Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებამდე გამთლიანდება


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველომ კიდევ ერთი დიდი მადლობა 25 მარტს ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნისგან მიიღო და იქვე კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მისამართით. პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ დადო საქართველოს დახმარების პირობა ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ქვეყანას შესასრულებელი ვალდებულებებიც შეახსენა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის აღმოფხვრას ნატოში გაწევრიანებამდე მოახერხებს, თუმცა ჯერჯერობით კვლავაც უპასუხოა შეკითხვა, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში.

”ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას. ნატო კვლავაც აბსოლუტურად ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მისამართით. ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ მისდევენ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - არაღიარების პოლიტიკას. ნატო კვლავაც მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საქართველოსთან დაკავშირებული ვალდებულებები... კერძოდ, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და, ასევე, შეუშვას საერთაშორისო მეთვალყურეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”, - ასეთია ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ 25 მარტს წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც ნატოს გენერალური მდივნის რანგში მას სხვა დროსაც არაერთხელ აქვს გამეორებული. თუმცა ეს არის დამოკიდებულება, რომლის გამეორებაც ყოველ ჯერზე ასე მნიშვნელოვანია ალიანსში გაწევრიანების მსურველი საქართველოსთვის.

შეკითხვაზე - როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში, გენერალურ მდივანს კონკრეტული პასუხი არ აქვს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვიდრე გაწევრიანების დღე დადგება, ქვეყანამ აგვისტოს ომის შემდეგ საგანგებოდ ამოქმედებული ნატო-საქართველოს კომისიის ეგიდით მნიშვნელოვანი ”საშინაო დავალება” უნდა შეასრულოს. ანდერს ფოგ რასმუსენი შეახსენებს საქართველოს, რომ ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება წარმოადგენს:

”ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ საარჩევნო და კონსტიტუციური აუცილებელი რეფორმების განხორციელებას იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც საქართველომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში უნდა შეასრულოს. ამ კუთხით, მიმდინარე წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.”

ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას, ისევე როგორც აგვისტოს ომის შემდეგ საგანგებოდ ამოქმედებულ ნატო-საქართველოს კომისიას, ანდერს ფოგ რასმუსენი იმ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელმაც საქართველო ნატოს წევრობისთვის უნდა მოამზადოს. მთავარია, რომ საქართველომ სწორად გამოიყენოს ეს ინსტრუმენტები.

ნატოსგან მიღებული ”საშინაო დავალების” შესრულების აუცილებლობას ხაზი 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გაუსვა და თქვა, რომ საქართველო, აფხაზ და ოს მოქალაქეებთან ერთად, საერთო ”ევროპული მომავლისთვის იბრძვის”. ეს ბრძოლა, პრეზიდენტის თქმით, გამოიხატება ”საარჩევნო პროცესით, დემოკრატიითა და ეკონომიკური განვითარებით”, ამ მხრივ კი, საქართველომ ”უზარმაზარ წინსვლას” მიაღწია. სწორედ ამ ”უზარმაზარი წინსვლის” უფრო უკეთ აღსაქმელად მოიწვია მან ანდერს ფოგ რასმუსენი და ყველა სხვა დაინტერესებული პირი საქართველოში. ამასთან, 25 მარტს მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წვლილზეც. თქვა, რომ პატარა საქართველოსთვის ”დიდი ფუფუნებაა” ათასამდე ჯარისკაცის ავღანეთში გაგზავნა, მაგრამ ქვეყანა სათანადოდ აცნობიერებს ამ ნაბიჯის მნიშვნელობას. აქვე კიდევ ერთხელ გახმოვანდა შეთავაზება, რომელიც ”საქართველოში ავღანელი პოლიციელების მომზადებასა” და საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო ტერიტორიად გამოყენებას უკავშირდება.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების კონკრეტულ ვადას, პრეზიდენტი ამ ეტაპზე ამ ვადის დაზუსტებას არააქტუალურ საკითხად მიიჩნევს. თუმცა ვარაუდობს, რომ ამ მიზნის მიღწევაში ქვეყანას ხელს ვერ შეუშლის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა:
”ვფიქრობ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის დანაწევრებული ქვეყანა ნატოს წევრი მაინც გახდა. მე ვიმედოვნებ, რომ დანაწევრების პრობლემას ჩვენ მანამდეც გადავლახავთ... და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ეს ჩვენი საქმე არ არის - ვიმარჩიელოთ, ზუსტად რომელ რიცხვში მოხდება ეს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ 2012-ში აღარ იარსებებს მსოფლიო, ნატოს ჩათვლით... მაგრამ ჩვენ ამის მაინცდამაინც არ გვჯერა. ”

საქართველოში მაინც იმედოვნებენ, რომ ქვეყანას ”საშინაო დავალების” შესრულების რეჟიმში ყოფნა 2-3 წელიწადს მოუწევს და ამის შემდეგ ქვეყნის გაწევრიანება-არგაწევრიანებასთან დაკავშირებით თავად ნატოს მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის პრეზიდენტის ალექსანდრე რონდელის განმარტებით, ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილება არაერთ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული:
”ყველაფერი დამოკიდებულია პატარა ქვეყნისთვის იმაზე, თუ როგორი იქნება ძალთა ბალანსი იმ დროისთვის, როდესაც დადგება ჩვენი ნატოში მიღების საკითხი: რუსეთი რა მდგომარეობაში იქნება, როგორი იქნება მისი ურთიერთობები ნატოსთან და დასავლეთთან, ევროპა და ამერიკა როგორ იქნებიან ერთმანეთში... ”

ალექსანდრე რონდელი ხელისუფლების ამოცანას ადარებს ”გზის გაკვლევას ტალღებში” ისე, რომ ”არ ჩაიძიროს და კარგი მომენტი მონახოს იმ გემზე ასაძრომად, რომელსაც ჰქვია ნატო.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG