Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური დიალოგი რეფორმების მხარდასაჭერად


ლევან ალექსიძე
ლევან ალექსიძე
საქართველოს განათლების სამინისტროში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომელიც სრული შემადგენლობით 10 დღეში დაკომპლექტდება. მას საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლევან ალექსიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების სწორად გატარებისათვის პროცესში საზოგადოების ჩართულობა ბოლო დროს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება. თუმცა თავად საზოგადოება თავის როლს მხოლოდ რეფორმების ხელშეწყობით არ შემოსაზღვრავს.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ წარდგენის შემდეგ აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ განმარტა, რომ დრო არ ითმენს და, დარგის გამოცდილი და კომპეტენტური სპეციალისტების ჩარევით, რეფორმები გარკვეულ კორექციასაც დაექვემდებარება:

”ვეცდებით, რომ რეფორმა გაგრძელდეს, აუცილებლად გაგრძელდეს, მაგრამ გარკვეული კორექციებით და შეიძლება უფრო დიდი სიმძაფრით იმის გამო, რომ დრო არ ითმენს და, ალბათ, არც ჩვენი ახალგაზრდობა ითმენს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი განათლება და მეცნიერება იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს ამ ეტაპზე და მომავალში.”

ლევან ალექსიძის განმარტებით, საბჭოს შემადგენლობაში 12-13 კაცი გაერთიანდება. ახალგაზრდა და ღვაწლმოსილი პროფესიონალების ენერგიისა და ცოდნის შერწყმა განათლების რეფორმის ხელშეწყობისათვის გამართლებულად მიაჩნია საბჭოს შექმნის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორს, განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს:

”განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების, ექსპერტების, პროფესიონალების ჩართულობა, ყველა რესურსის გამოყენება, რაც არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ჩამოვაყალიბეთ 2 თვის წინ საზოგადოებრივი დარბაზი, რომლის კარები ყველასთვის ღიაა და ამიტომ დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამინისტროში შეიქმნას მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება პროფესიონალებით და რომელთან ერთადაც ჩვენ განვახორციელებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაგეგმილია და ჩვენს სფეროში ხორციელდება.”

განათლების სისტემის 2010-11 წლების გამოწვევები და ინიციატივები რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის გაზრდას, მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფას, მასწავლებელთა სერტიფიცირებას, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწასა და განვითარებას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის განვითარებასა და დანერგვას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სხვა. განათლების სამინისტრომ სწორედ ამ მიმდინარე თუ კონცეპტუალური მიდგომების შექმნისა და რეალიზების საქმეში თანამონაწილეობის მიზნით, მრჩეველთა საბჭოს გარდა, უკვე აამოქმედა ასევე საზოგადოებრივი დარბაზიც.

დარბაზში გაწევრიანდნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, პოლიტიკური პარტიების, პროფკავშირებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, ექსპერტებს. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო მზადაა ყველას პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს. რამდენად კოლეგიალური და ქმედითი ინსტიტუტია საზოგადოებრივი დარბაზი და რა პერსპექტივა ელის მრჩეველთა საბჭოს? ამ შეკითხვით საზოგადოებრივი დარბაზის ერთ-ერთ წევრს, მასწავლებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელს მანანა ღურჭუმელიძეს მივმართეთ.

”თუ ლევან ალექსიძეს საშუალება მიეცემა საბჭო თავისი შეხედულებისამებრ დააკომპლექტოს და მრჩეველთა რეკომენდაციებიც სამინისტროს გადაწყვეტილებებში შესაბამისად აისახება, საბჭოს პერსპექტივა ექნება”, - გვითხრა მანანა ღურჭუმელიძემ. რაც შეეხება საზოგადოებრივ დარბაზს, მისი შეფასებით, სოციალური დიალოგის ეს ფორმა რიგით ფორმალობას ემსგავსება.

”სამჯერ იყო სულ ეს საზოგადოებრივი დარბაზი შეკრებილი. რა გავლენა მოახდინეს, რა გადაწყვეტილება შეაცვლევინეს ან მიაღებინეს სამინისტროს? -კითხულობს მანანა ღურჭუმელიძე.

”ძალიან კარგი ინიციატივაა მინისტრის მხრიდან, შეიკრიბოს ის ხალხი, რომელიც უშუალოდ მუშაობს განათლების საკითხებზე - საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები - და ვიმსჯელოთ ყველა იმ პრობლემაზე, ყველა იმ ინიციატივაზე, რომელიც გვაქვს განათლების სისტემაში და ერთგვარ ტრადიციადაც დავნერგოთ, იმიტომ რომ განათლება უნდა იყოს პოლიტიკური კონკურენციის მიღმა“, -

განაცხადა, თავის მხრივ, საზოგადოებრივი დარბაზის დაარსების დღეს დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა. საზოგადოებრივი დარბაზი და მრჩეველთა საბჭო, რეგლამენტით, თვეში ერთხელ იკრიბებიან. განათლების სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრთა ვინაობა 10 დღის ვადაში დაზუსტდება.
XS
SM
MD
LG