Accessibility links

ნიქოზელები მიწის გარეშე დარჩნენ


სამხედრო ბაზები სოფელ ნიქოზთან

სამხედრო ბაზები სოფელ ნიქოზთან

სოფელ ნიქოზის მოსახლეობის ნაწილს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯერ არ დაუწყია. ნიქოზი ცხინვალს ესაზღვრება და ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ფართობები იმ ადგილებთანაა ახლოს, სადაც ოსურ და რუსულ შეიარაღებულ ძალებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი.

რუსმა მესაზღვრეებმა სასაზღვრო საგუშაგოები ქართულ სოფლებთან ახლოს ააგეს, ამიტომ ნიქოზელების თქმით, მათი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს და ბაღებში გასვლას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ნაკვეთები არ ირწყვება და იქ მოსავლის მოყვანა ჯერჯერობით შეუძლებელია.

სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი მოსავლის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად კონფლიქტის ზონის სოფლები დაზარალდა. დაიკარგა მიწის ნაკვეთები. საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართულ სოფლებში ჰუმანიტარული დახმარებაც ჩაჰქონდათ, მაგრამ ახლა ესეც შეწყდა, ამიტომ შემოსავლის გარეშე დარჩენილები ნელ-ნელა ტოვებენ სოფლებს და სამუშაოს საძებნელად ქალაქში გადადიან.

გარდა ამისა, ნიქოზელებს მინდორში ნახირის გარეკვისაც ეშინიათ, რადგან მწყემსებზე თავდასხმები და საქონლის გატაცების ფაქტები ხშირია. ცხინვალიდან რუსული საგუშაგოების გავლით ქართულ სოფლებში შეიარაღებული პირები იოლად აღწევენ და საქონელს იპარავენ. ქართული პოლიცია კი მხოლოდ ცენტრალურ გზას აკონტროლებს და მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიახლოებას უკრძალავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსი ოკუპანტები და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არ აძლევენ საშუალებას შიდა ქართლის მოსახლეობას ჩაატარონ აგრარული სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე მიწის ნაკვეთებში. აღნიშნული ფაქტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ამძიმებს. რთული ვითარებაა სოფლებში: ყელქცეული, ზემო და ქვემო ხვითი, ზემო ნიქოზი, ერგნეთი,დიცი, არბო, ქორდი, მერეთი, ზარდიაანთკარი, კოშკა, გუგუთიანთკარი, ქვეში, კირბალი, ღოღეთი, ატოცი და ზემო სობისი.

აღნიშნული პრობლემის შესახებ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, არაერთგზის ეცნობა როგორც რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელობას, ისე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებს. მიუხედევად ქართული მხარის მიერ დაყენებული მოთხოვნისა, ცხინვალი უარს ამბობენ პრობლემის განხილვაზე და ამ სოფლების მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დამუშავების შესაძლებლობას არ აძლევენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია: ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელობასა და „სამხრეთ ოსეთის" მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს, ხელი არ შეუშალონ ზემოთჩამოთვილი სოფლების მოსახლეობის მიერ აგრარული საქმიანობის წარმოებას, ასევე აღკვეთონ ფერმერებზე ზეწოლისა და მათი დაშინების ფაქტები“.

დიდი ხანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ოსური მხარის მიზეზით ჩაშლიალია. სწორედ ამ შეხვედრებზე ხდებოდა კონკრეტული ინციდენტების განხილვა და ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საკითხებზე მხარეების შეთანხმება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა არაერთხელ მოუწოდეს ოსურ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლების წევრები ამის სანაცვლოდ აგვისტოს ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მოძებნას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG