Accessibility links

logo-print

ვანის არქეოლოგიურ გათხრებს იღბალი არ ღალატობს


ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ექსპონატი

ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ექსპონატი

ამ დღეებში თბილისს პოლ გეტის კონსერვაციის მუზეუმის მეცნიერთა დელეგაცია სტუმრობდა. 2007 წელს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს და რკინის ნივთების ნაწილის კვლევა ჯერ მეტროპოლიტენ მუზეუმში, შემდეგ კი გეტის ცენტრში განხორციელდა. კვლევის შედეგებსა და, ზოგადად, შთაბეჭდილებებზე ქართველი მეცნიერების უცხოელი კოლეგები უკვე თბილისური აუდიტორიის წინაშე საუბრობდნენ. აღმოჩენილი ნივთების კვლევა-რესტავრაცია ახლა თბილისში გრძელდება და ექსპონატების ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას 2010 წლის შემოდგომაზე ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის განახლებულ საგამოფენო დარბაზში ექნება.

განძი, რომელიც ვანში 2007 წელს იმ სეზონზე არქეოლოგიური გათხრების ბოლო დღეებში იპოვეს,გაქცევის დროს ნაუცბათევად გადამალულის შთაბეჭდილებას ტოვებს და ამაზე არაერთი დეტალი მიანიშნებს. ბრინჯაოსა და რკინის ამ რაოდენობის ნივთების ერთად აღმოჩენა არცთუ ისე ხშირი შემთხვევაა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გვიხსნის, რომ ბრინჯაოსა და რკინის ჭრაქები, სასაკმევლეები, სადგრები, დიდი ზომის ბრინჯაოს ჭურჭელი და შუბისპირები ძვ.წ. მესამე-პირველი საუკუნეებით თარიღდება. 2009 წელს გეტის მუზეუმში გამოსაკვლევად ამ ნივთების მხოლოდ მცირე ნაწილი წაიღეს:

დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი
”მართლა უნიკალური აღმოჩენაა ამდენი და ასეთი ნივთი ერთად. როგორც ჩანს, ეს არის ტაძრის ინვენტარი.ცხადია, აღმოჩენის პირველივე დღიდან დაიწყო მათი კვლევა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს არ ყოფილიყო ვიწრო, ლოკალური კვლევა. ამიტომ იყო, რომ ჩვენთან ერთად მუშაობდნენ დასაწყისში მეტროპოლიტენ მუზეუმის ლაბორატორიის სპეციალისტები, შემდეგ კი მეცნიერები გეტის ცენტრიდან. ამ ნივთებმა იმოგზაურა, ასე ვთქვათ... ისინი ტექნოლოგიურად გამოიკვლიეს, რომ დადგენილიყო რისგან შედგებოდა, დათარიღებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მეცნიერული კვლევა.

კვლევა ჯერ არ დასრულებულა და ის კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, მაგრამ, რაც მნიშვნელოვანია, კვლევა, როგორც დავით ლორთქიფანიძე ამბობს, სწორად დაიწყო:

პოლ გეტის კონსერვაციის მუზეუმის კონსერვატორი ჯეფრი მეიში რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ქართველ მეცნიერებთან ერთად მუშაობა, პროცესი კი - საინტერესო აღმოჩენებით აღსავსე:

”ამ ჭრაქებმა, რომლებსაც ჩვენ ვიკვლევდით, გვაჩვენა მაშინდელი ტექნოლოგიის დონე, დაგვანახვა რა შეეძლო ადამიანს ათასწლეულების წინ, თითოეული ეს ჭრაქი უნიკალურია როგორც კომპოზიციურად, ისე ტექნიკურად, და ნათლად მიანიშნებს იმ ტექნიკურ შესაძლებლობებზე, რომელიც ჰქონდა ქართველ ხალხს ორი ათასი წლის წინ. მოკლედ, ეს ნივთები ესთეტიკურადაც ლამაზია და ტექნიკური თვალსაზრისითაც დღესაც კი მათი შექმნა საკმაოდ რთული საქმეა.”

მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღმოჩენილ ნივთებს უდიდესი რიტუალური დატვირთვა ჰქონდა და ისინი, შესაძლოა, მტრის შემოსევის დროს გადამალეს. ვანი ხომ მის დანგრევამდე ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ცენტრი იყო. დავით ლორთქიფანიძისთვის აღმოჩენილ ნივთებს მხოლოდ ისტორიული დატვირთვა არა აქვს. ისინი ამავე დროს ლამაზიცაა: ”როდესაც ექსპონატები ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ მუზეუმში, გამოვფინეთ, მახსოვს მუზეუმის დირექტორის რეაქცია, ეს ისეთი აღმოჩენებია, რომ ცალკე მუზეუმს იმსახურებსო.”

ვანის 2007 წლის აღმოჩენას ”განსხვავებული ხარისხის ინფორმაციის შემცველს” უწოდებს ამ განძის აღმომჩენი არქეოლოგი დიმიტრი ახვლედიანი და გვიხსნის, თუ აქამდე ეს ადგილები ოქროს ნივთების სიმრავლით იყო ცნობილი, ახლა მას ბრინჯაოსა და რკინის დიდი რაოდენობით ექსპონატებიც დაემატაო. 2007 წლის ის დღე, როდესაც გათხრებზე მომუშავე მუშა ამ ნივთებიდან პირველს - წყლის დიდ ჭურჭელს წააწყდა, მართლაც დაუვიწყარი იყო: ”ერთ-ერთ უბანზე ვმუშაობდით ვანის ნაქალაქარზე, თავდაცვით სისტემას ვთხრიდით და ვფიქრობდით, რომ გათხრები, სადაც იყო, დასრულდებოდა, მაგრამ უცებ ჩვენი მუშა შემთხვევით წააწყდა ბრინჯაოს დიდ ჭურჭელს...”

ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ექსპონატი
ერთად მოგროვილი ნივთები ერთი მეტრი და ოთხმოცი სანტიმეტრი სიგრძის და, დაახლოებით, ოთხმოცი სანტიმეტრი სიგანის ორმოში იყო ჩამარხული. დიმიტრი ახვლედიანი ამბობს, რომ შემდეგი ამოცანა ამ ნივთების დაცვა და გადარჩენაა. მათი ნაწილის გაწმენდა-რესტავრაცია ახლა მიმდინარეობს. უცხოელი ექსპერტებიც ქართველ მეცნიერებს ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში ეხმარებიან. დავით ლორთქიფანიძე გვიხსნის, რომ არც ერთი ქართული კვლევა თანამედროვეობას არ უნდა ჩამორჩეს.

ეროვნული მუზეუმის დირექტორი ფიქრობს, რომ ნივთების ნაწილი კვლევის დასრულების შემდეგ ისევ მშობლიურ ვანს დაუბრუნდება და იქ გამოიფინება.

დავით ლორთქიფანიძეს იმედი აქვს, რომ მალე საქართველოშიც იქნება ისეთი ლაბორატორიები, სადაც შედევრებს გამოიკვლევენ და მათი წაღება მსოფლიოს ცნობილ კვლევით ცენტრებში საჭირო აღარ გახდება.

პარალელურად კი ვანში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება. ჯერჯერობით ვანის ექსპედიციას იღბალი არ ღალატობს.
XS
SM
MD
LG