Accessibility links

logo-print

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები გორში


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს გორში ჩავიდნენ. ისინი რეგიონში უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდნენ და შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნატორთან ვლადიმერ ვარძელაშვილთან გამართეს.

გუბერნატორმა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოსაზღვრე სოფლებში არსებული ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ცხინვალიდან ქართული სოფლების მიმართულებით სროლა ხორციელდება, ოკუპანტები კი ადგილობრივ მოსახლეობას ეროვნული ნიშნის მიხედვით აკავებენ და შემდეგ მათ გაცვლაზე ვაჭრობას იწყებენ.

შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ დელეგაციის წევრები მასპინძლებთან ერთად ერგნეთში გაემგზავრნენ. ვლადიმერ ვარძელაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საკუთარი თვალით ნახონ ადგილზე შექმნილი ვითარება.

სტუმრებმა ერგნეთში დამწვარი სახლები, ქართული პოლიციის საგუშაგო ნახეს და იქედან ცხინვალს გადახედეს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ასენ ეგოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 2008 წლის აგვისტოს ბოლოსაც იმყოფებოდა საქართველოში. მაშინ უცხოელი დიპლომატები კარალეთის საგუშაგოზე მდგარმა რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ ქართულ სოფლებში არ შეუშვეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იონას ოლეკასმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულება, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და იქ საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვება.

ერგნეთიდან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები წეროვანის დევნილთა დასახლებაში გაემგზავრნენ, სადაც დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცვნენ.

დელეგაციის წევრების ვიზიტი საქართველოში 9 აპრილამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG