Accessibility links

გასული კვირის პოლიტიკურ მოვლენებს ერთგვარი დაღი დაასვა მოსკოვის მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა. რუსულ მედიაში ქართული კვალის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიმომხილველებმა საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის განხორციელების წინაპირობად მიიჩნიეს, თუმცა კვირის ბოლოს ვნებები შედარებით დაცხრა, როცა რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტების ორგანიზატორთა ვინაობა დაასახელეს.

გასული კვირის პირველ ნახევარს მძიმე კვალი დაამჩნია საქართველოდან შორს, მოსკოვის მეტროპოლიტენის ორ სადგურში, ერთი საათის ინტერვალით მომხდარმა ორმა აფეთქებამ, რომელთა შედეგად 40 ადამიანი დაღუპა და 70-მდე დაშავდა. რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ცხელ გულზე ტერორისტების ”განადგურების” პირობა დადეს, საქართველოს ხელისუფლებამ კი თანადგომა გამოუცხადა რუს ხალხს, თუმცა ორიოდე დღეში გამართლდა ქართველი ექსპერტების შიში იმის თაობაზე, რომ რუსეთის მთავრობა მომხდარს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებდა. ქართულ კვალზე პირველი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ალაპარაკდა:

”გვქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ცალკეულ თანამშრომლებს კონტაქტი აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში. მოსკოვის ტერაქტებთან კავშირში ჩვენ ეს ვერსიაც უნდა შევამოწმოთ.”

რუსეთის მედიაში ნიკოლაი პატრუშევის მიერ გაკეთებულმა ამ განცხადებამ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი შეაშფოთა. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა ნიკა ლალიაშვილმა თქვა, რომ მსგავსი განცხადებები არასოდეს კეთდება კრემლის ლიდერებთან შეთანხმების გარეშე:

”რუსეთის უშიშროება - ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც ამზადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს და ახდენს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებას. შესაბამისად, ამ უწყების მიერ გაკეთებული განცხადება ქართული კვალის თაობაზე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში. ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და, პრაქტიკულად, ის შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსათვის ახალი ომის გამოცხადების საწინდრად.”

თუმცა გასულ კვირაში საქმე ომის გამოცხადებამდე არ მისულა. მოსკოვის მეტროში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამბოხებული ჩეჩნების ლიდერმა დოკუ უმაროვმა იკისრა, რუსეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კი ტერაქტის სხვა ორგანიზატორთა ვინაობა დაასახელა. მომხდარი ტერაქტისა და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, გასულ კვირაში რუსეთის ხელისუფლებამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ავიაკომპანია „აირზენას“ მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების განხირციელების ნებართვა მისცა. ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ჩარტერული რეისები აღდგომის შემდეგაც - 10, 12 და 14 აპრილს - განხორციელდება:

”მოხარულები ვართ, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას და სადღესასწაულო დღეებში ჩარტერული ავიარეისები დაინიშნა. მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირველი, 2 და 3 აპრილის რეისებზე ყველა ბილეთი გაიყიდა”, უთხრა ნინო გიორგობიანმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა გასულ კვირაში რუსეთის ხელისუფლება ნაკლებად ლმობიერი იყო აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ. აფხაზეთის დევნილობაში მყოფმა მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ საბერიოს 15 მკვიდრი დააკავეს. ეს ფაქტი რადიო თავისუფლებას საბერიოს მცხოვრებლებმაც დაუდასტურეს:

”დაკავებულები ჩემი მეზობლები არიან, მაგრამ მათ სახელსა და გვარებს ვერ ვიტყვი. მძღოლი ჩემი ნათესავია. შემოვლითი გზით მიდიოდნენ და იქ, ტყეში, ყოფილან ჩასაფრებული რუსები. როცა გამოვიდა ავტობუსი, იქვე დაიჭირეს. მგზავრები, ტვირთიანად, თავიანთ შტაბში წაიყვანეს. მობილურები ყველას გამორთული აქვს, ვერ ვუკავშირდებით.”

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, გასულ კვირაშივე რუსმა სამხედროებმა საზღვრის დარღვევის მოტივით კიდევ ორ ათეულამდე მოქალაქე დააკავეს. მათი გათავისუფლებისა და ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების მოთხოვნით, ადგილობრივი მცხოვრებლები საპროტესტო გამოსვლის მოწყობას აპირებენ.

ასევე აფხაზეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება გასული კვირის კიდევ ერთი ნეგატიური ინფორმაცია. გავრცელებული ცნობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობას ბოლივია და ეკვადორი აპირებენ. ინფორმაციას, რომელიც რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას განცხადების საფუძველზე გაავრცელეს, მშვიდად შეხვდნენ საქართველოში. კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნების აღიარება ბევრს არაფერს ცვლის. მისი თქმით, გადამწყვეტია დიდი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის პოზიცია.

გასული კვირის მეორე ნახევარი, პირველისგან განსხვავებით, ძირითადად, შიდაპოლიტიკური მოვლენებით აღმოჩნდა დატვირთული. გამოქვეყნდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც პარტიათა შორის „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. მას უახლოეს არჩევნებში გამოკითხულთა 36 პროცენტი დაუჭერდა მხარს. ქრისტიან-დემოკრატებმა და ლეიბორისტებმა კი შესაბამისად, ათი და რვა პროცენტით, მეორე და მესამე ადგილები გაიყვეს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ეჭვი შეიტანეს კვლევის ობიექტურობაში. აი, რა განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნესტან კირთაძემ:

„გაყალბებულია ყველა ის მაჩვენებელი, რომელსაც ეს ავტორიტეტული ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით აქვეყნებენ.“

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ლეიბორისტული პარტია მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობს, გასაკვირი არაა, რომ მისი ლიდერები კვლევის შედეგების მხოლოდ კომენტირებას დასჯერდნენ. ძნელი სათქმელია უკავშირდება თუ არა პირდაპირ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას პოლიტიკური პროცესი, რომელიც გასულ კვირაში სოზარ სუბარის აქტიურობით დაიწყო. „ალიანსი საქართველოსათვის“ თანათავმჯდომარემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ხელახლა შთაბერა სული დღის წესრიგიდან ამოღებულ „ოპოზიციის ერთიანი კანდიდატისა“ და „გამარჯვების ფორმულის“ თემებს. სოზარ სუბარი მზად არის უარი თქვას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე.

”ძალიან ბევრჯერ მითქვამს - რაზეა ლაპარაკი, ოღონდ კი რამე შეთანხმებას მივაღწიოთ და მე უარს ვამბობ... რაც არასოდეს იწვევდა მოწონებას „ალიანსის“ შიგნით. უბრალოდ, მე მიმაჩნდა, რომ ეს არის სწორი გზა და ეს არის 100%-იანი გამარჯვების გარანტია. პრინციპულად ახალი, რასაც ახლა ვამბობ და რაც ასე მკაფიოდ აქამდე არ თქმულა, არის ის, რომ თუკი შევთანხმდებით მაჟორიტარულ ოლქებში, მაშინ ოპოზიცია გაიყვანს თავის მაჟორიტარ დეპუტატს და ამას დაემატება პროპორციული სიით გაყვანილი დეპუტატები (სიები იქნება არა ერთიანი, არამედ სხვადასხვა) და ოპოზიციას უმრავლესობა ეყოლება საკრებულოში, რომელიც მერე აირჩევს თავმჯდომარეს”, უთხრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას.

აღმოჩნდა, რომ ამგვარი სქემის საწინააღმდეგო არაფერი აქვს „ალიანსში“ შემავალ რესპუბლიკურ პარტიას, რომლის ლიდერები, იმავდროულად, პრინციპულ უარს აცხადებენ ეროვნული საბჭოს ერთ-ერთ ლიდერთან, ზურაბ ნოღაიდელთან, ურთიერთობაზე.

დავით ბერძენიშვილი: „ნოღაიდელს ჩვენ არ ველაპარაკებით. ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებებს მათთან. სოზარმა შესთავაზა. მათი მხრიდან ველოდებით დასტურს, რომ ირაკლი ალასანიას აღიარებენ. ჯერ აღიარონ და მერე ვილაპარაკოთ საკრებულოს თავმჯდომარის კონკურენტუნარიან კანდიდატზე.“

თუმცა სულ მალე გაირკვა, რომ რესპუბლიკელების ამგვარი მოთხოვნა მიუღებელია ეროვნული საბჭოს ლიდერებისათვის:

„ულტიმატუმებით საუბარი ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენს გარეშე გამარჯვება არ არსებობს. ამიტომ, ვისაც უნდა გამარჯვება, უნდა ილაპარაკოს გამარჯვების ფორმულაზე და არა ულტიმატუმებზე“, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

გამარჯვების ფორმულაზე, როგორც ჩანს, უახლოესი დღეების განმავლობაში, ძირითადად, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და „ალიანსი საქართველოსათვის“ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი ილაპარაკებენ.
თუმცა გასულ კვირაშივე გაირკვა, რომ დიდ შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები. არადა, შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. საქმე ისაა, რომ გასულ კვირაშივე პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG