Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხარკოვის გარიგება“


ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტი (მარჯვნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი ხარკოვში ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ
ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტი (მარჯვნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი ხარკოვში ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ
პარასკევს, 23 აპრილს, სევასტოპოლში განთავსებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურებმა საზეიმო ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო სროლით აღნიშნეს 21 აპრილს დმიტრი მედვედევსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის ხარკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულება.

დოკუმენტი, რომელსაც წინ საკანონმდებლო ორგანოებში რატიფიცირება ელოდება, რუსეთს უფლებას აძლევს 2017 წლის შემდეგაც, კიდევ 25 წლით, იყოლიოს ფლოტი ყირიმის ნახევარკუნძლთან.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემი „სამუმი“, მცირე სარაკეტო ხომალდი „შტილი“ და „ივანოვეცი“ რაკეტებს 23 აპრილს ჯერჯერობით მხოლოდ მოწინააღმდეგის იმიტირებულ სამიზნეებს ესროდნენ. მოგვიანებით რუსულ ფლოტს სევასტოპოლში შესაძლოა ფრანგული ვერტმფრენმზიდი „მისტრალიც“ შეემატოს და მაშინ სროლებიც და მანევრებიც უფრო გაძლიერდება.

კრემლმა, ამ საოცნებო სტრატეგიული ამოცანისათვის რომ მიეღწია, 30 %-ით შეუმცირა ბუნებრივი აირის საფასური უკრაინას. თუმცა, როგორც რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელჰენგაუერი ვარაუდობს, რუსეთს სხვა ჩანაფიქრიც აქვს, რის გამოც სამხედრო მნიშვნელობით მოკრძალებულ სევასტოპოლს საკამოდ დიდი ფასი დაადო:

„ფასი განუზომლად დიდია. ფაქტობრივად, გამოდის, რომ რუსეთის ბიუჯეტი წელიწადში 3-4 მილიარდ დოლარს დაკარგავს. სამხედრო თვალსაზრისით კი სევასტოპოლი ამდენი არ ღირს - მით უფრო, რომ რუსეთის ფლოტი იქ ჩაკეტილია ამ შავი ზღვის გუბეში და დიდად არსად შეუძლია წასვლა და, კაცმა რომ თქვას, წასასვლელიც არა აქვს და არც სჭირდება. ახლა ალაპარაკდნენ იმაზე, რომ რუსეთი აპირებს სევასტოპოლში ახალი გემები გადააადგილოს - ხუთი წლის განმავლობაში მთელი ორი სადარაჯო კორვეტი და წყალქვეშა ნავები. ანდა, შესაძლოა, მართლაც, ეს „მისტრალიც“ იქ გადაიტანონ, რადგან იქ მას აქვს აზრი, სხვაგან კი „მისტრალის“ ყოფნას დიდი აზრი არა აქვს. ასე რომ, სამხედრო თვალსაზრისით, ამას დიდი სარგებელი არ აქვს. თუ ეს ხელშეკრულება მართლა 2042 წლამდე იმოქმედებს, მაშინ ამ პერიოდში რუსეთის მხარეს ტამანის ნახევარკუნძულზე მართლა შეეძლო მშვენიერი ბაზის აგება და მაშინ ყველაფერი რიგზე იქნებოდა.“

უკრაინის ოპოზიციამ, რომელმაც მანამდე მშვიდად მიიღო იანუკოვიჩის მიერ ნატოსთან თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო უწყების გაუქმება, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს უარის თქმას სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, ამჯერად უკრაინის ახალ პრეზიდენტს საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენა. განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის მთავარმა მეტოქემ, იულია ტიმოშენკომ, 21 აპრილს რუსეთთან ოთხშაბათს გაფორმებულ შეთანხმებას უკრაინის კონსტიტუციის დარღვევით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უწოდა და მისი დენონსაციით დაიმუქრა:

„იანუკოვიჩის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მოწმობს, რომ უკრაინას არ ჰყავს პრეზიდენტი. ეს არის პერსონა, რომელიც დაეპატრონა ამ პოსტს უკეთური გზით, რომელიც დღეს საკუთარი სახელისუფლებო იმიჯის შესაქმნელად და უცხო ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვებისათვის ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას და მთლიანად ხელყოფს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს.“

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩის ნაბიჯმა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გააერთიანოს ოდესღაც ძლევამოსილი „ნარინჯისფერი კოალიციის“ ლიდერები ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო, რომლებმაც ტრიუმფიდან ზუსტად 5 წელიწადში შესაძლებლობა მისცეს იანუკოვიჩს სრული რევანში აეღო და ქვეყნის პრეზიდენტი გამხდარიყო. გასულ კვირაში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ასევე მოუწოდა უკრაინელებს, „შეაჩერონ თავხედობა, რომელიც, შესაძლოა, პარლამენტში 27 აპრილს შედგეს.“

ლვოვის საოლქო საბჭომ კი უმაღლეს რადას მიმართა თხოვნით, დაიწყოს ვიქტორ იანუკოვიჩის იმპიჩმენტის პროცედურა, იანუკოვიჩისა, რომელმაც კონსტიტუციის მე-17 მუხლი დაარღვია. ამ ფონზე სრულიად უცნაურად გამოიყურება „ხარკოვის შეთანხმებაზე“ დასავლეთის დუმილი და უხალისო რეაქცია რაც, როგორც რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელჰენგაუერმა აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ერთგვარი პოლიტიკური გარიგებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

„რუსეთმა მოახერხა მოლაპარაკებოდა დასავლეთს, რომ მას საკმაო თავისუფლება მისცემოდა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. დასავლეთს და შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ირანი, ასევე, შესაძლოა, კიდევ ჩრდილოეთ კორეა, სადაც ასევე პრობლემებია. მას, დასავლეთს, ეგ სევასტოპოლი მუქთადაც არ სჭირდება. ეს მხოლოდ რუსეთში ფიქრობენ, რომ ნატო მოდის, დასავლეთს და შეერთებულ შტატებს კი ეს არ სჭირდებათ. მათ ახლა სჭირდებათ თანამშრომლობა რუსეთთან და ამაში ჩვენ არცთუ ისე ცუდად მოვილაპარაკეთ მათთან: დავპირდით რიგ დათმობებს და დახმარებას ირანის საკითხში. მედვედევიც კი ალაპარაკდა რუსეთის შესაძლო თანხმობაზე, დაუწესოს ირანს იარაღის ემბარგო. ეს სერიოზული დათმობაა და ყველაფერს გადაწონის. ანუ უკრაინას მოუწევს თავად გაარკვიოს ვითარება თავის შიგნით და ურთიერთობა - რუსეთთან.“

კაცმა არ იცის ეს „გარკვევა ურთიერთობისა“ სადამდე წავა და კიდევ რას მოსთხოვს რუსეთი იაფი გაზის საფასურად მოძმე უკრაინას. „ხარკოვის შეთანხმება“ ვარაუდებისა და სპეკულაციებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის და სულაც არ იქნება მოულოდნელი, თუ უკრაინა ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობისას უფრო და უფრო დაუხლოვდება რუსეთის ორბიტას და, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების წევრობასაც დათანხმდება, რაც მოსკოვს ძალიან სურს. ეს ერთგვარი პოლიტიკური კვინტესენციაა რუსეთისათვის, რომელმაც კარგად იცის, რომ უკრაინის გარეშე, როგორც ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა, იგი ვერასოდეს იქნება იმპერია. ესმის თუ არა ამ სიტყვების მნიშვნელობა დასავლეთს? აი, რა არის საკითხავი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG