თუ არა არჩევნების შედეგების გასაჩივრებას.

მაგრამ ტიმოშენკომ, საჯარო გამოსვლის მიუხედავად, მთავარი შეკითხვა კვლავ უპასუხოდ დატოვა: თავისი უახლოესი გეგმების ნაცვლად, პერმიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროზე ილაპარაკა, რის შემდეგაც იანუკოვიჩი ამომრჩევლის მოტყუებაში დაადანაშაულა.

„არჩევნების შემდეგვე ცხადი ხდება დიდი წინასააჩრევნო ტყუილები და ეს ხალხმა უნდა გაითვალისწინოს თავის მომავალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვისო“, - ეს შეფასება გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა.

ასეა თუ ისე, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო ხმების 100-ვე პროცენტის დათვლის საფუძველზე, იანუკოვიჩი „წინასწარ გამარჯვებულად“ გამოაცხადა. მას ხმების 48,95 პროცენტი ერგო, ტიმოშენკოს - 45,47 პროცენტი, რაც სულ 888 000 ხმით სხვაობას ასახავს. არჩევნების ოფიციალური შედეგები 17 თებერვალს უნდა გამოცხადდეს.

გუშინვე იანუკოვიჩმა ოპონენტს მოუწოდა, აღიაროს არჩევნებში დამარცხება: „ოფიციალურად მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, გადადგეს და ოპოზიციაში გადავიდეს. იმავდროულად მოვუწოდებთ კოალიციის წევრებს, დაშალონ კოალიცია, რათა შევძლო სხვადასხვა ფრაქციასთან მოლაპარაკების დაწყება ახალი მთავრობის შექმნაზე“.

მაგრამ პარლამენტში ტიმოშენკოს ფრაქციის წევრები ირწმუნებიან, რომ არჩევნები დიდწილად გაყალბდა და რომ პრემიერ-მინისტრი შედეგების გასაჩივრებას აპირებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, თვით ტიმოშენკოს ამ საკითხზე არაფერი უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიების შეფასებით, არჩევნები გამჭვირვალე და სამართლიანი იყო.
XS
SM
MD
LG