Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამების შემთხვევების გამო ყაზახეთს გაეროში უჩივიან


ყაზახეთის პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ერმეკ ნარიმბაევი დააკავა. ალმა-ატა, 30 იანვარი, 2010 წ.
ყაზახეთის პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ერმეკ ნარიმბაევი დააკავა. ალმა-ატა, 30 იანვარი, 2010 წ.
გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტში დღეს შევიდა საჩივარი, რომელშიც ნათქვამია, რომ ყაზახეთში არ აღკვეთილა და არც ისჯება პოლიციის მხრიდან ადამიანების წამება. არადა, ყაზახეთი ამჟამად ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა და საერთაშორისო ასპარეზზე უწევს ამ ორგანიზაციის ღირებულებების - მათ შორის, ადამიანის უფლებების თუ კანონის უზენაესობის - დაცვა. რადიო თავისუფლება ესაუბრა საჩივრის ავტორი ორგანიზაციის - „ღია საზოგადოება - სამართლის ინიციატივის“ - აღმასრულებელ დირექტორს ჯეიმს გოლდსტონს.

2007 წლის მარტში ალექსანდრ გერასიმოვი ჩრდილოეთ ყაზახეთის ქალაქ კოსტანაის პოლიციის სადგურში მივიდა, რათა პატიმრობაში მყოფი თავისი გერის შესახებ ინფორმაცია მიეღო, მაგრამ, ინფორმაციის გაცემის ნაცვლად, პოლიციამ გერასიმოვიც დააპატიმრა. მას ბრალი მკვლელობაში დასდეს და სასტიკად სცემეს, რათა იძულებული გაეხადათ ხელი მოეწერა აღიარებითი ჩვენებისთვის.

ეს ფაქტები დეტალურად აღირიცხა ნიუ-იორკში განთავსებული ორგანიზაციის, „ღია საზოგადოება - სამართლის ინიციატივის“, საჩივარში, რომელიც ხუთშაბათს წარუდგინეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

„ღია საზოგადოება - სამართლის ინიციატივის“ აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმს გოლდსტონის თქმით, გარდა იმისა, რომ თირკმლის და თავის ქალის ტრავმები მიიღო, პატიმრობაში ყოფნის 24 საათის განმავლობაში გერასიმოვმა „მშრალ წყალქვეშა ნავად“ წოდებული წამების განსაკუთრებით სასტიკი მეთოდიც გამოსცადა:

„მას ხელები შეუკრეს და იატაკზე დაწოლილი გააკავეს. ერთი ოფიცერი მუხლით გამუდმებით აწვებოდა ზურგზე. მთელი ამ დროის განმავლობაში თავზე ცელოფანის პარკი ჰქონდა ჩამოცმული და იგუდებოდა. გერასიმოვი მათ მრავალჯერ მიიყვანეს იმ ზღვრამდე, როცა სუნთქვა აღარ შეეძლო - შემდეგ კი ცოტა ხნით ცელოფნის პარკს ხსნიდნენ. მალე ყველაფერი თავიდან მეორდებოდა“, - ამბობს გოლდსტონი.

გერასიმოვი ბოლოს ბრალდების წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მას სხეული იმდენად მძიმედ ჰქონდა დაზიანებული, რომ 13 დღის განმავლობაში საავადმყოფოში მოუწია მკურნალობა. ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგები მას დღემდე მოჰყვება.
გერასიმოვმა რამდენჯერმა ითხოვა თავისი შემთხვევის გამოძიება, მაგრამ მის თხოვნას ყურადღება არავინ მიაქცია.

ახლა კი, „ღია საზოგადოება - სამართლის ინიციატივის“ საჩივრის საფუძველზე, მისი საქმე გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა უნდა განიხილოს.

„ღია საზოგადოება - სამართლის ინიციატივა“ უკვე დიდი ხანია შუა აზიის ქვეყნებში ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს წამების და პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემთხვევების აღრიცხვის მიზნით. შემდეგ, თუ ამ საქმეების ადგილობრივ სასამართლოებში განხილვა შედეგს არ მოიტანს, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცემათ ხოლმე.

გოლდსტონის თქმით, პოლიციის მხრიდან წამების ფორმები საერთოა მთელი შუა აზიის რეგიონისთვის:
„ის, რომ შუა აზიაში წამების პრაქტიკა პრობლემას წარმოადგენს, სიახლე არ არის“, - ამბობს ის და დასძენს: „ჩვენ გვსურს ვნახოთ, შევძლებთ თუ არა დროთა განმავლობაში რეალური იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას წამების იმ მსხვერპლთათვის, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას ასაჩივრებენ.“

გოლდსტონი იმედოვნებს, რომ გაეროში შეტანილი საჩივარი გერასიმოვისთვის ფულად კომპენსაციას მოიტანს, ხოლო საერთაშორისო ზეწოლა ყაზახეთს აიძულებს უფრო მეტი გააკეთოს სასამართლო სისტემაში არსებული დარღვევების აღსაკვეთად.

საჩივრის შეტანა დაემთხვა წელიწადს, როცა ყაზახეთი ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა და საერთაშორისო ასპარეზზე უწევს ამ ორგანიზაციის ღირებულებების - მათ შორის, ადამიანის უფლებების თუ კანონის უზენაესობის - დაცვა. გოლდსტონის აზრით, პასუხისმგებლობამ, რომელიც ასტანას საერთაშორისო მასშტაბით აქვს დაკისრებული, ის უნდა აიძულოს ყურადღება მიაქციოს სისხლის სამართლის სფეროში არსებულ დარღვევებს. ამ პროცესში კი წამების პრაქტიკის აღმოფხვრა უპირველეს და გადაუდებელ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG