Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ნოღაიდელი - პოლიტიკოსი


24 იანვარი, კვირა
სახლიდან გამოსვლისას, ნინომ შემახსენა, რომ ამ საღამოს თემუკა უნდა ვამეცადინო, რაც გულისხმობდა: „დროზე მოდი!“ საერთოდ, თემუკას არ სჭირდება ჩემი დახმარება, მაგრამ ახლა ტესტები აქვს ჯერ ფიზიკაში, შემდეგ - მათემატიკაში, და მოვილაპარაკეთ, რომ ერთად გავივლით საკითხებს.
ოფისში კვირაობით სიწყნარეა, შედარებით ცოტა ხალხი მოძრაობს დღეს. ძირითადად, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან მქონდა სამუშაო შეხვედრები. მოგვიანებით მთავარი საბჭოს რამდენიმე წევრთან ხვალინდელი პრესკონფერენციის თემებზე ვისაუბრეთ. დავაზუსტეთ ძირითადი შეტყობინებები - ე.წ. “მესიჯები”.
დღევანდელი საღამოს ტელეეთერი სამივე ცენტრალურ არხზე დიდწილად მე მეძღვნება. მე ვამბობ, რომ რუსეთთან ურთიერთობებს აღვადგენთ, რათა გავაერთიანოთ საქართველო.
თავისუფლების დღიურები - ზურაბ ნოღაიდელი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:00 0:00

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაერთიანდეს, საქართველო იყოს სამართლიანი და დემოკრატიული, ოჯახებში დაბრუნდეს კეთილდღეობა და საქართველო ეროვნული ტრადიციების სახელმწიფო გახდეს.
მაგრამ ტელეეთერიდან ზუსტად ამის საპირისპირო ისმის. ეს არაფერი. მე ვიცოდი, რაზეც მივდიოდი, კარგად ვიცნობ სააკაშვილს. მთავარია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჩემი ეს ნაბიჯი სწორად ესმის.
მე და თემუკამ ვიმეცადინეთ. გონებაგახსნილი ბავშვია. ყურადღებით ვაკვირდები, ხომ არ იმოქმედა მასზე ამ “ტელეშოუებმა”. საბედნიეროდ, რეაქცია - 0. ნინო უფრო ნერვიულობს.
კვირა დღეს ვამთავრებ ძალიან ბანალური ფიქრებით: ჩემი ოჯახი ჩემი ციხე-სიმაგრეა.

25 იანვარი, ორშაბათი
დღეს პრესკონფერენცია გავმართეთ განათლების საკითხებზე. შეუძლებელია, არ გამოვეხმაურო განათლების რეფორმის „ახალ ტალღას“.
ჩვენ მიგვაჩნია:
მიუღებელია ბიუჯეტის დღევანდელი განაწილება, როდესაც განათლებაზე ორჯერ ნაკლები თანხა გამოიყოფა, ვიდრე პოლიციაზე და სხვა ძალოვნებზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდი აპირებს, რომ ეს მაჩვენებელი 760 მილიონამდე გაიზარდოს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხ პროცენტს გაუტოლდება.
უკან გადადგმული ნაბიჯია დღევანდელი მთავრობის ინიციატივა - სკოლის ატესტატის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების პროცესთან დაკავშირება.
აუცილებელია მაღალი კლასების სასწავლო პროგრამის შესაბამისობაში მოყვანა ეროვნული საგამოცდო გეგმის სტანდარტებთან. სკოლის მასწავლებელი უნდა ვაქციოთ საუკეთესო რეპეტიტორად, ხოლო საუკეთესო რეპეტიტორები სკოლაში უნდა მოვიყვანოთ მასწავლებლად.
სამხედრო სწავლება მხოლოდ სამხედროების საქმე უნდა იყოს. სამხედრო სწავლების სკოლებში შემოღება საბჭოთა კავშირში “გვაბრუნებს”.
ჩვენ ვთვლით, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია. მიზანი, თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მსოფლიო განათლება და ქართული აღზრდა, სხვაგვარად ვერ მიიღწევა.
დღეს შევხვდი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ერიკ ფურნიეს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და, ვფიქრობ, ბევრ საკითხში დავეთანხმეთ ერთმანეთს. ბატონ ფურნიეს გავაცანი კონკრეტული და დოკუმენტირებული ფაქტები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მოძრაობის წევრებზე და აქტივისტებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ადასტურებს.

26 იანვარი, სამშაბათი
განვიხილეთ თემატური კონფერენციების ციკლი, სახელწოდებით “საქართველო ხვალ”. სასტუმრო “ბეტსიში” იყვნენ ექსპერტები და, ასევე პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, ყველა არა, რაც, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ამბავია. იაქტიურა მედიამ. ამ ინტერესმა ძალიან გამახარა, რადგან ეს კონფერენცია საუკეთესო საშუალება იყო, ჟურნალისტებს დეტალურად გაეგოთ ჩვენი ხედვა ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის თაობაზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდა, თუმცა საინფორმაციო საშუალებებში ყურადღება მხოლოდ იმაზე გამახვილდა, რომ პოლიტიკური პარტიების სრული შემადგენლობა არ მოვიდა ამ კონფერენციაზე. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მომავალ ხელისუფლებას ძალიან დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ თავი დააღწიოს ამუშავებულ მედიამანქანას და ის თავისუფალ რეჟიმში გადაიყვანოს.
კონფერენცია კი მართლაც საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ, პოლიტიკოსები და ექსპერტები კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დალაგდეს ფასის დაწესების გარეშე. დამოუკიდებლობა და თავისუფლება, დემოკრატია და სამართლიანობა პარალელურად მოსაგვარებელია. დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თანაც საჯაროდ.
დღეს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ძალიან აქტიური იყო. ერთდროულად გაიმართა რამდენიმე პრესკონფერენცია ბათუმში, თელავში, გურჯაანში. ასე რომ, დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.
P.S. მე და თემუკამ ისევ ვიმეცადინეთ.

27 იანვარი, ოთხშაბათი
დღეს ნინოობაა და ჩემი დღე ნინოსთვის მილოცვით იწყება. შემდეგ სამებაში წავედით წირვაზე. წირვის შემდეგ მისმა უწმინდესობამ დაგვლოცა.
ვიდრე საქმიან დღეს დავიწყებდე, ჩემს მეგობარს შევხვდი. ვილაპარაკეთ ყველაფერზე, ბავშვობაზეც, მათ შორის. არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა. პატარა პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, მოვუგვარებ. შემდეგ დედაჩემმა დამირეკა. მოკლედ, დღე ძალიან კარგად დაიწყო. არც მიკვირს - დღეს ხომ ნინოობაა!
შევხვდი “ევროპის სტაბილურობის ინიციატივის” წარმომადგენელს ჯერალდ კნაუსს. გულითადი შეხვედრა გვქონდა. ძირითადად, ვისაუბრეთ ჩემი ფინანსთა მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ვიმსჯელეთ ეკონომიკის განვითარების შემდგომ პერსპექტივებზე.
ბატონმა კნაუსმა აღნიშნა, რომ რევოლუციის შემდგომ პერიოდში, როგორც წესი, ქვეყნები სწრაფად ვერ იწყებენ ეკონომიკურ წინსვლას. მე ვუთხარი, რომ არ ყოფილიყო ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი, ვერც საქართველო შეძლებდა ამას. ის დამეთანხმა.
საინტერესო იყო შეხვედრა USAID-ის პოლიტიკური პროცესების უფროს მრჩეველთან ალექსანდრ სოკოლოვსკისთან. ჩვენ განვიხილეთ პარტიული სტრუქტურების მშენებლობის და განვითარების საკითხები, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის”, “ხალხის პარტიის” და “კონსერვატიული პარტიის” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო მანიფესტაცია გავმართეთ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებულ აქციას გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა.
დღის ბოლოს გამაცნეს სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები. ჩემი ვარაუდი, რომ ჩვენი მოძრაობის რეიტინგი იზრდება, გამართლდა. სასიამოვნოა, აგრეთვე, რომ პრაიმერის პარტნიორების - კონსერვატორებისა და ხალხის პარტიის - რეიტინგებიც იზრდება.

28 იანვარი, ხუთშაბათი
კარგად ვხედავ და მესმის საზოგადოების დაკვეთა, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას გულისხმობს. ეს უნდა ხალხს, ეს სჭირდება საქართველოს. ბოლო თვეების განმავლობაში მე დიდ ენერგიას და დროს ვხარჯავ, რომ ამ ერთიანობას მივაღწიოთ. ამიტომ გამოვეხმაურე მაშინვე პრაიმერის იდეას და, ვფიქრობ, მოძრაობამ “სამართლიანი საქართველოსთვის”, “ხალხის პარტიამ” და “კონსერვატორებმა” გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ. დღეს დავიწყეთ პრაიმერის ჩატარების მომხრეთა რეგისტრაცია. ღონისძიების მიზანი პრაიმერის იდეის პოპულარიზაცია იყო და იგი ერთდროულად გლდანში, ვარკეთილში და ვაგზლის მოედანზე გაიმართა. ჩემთან ერთად კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, ალეკო შალამბერიძე და ბიძინა გუჯაბიძეც იყვნენ. დიდხანს ვესაუბრეთ რეგისტრაციაგავლილ მოქალაქეებს და ყველამ დავინახეთ, რომ ოპოზიციის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევენთ მურათ ბურჰანს და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ ციბენკოს. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.
დღეს მქონდა პრესკონფერენცია წამლებსა და საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებზე, რომლის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. საფუძველი მხოლოდ ერთია: ხელისუფლება ნავთობპროდუქტებისა და ფარმაცევტულ ბიზნესს ფულს “აწერს”.
საღამოს დავით პაიჭაძემ მიმიწვია პირველ არხზე, თავის გადაცემა “დიალოგში”. ვფიქრობ, საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. მომეცა შესაძლებლობა, რომ, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია. ვაფასებ დავით პაიჭაძის დიალოგის კულტურას, კონსტრუქციულობას და, ამავე დროს, რატომღაც მხიარულ ხასიათზე დამაყენა სარეიტინგო გამოკითხვამ, სადაც, სხვათა შორის, პასუხებს “კი” და “არა” ტაბლო არა აქვს, რომ გასაგები გახდეს, სად რა სიხშირით ფიქსირდება ზარი, ამიტომ, დიდი პატივი დამდო პირველმა არხმა, რომელმაც დადებით პასუხად 12 თუ 14 პროცენტი აჩვენა.

29 იანვარი, პარასკევი
დილით ბაკურიანში წავედი, საღამოს დავბრუნდი თბილისში. მქონდა ბევრი და საქმიანი შეხვედრა მთავარი საბჭოს წევრებთან, ჩვენს აქტივისტებთან. ვხედავ, რომ მათი განწყობა სულ უფრო ოპტიმისტურია. ვისაუბრეთ ხალხის გაწევრიანებაზე პარტიაში, მომავალ არჩევნებზე.
მოგვიანებით „კარდაკარის“ შედეგები მოვისმინე. ის ახლა მიმდინარეობს თბილისის ოთხ რაიონში: ისანში, სამგორში, ვაკეში, ჩუღურეთში; ასევე, ოზურგეთში, ქობულეთსა და ლანჩხუთში. პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი საარჩევნო სიების გადამოწმებაა.

30 იანვარი, შაბათი
ცოდვა გამხელილი ჯობია და უნდა ვაღიარო, რომ, თურმე, ბავშვობაში სულ ტყუილად მეღიმებოდა დღიურების წერის მოყვარულ გოგონებზე. მადლობა რადიო “თავისუფლებას” ამ მიგნებისთვის. აღმოვაჩინე, რომ დღიურების წერისას კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება, დღის ანალიზი გავაკეთოთ (თუმცა, მაინც მეეჭვება, დღიურების წერას მივყო ხელი). საკმაოდ საქმიანი და ნაყოფიერი კვირა გამოდგა ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის.
მომავალი კვირა ჩემთვის ძალიან მძიმეა, რადგან ოთხშაბათს ზურას გარდაცვალების დღეა...
ორშაბათს შედგება პრაიმერში მონაწილე პარტიების ხელმოწერა შესაბამის დოკუმენტზე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პრაიმერის ღირსეულად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია პერსპექტივისთვის.
დამავიწყდა დამეწერა, რომ ამ კვირის განმავლობაში გამორჩეულად ყინავდა. აი, ამით იყო ეს კვირა განსხვავებული, მაგრამ თებერვალი იწყება და მალე გაზაფხული მოვა!
XS
SM
MD
LG