Accessibility links

მოსამართლის მკვლელობაში ულტრანაციონალისტები არიან ეჭვმიტანილი


ფედერალური მოსამართლის ედუარდ ჩუვაშოვის დაკრძალვის ცერემონია

ფედერალური მოსამართლის ედუარდ ჩუვაშოვის დაკრძალვის ცერემონია

ორშაბათს, 12 აპრილს, მოსკოვში შეიარაღებულმა პირმა ვეტერანი მოსამართლე სახლიდან გამოსვლისას მოკლა. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ეს ფედერალური მოსამართლის მკვლელობის პირველი შემთხვევაა. მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი ულტრანაციონალისტების წინააღმდეგ მკაცრი განაჩენების გამოტანით იყო ცნობილი.

სკინჰედების წინააღმდეგ მკაცრი განაჩენების გამოტანით ცნობილი მოსამართლე, ედუარდ ჩუვაშოვი, ორშაბათს მოსკოვში შეკვეთილი მკვლელობის ფორმით მოკლეს. მას ესროლეს დილით, სახლიდან სამსახურში წასასვლელად გასვლისას. ჩუვაშოვი ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობამ რუსეთის საზოგადოებაში შოკი გამოიწვია. მომხდარი დაგმო პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა - მას „ცინიკური“ მკვლელობა უწოდა და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს იპოვიან.

ორგანიზაცია „სოვა“, რომელიც რუსეთში ეთნიკური და რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს აღრიცხავს, აცხადებს, რომ ჩუვაშოვს მოკვლით რამდენიმე კვირის განმავლობაში ემუქრებოდნენ.

„სოვას“ ხელმძღვანელის მოადგილის, გალინა კოჟევნიკოვას თქმით, ერთ-ერთმა ულტრანაციონალისტურმა ვებ-გვერდმა ჩუვაშოვის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანია წამოიწყო და გასულ თვეში ის „ხალხის მტრებად“ წოდებული პირების სიაში ჩართო:

"მოსამართლე ჩუვაშოვის შესახებ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც "რუსკი ობრაზთან" დაახლოებულ საიტებზე მის მიმართ მუქარა გამოჩნდა. გამოაქვეყნეს მისი ფოტოსურათი და მოკლე ფრაგმენტი სასამართლოს დახურული სხდომის აუდიოჩანაწერიდან, რომელიც არასწორად იყო გაშიფრული. მოსამართლეს რუსოფობიაში ედებოდა ბრალი. ამგვარმა პოსტმა სწრაფად მიიზიდა ბევრი აგრესიული კომენტარი."

აქტივისტების აზრით, ჩუვაშოვის მკვლელობა შესაძლოა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან შურისძიება ყოფილიყო. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს სამართალდამცავი სტრუქტურების ანონიმურად დატოვებული წარმომადგენლის სიტყვები, რომ მკვლელობაში დამნაშავე, სავარაუდოდ, ულტრანაციონალისტები იყვნენ.

გასულ კვირაში ჩუვაშოვმა, რომელიც 47 წლის იყო, ორ სკინჰედს 10-10 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. ამ სკინჰედების ჯგუფი, „რინო“, დამნაშავედ ცნეს 20 „არასლავური“ გარეგნობის ადამიანის მკვლელობასა და შემდეგ მკვლელობის სცენების ვიდეოკადრების ინტერნეტში გამოქვეყნებაში.

თებერვალში ჩუვაშოვმა ციხეში გაუშვა ჯგუფ „თეთრი მგლების“ 9 წევრი. ამ ჯგუფში გაერთიანებული არიან, ძირითადად, თინეიჯერი სკინჰედები, რომლებიც მუქკანიან მიგრანტებს ჯოხებით და დანებით შეიარაღებულები ესხმიან თავს და ხოცავენ.

„სოვას“ ინფორმაციით, ჩუვაშოვს უკვე სასამართლო პროცესის მსვლელობისას ემუქრებოდნენ.

ამჟამად პენსიონერი, ყოფილი მოსამართლე ვლადიმირ მირონოვი ამბობს, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ მუქარა და ძალადობა ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი რამ იყო:

„მოსამართლეს არასოდეს არავისი ეშინოდა. მოქმედებდა საზოგადოებრივი შეთანხმება, რომ მოსამართლე ხელშეუხებელია, რომ ის თავად არის კანონი. უწინ, როცა სასამართლოში ვმუშაობდით, ბოქაულები ან ოფიცრები იქ არ იყვნენ ხოლმე. დიდი-დიდი პოლიციელი მდგარიყო შესასვლელში და ისიც ყველგან არა. და არსებითად ისე ვმუშაობდით, რომ არავის არაფრის ეშინოდა.“

ბევრი აქტივისტის აზრით, რასისტული ძალადობის გახშირებას საზოგადოებრივმა გულგრილობამ და ქსენოფობიური განწყობების გაძლიერებამ შეუწყო ხელი.

„სოვას“ მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში სიძულვილის ნიადაგზე, სულ მცირე, 71 მკვლელობა მოხდა; დაიჭრა 330-ზე მეტი ადამიანი.

კოჟევნიკოვას თქმით, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებს სულ უფრო ხშირად მიაქვთ იერიში მოსამართლეებზე, ადვოკატებზე, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებზე:

„გარდამტეხი მომენტი 2008 წლის დეკემბერში დადგა, როცა პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად აგრესიულმა დაჯგუფებამ ანტისახელმწიფოებრივი ტერორის შესახებ ღიად დაიწყო განცხადებებით გამოსვლა. მათი ლოგიკა ასეთია: მიგრანტ მუშას თუ მოვკლავთ, ეს არავის დააინტერესებს. მაგრამ ცნობილ ადამიანს თუ მოვკლავთ, ამას რეზონანსი მოჰყვება, ამით ჩვენი ძალის, დაუსჯელობის, უშიშრობის დემონსტრირებას მოვახდენთ - ეს კი ჩვენი მოძრაობისთვის კარგი რეკლამაა.“

2009 წლის იანვარში მოსკოვის ცენტრში ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი და ოპოზიციონერი ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა მოკლეს. გამოძიებამ მკვლელობებში ბრალი ულტრანაციონალისტებს დასდო.

მარკელოვი ნეონაცისტების მიერ მოკლული მათი მოწინააღმდეგის, ანტიფაშისტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის დედის ინტერესებს იცავდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 1996-დან 2009 წლამდე რუსეთში, სულ მცირე, 31 მოსამართლეზე მოხდა თავდასხმა.
XS
SM
MD
LG