Accessibility links

logo-print

„დიდი პოლიტიკის“ მორიგი კვირა


ნინო ბურჯანაძის შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან

ნინო ბურჯანაძის შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან

პოლიტიკური მოვლენებით გადატვირთულ გასულ კვირაში ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა, ტყიბულის მაღაროში მომხდარი ტრაგედია, თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალება, საქართველოს აკვატორიაში რუსეთის ფლოტის წვრთნები და ბათუმში ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლამ და რუსეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულმა შეხვედრამ გადაფარა.

გასული კვირა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნით დაიწყო. ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლა 2006 წლის ივლისში რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეწყდა. საზღვრის გახსნას მიესალმნენ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები, თუმცა ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების ერთმა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთთან საზღვრის გახსნა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

საწინააღმდეგოს ამტკიცებდა ხელისუფლება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ კონტროლი საზღვარზე მკაცრი იქნება, რისკი კი, შესაბამისად, მინიმალური.

გასულ კვირაში საზღვარი უკვე გადაკვეთა საქართველოსა და რუსეთის რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს 3 მარტს ესტუმრა საქართველოში ვიზიტად მყოფი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მიგელ ანხელ მორატინოსი, რომელმაც თბილისში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შედეგების აღმოფხვრა იოლი არაა და რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი.

ევროკავშირის წარმომადგენლის საქართველოში სტუმრობისას გაირკვა, რომ თბილისი და ბრიუსელი უახლოეს მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ მორატინოსი
ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში სტუმრობას დაემთხვა სამხედრო სწავლება, რომელიც რუსეთის სამხედრო ფლოტმა საქართველოს აკვატორიაში, ოჩამჩირის მახლობლად, გამართა. უნდა ითქვას, რომ იმავე პერიოდში, ასევე შავ ზღვაში, ბათუმის მახლობლად, ერთობლივ წვრთნას ამერიკელი და ქართველი მეზღვაურებიც გადიოდნენ. ამერიკის ფლოტის ფრეგატის, "ჯონ ჰოლის", ეკიპაჟმა საქართველოს სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობასთან ერთად ძებნის და გადარჩენის, ჩხრეკის და აბორდაჟის, დაზიანების კონტროლის მეთოდების დახვეწაში ივარჯიშა.

გასულ კვირაში უბედური შემთხვევა მოხდა ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში, სადაც, მეთანის აფეთქების შედეგად, ოთხი მაღაროელი გარდაიცვალა. ტრაგედიის ადგილზე ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დახმარების გამოყოფისა და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

ვითარებაში გარკვევა და კომისიაში ჩართვა მოითხოვეს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა. ირაკლი პეტრიაშვილი ეჭვობს, რომ ტრაგედია, დიდწილად, სუბიექტურმა ფაქტორმა, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ განაპირობა.

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო 4 მარტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ იყო გამოცხადებული. გასულ კვირაში გლოვა ჰქონდათ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაშიც, სადაც მოსკოვიდან ყოფილი ლიდერის, ვლადისლავ არძინბას, ცხედარი ჩაასვენეს. 64 წლის არძინბა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკაში 25 თებერვლიდან მკურნალობდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ ვლადისლავ არძინბას აფხაზი ხალხისთვის მოვლენა და მთელი ეპოქა უწოდა. არძინბას გარდაცვალებას გამოეხმაურა აფხაზეთის დევნილობაში მყოფი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავაც:

„ყველა შემთხვევაში სიკვდილი ცუდია და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ადამიანმა ითამაშა უარყოფითი, დამანგრეველი როლი როგორც საკუთარი ეთნოსის, ასევე საქართველოსა და მთელი კავკასიის ისტორიაში.“

ნინო ბურჯანაძე და ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკური მოვლენებით გადატვირთული კვირა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლით დასრულდა. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყანაში დიდი პოლიტიკის გასაკეთებლად მიდიოდა. თუმცა, ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბურჯანაძეს სულ სხვა ქმედებებში დასდეს ბრალი.

„როდესაც ოპოზიცია ეძებს დასაყრდენს ქვეყნის გარეთ, ამას სულ სხვა რამე ჰქვია. რა არის კოლაბორაციონიზმი? ოკუპანტთან თანამშრომლობა!“, განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ. მისგან განსხვავებით, ბურჯანაძის ოპონენტებმა უფრო მკვეთრი გამონათქვამები გამოიყენეს, თუმცა ქვეყნის ღალატში დადანაშაულებულმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რჩება მკვეთრი პროქართული კურსის პოლიტიკოსად.

კვირის ბოლოს, მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნინო ბურჯანაძე შეხვედრების გასამართად ბრიუსელსა და ვაშინგტონში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG