Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პარლამენტი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას გმობს


სერბიის პარლამენტის სხდომა
სერბიის პარლამენტის სხდომა
სერბიის პარლამენტმა დღეს დილით გამართულ სხდომაზე დაგმო 1995 წელს სრებრენიცაში დაახლოებით 8,000 მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის ფაქტი და ბოდიში მოუხადა მოკლულთა ნათესავებს. სერბიის პარლამენტი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა სრებრენიცის სისხლისღვრის აღკვეთა 1995 წელს. პარლამენტის ამ ნაბიჯს ევროკავშირი და ადამიანის უფლებების დამცველები დადებითად შეხვდნენ - ის შეაფასეს როგორც სერბი პოლიტიკოსების მხრიდან წარსულში ჩადენილ დანაშაულთა უარყოფის დასასრული და შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

თუმცა რეზოლუციას ზოგიერთი სერბი კრიტიკით შეხვდა. ისინი აცხადებენ, რომ დოკუმენტში მხოლოდ ბოსნიელი სერბების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოყოფა უსამართლოა, ვინაიდან 1990-იან წლებში ომის დანაშაულებს ბოსნიელი მუსულმანები და ხორვატებიც სჩადიოდნენ.

საკუთრივ სრებრენიცის ტრაგედიის მსხვერპლთა შორის კი დოკუმენტს ბევრმა „აზრს მოკლებული“ უწოდა, ვინაიდან მასში ტერმინი „გენოციდი“ ნახსენები არ არის.

რეზოლუცია, რომელიც 1995 წლის ივლისში სრებრენიცაში დაახლოებით 8,000 ბოსნიელი მუსულმანის დახოცვას გმობს, სერბიის პარლამენტმა ოთხშაბათ დილით გამართულ სხდომაზე მცირე უპირატესობით მიიღო. რეზოლუციას 250 წევრიან პარლამენტში 127-მა დაუჭირა მხარი - აუცილებელ უმრავლესობაზე ორით მეტმა დეპუტატმა.

დეკლარაცია ბოდიშს უხდის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ.

ამასთან, ხაზგასმით აღნიშნულია რატკო მლადიჩის დაპატიმრების აუცილებლობა. ამჟამად ძებნილი მლადიჩი ბოსნიელი სერბების ლიდერი იყო და სრებრენიცის დაკავების ოპერაციას სათავეში ედგა. მას გაეროს ტრიბუნალი გენოციდის მოწყობაში სდებს ბრალს.

სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა:

„ამ აქტით სერბიის პარლამენტი, სერბიის მოქალაქეები და სერბი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ ემიჯნება ამ საზარელ დანაშაულს და მას არანაირად არ უჭერს მხარს“, - განაცხადა მან.

მმართველი კოალიციის წევრმა, ნენად ცანაკმა, რომელიც სოციალ-დემოკრატთა ლიგას ხელმძღვანელობს, კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, სერბებს კვლავაც ბევრი აქვთ გასაკეთებელი იმ შემზარავ აქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც 1990-იან წლებში მათი სახელით სჩადიოდნენო:

„დეკლარაცია, რომელსაც ახლა ვუყარეთ კენჭი სერბიის პარლამენტში, მხოლოდ დასაწყისია, უბრალოდ, იმიტომ რომ დოკუმენტში წარმოჭრილი საკითხი ჩვენი წარსულის აისბერგის მხოლოდ წვერია, ამ აისბერგს კი თვალი უნდა გავუსწოროთ. ომის ამ დანაშაულის [გამორკვევას] მომავალ თაობებს ვერ დავუტოვებთ.“

მართლაც, პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაცია დაახლოებით 8,000 მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის ფაქტს „გენოციდს“ პირდაპირ არ უწოდებს. დოკუმენტი ამას ირიბად აკეთებს: ტექსტში ვკითხულობთ, რომ „სერბიის პარლამენტი მკაცრად გმობს 1995 წელს სრებრენიცაში მუსულმანი ბოსნიელების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, როგორც მას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო განსაზღვრავს.“

სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა ბოსნიაში 1992-95 წლებში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის ერთადერთი ეპიზოდია, რომელსაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ „გენოციდი“ უწოდა.

იმ განაჩენით სასამართლომ სერბიას მოუხსნა პასუხისმგებლობა უშუალოდ ხოცვა-ჟლეტის ფაქტზე, თუმცა დაადგინა, რომ ბელგრადმა არასაკმარისი ზომები გაატარა მკვლელობების აღსაკვეთად.

ის, რომ სერბიის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში სიტყვა „გენოციდი“ ნახსენები არ არის, პარლამენტში გამართულ ცხარე კამათსა და რეზოლუციის მცირე უპირატესობით მიღებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მოწმობს, რაოდენ რთულ საკითხს წარმოადგენს სერბიული საზოგადოებისთვის წარსულში მომხდარი ომები. სერბების ნაწილი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას კვლავაც არ აღიარებს.

2005 წელს პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა მონაწილეობა მიიღო სრებრენიცის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და მსხვეპლთ საჯაროდ მოუხადა ბოდიში. ამ ნაბიჯის გამო პრეზიდენტი ბევრმა მწვავედ გააკრიტიკა.

სერბი უფლებადამცველების ნაწილის აზრით, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სრებრენიცას გენოციდად აღიარებს, ოღონდ ამას ისეთი ფორმით აკეთებს, რომელიც მაქსიმალურად მისაღებია სერბიული საზოგადოებისთვის.

თუმცა ბევრისთვის ეს საკმარისი არ არის.

მუნირა სუბასიჩი ბოსნიელი მუსულმანი ქალია, რომელმაც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში ქმარი და ვაჟიშვილი დაკარგა. ის ახლა სარაევაში ცხოვრობს და ორგანიზაცია „სრებრენიცის დედების“ წევრია. დეკლარაციას სუბასიჩი ასე აფასებს:

„იმედგაცრუებული ვარ. უკვე 15 წელი გავიდა და ამ მკვლელობებს მათ მართებული სახელი მაინც ვერ უწოდეს. გენოციდი უბრალო დანაშაული არ არის. სრებრენიცაში გენოციდი მოხდა - ეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომაც დაადგინა. ჩვენ - იმ დედებმა, რომლებიც ამ გენოციდს ვემსხვერპლეთ - ეს კარგად ვიცით. ეს ზოგიერთი უსინდისო პარლამენტარის სამარცხვინო საქციელია. მათ სინდისი არასოდეს ექნებათ. მივესალმები იმ დეპუტატებს, რომლებიც სიმართლეს ამბობდნენ. ევროკავშირისკენ სვლაში სწორედ მათ უნდა შევუერთდეთ.“

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ბევრი - მათ შორის სრებრენიცის მსხვერპლთა ახლობლები, ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები - ამ რეზოლუციის მიღებას მაინც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, განსაკუთრებით სერბიის მხრიდან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ასეთივე შეფასებას აკეთებენ საკუთრივ ევროკავშირის წარმომადგენლები. გაწევრიანების ერთ-ერთ პირობად ევროკავშირმა სერბიას გაეროს ტრიბუნალთან სრულად თანამშრობლობა წაუყენა, ისევე როგორც ბალკანეთში შერიგების პროცესების ხელშეწყობა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG