Accessibility links

logo-print

უნგრეთში „ფიდესი“ ბრუნდება


უნგრეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

უნგრეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

უნგრეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირობას დებს, რომ უნგრეთის ეკონომიკას კრიზისიდან გამოიყვანს. კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ორბანის პარტია „ფიდესმა“ უპრეცედენტოდ ძლიერი გამარჯვება - მანდატების ორი მესამედი - მოიპოვა. ამ გამარჯვებით „ფიდესმა“ არაპოპულარული სოციალისტური მთავრობა დაამარცხა, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, დაღლილი ელექტორატის მოლოდინის დასაკმაყოფილებლად ორბანის პარტიამ მალე უნდა მიაღწიოს შედეგებს.

უნგრეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრელმა ხალხმა საარჩევნო ყუთების გზით რევოლუცია მოახდინა - დემოკრატიული მეთოდები გამოიყენა და ეკონომიკის კრიზისში მყოფ ქვეყანას განახლების შანსი მისცა.

ორბანი, რომელიც 1998-დან 2002 წლამდე ერთხელ უკვე იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ათასობით მომხრის წინაშე ბუდაპეშტში კვირა საღამოს გამოვიდა, მას მერე, რაც ელექტორატმა მის პარტია „ფიდესს“ საპარლამენტო მანდატების უპრეცედენტო რაოდენობა, ორი მესამედი, მიანიჭა. „დღეს, საარჩევნო უბნებზე რევოლუცია შედგაო“, - უთხრა მან მხარდამჭერებს.

ორბანმა მწვავედ გააკრიტიკა არჩევნებში დამარცხებული სოციალისტების მთავრობა - მათ არასწორი პოლიტიკის გატარებასა და კორუფციაში დასდო ბრალი:

„უნგრელმა ხალხმა დღეს ხელისუფლებიდან გაისტუმრა ოლიგარქების რეჟიმი, ოლიგარქებისა, რომლებმაც ძალაუფლებით არასწორად ისარგებლეს. ხალხმა ახალი რეჟიმი შექმნა - ეროვნული ერთიანობის რეჟიმი.“

„ეროვნული ერთიანობის“ თემას „ფიდესის“ წინასაარჩევნო რიტორიკაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, - გვითხრა უნგრელმა სოციოლოგმა ატილა მელეგმა. „თვალშისაცემია ფართო ნაციონალისტური რიტორიკა. ვიქტორ ორბანი გამუდმებით ააქტიურებს ამ თემას“, - ამბობს მელეგი და დასძენს: „ის ბევრი პრობლემის დამალვას ცდილობს განცხადებით, რომ ეროვნული ერთიანობის მიღწევაა აუცილებელი და რომ „ფიდესი“ ამას შეძლებს. "ეროვნული თანამშრობლობა" „ფიდესის“ კამპანიის ახალი მთავარი სლოგანია, რასაც უნდა ნიშნავდეს ის.“

არჩევნების შთამბეჭდავი შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ეს სლოგანი ეფექტური აღმოჩნდა. წინასწარი ოფიციალური შედეგებით, „ფიდესმა“ პარლამენტში 263 მანდატი მოიპოვა - ეს კი ორ მესამედზე ხუთი დეპუტატით მეტია. სოციალისტური პარტიის გავლენა პარლამენტში მკვეთრად შემცირდა - მანდატების ორ მესამედზე მეტი 59 დეპუტატით შეიცვალა. მესამე ადგილზე, 47 მანდატით, ულტრამემარჯვენე პარტია „იობიკია.“

ორბანი აცხადებს, რომ კეთილდღეობას დაუბრუნებს ქვეყანას, რომელიც ფინანსურ კოლაფსთან ძალიან ახლოს იყო და 2008 წელს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 20 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების მიღება მოუწია. შარშან ქვეყნის ეკონომიკა 6.7 პროცენტით შეიკვეცა. უმუშევრობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 11.4 პროცენტს - მიაღწია. უნგრეთის ბევრ მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში მძიმე ეკონომიკური პრობლემები აქვს.

ასეთ ფონზე, ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში შექმნის მილიონ სამუშაო ადგილს, შეამცირებს გადასახადებსა და ბიუროკრატიას და უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლებს უნგრეთის მოქალაქეობის მიღებას გაუადვილებს.

თუმცა, ბევრი ანალიტიკოსის თქმით, შთაბმეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, უნგრეთის ახალი მთავრობა მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დგას. პრობლემებით დაღლილ ელექტორატს მოთმინება მალე ამოეწურება - და ამიტომ ცვლილებების მოსახდენად მათ ბევრი დრო არა აქვთ. ამ აზრს იმეორებს უნგრეთის წამყვანი მემარცხენე-ლიბერალური გაზეთი „ნეპშაბადსაგი“ 26 აპრილის ნომერში: „ილუზია იქნება იმის ფიქრი, რომ ორბანი და მისი პარტია ძალაუფლებას დისციპლინით და ზომიერების გრძნობით მოეკიდებიან“, - წერს გაზეთი და დასძენს: „თუ ორბანი მალე ვერ შეძლებს თავისი ამომრჩევლის უმრავლესობის სურვილებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მის აურას ადრე თუ გვიან ბზარები გაუჩნდება... ორბანი ენერგიას თუ ძირითადად იდეოლოგიაზე დამყარებულ პოლიტიკას დაახარჯავს, უნგრეთი „ისტორიის მაგისტრალზე“ კი არ აღმოჩნდება, როგორც ის დაგვპირდა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, არამედ მტვრიან ჩიხში შევა.“

არჩევნების კიდევ ერთი საყურადღებო შედეგი ულტლამემარჯვენე პარტია „იობიკის“ წარმატებაა, რომელიც პირველად მოხვდა ეროვნულ პარლამენტში. ანტისემიტურ და ანტიბოშურ სენტიმენტებზე დამყარებული კამპანიით ამ პარტიამ ხმათა 16.7 პროცენტის მოპოვება შეძლო და პარლამენტში სიდიდით მესამე პარტია გახდა. ატილა მელეგი ამ გარემოებას ასე ხსნის:

„ირონიულად რომ ვთქვა, ამ ამბავს უკვე ბოლო 10 წელიწადია ველოდი. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, რამდენიმე მიზეზით. ის კაპიტალისტური სისტემა, რომელიც უნგრეთს ამჟამად აქვს, ხალხს ბევრ უმთავრეს მოთხოვნილებას ვერ უკმაყოფილებს. არადა, დისკურსიული პერსპექტივით რომ შევხედოთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ერთგვარ დისკურსიულ მახეში არიან გაბმული - რომ ყველაფერი, რაც წარსულში იყო, ცუდია. შესაბამისად, კაპიტალიზმის კრიტიკის შესაძლებლობა მხოლოდ ულტრამემარჯვენე ძალებს რჩებათ. პრობლემა მარტო "იობიკში" არ არის - უფრო დიდი პრობლემა ამ ქვეყნებში მკაფიო მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის არარსებობას უკავშირდება.“

ატილა მელეგის ვარაუდით, „იობიკი“ პოპულისტურ, ქსენოფობიაზე დამყარებულ იდეოლოგიას კვლავაც გაატარებს:

"იობიკი" მომგებიან პოზიციაშია, იმიტომ რომ სისტემის ნაკლოვანებები და კორუფცია მალე არ გაქრება - ისინი კი ახალ პარტიას წარმოადგენენ და ყოველთვის შეეძლებათ თქვან, რომ ამაში სხვები არიან დამნაშავე. ამას არც მალავენ - პირდაპირ აცხადებენ, ებრაელები, უცხოელები, ანტიუნგრელები აკეთებენ ამ ყველაფერსო. და ამ თამაშს გააგრძელებენ მანამ, სანამ ეს ხელსაყრელი იქნება.“

გავრცელებული ცნობებით, იობიკს კავშირი აქვს „უნგრეთის მცველებად“ წოდებულ, გასამხედროებულ ჯგუფთან, რომელიც აცხადებს, რომ „უნგრულ ღირებულებებს“ იცავს. ეს ჯგუფი სასამართლოს ძალით აიკრძალა ანტიბოშური გამოსვლებისა და ბოშათა უფლებების შელახვის გამო.

„ფიდესის“ წარმომადგენლები „იობიკს“ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. „უნგრეთის მცველებთან“ „იობიკის“ კავშირზე მინიშნებით ვიქტორ ორბანმა რეპორტიორებს უთხრა, უნგრეთში „გასამხედროებული ორგანიზაციების“ ადგილი არ იქნებაო. უნგრეთის მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იანოშ მარტონიმ კი სააგენტო ასოშიეიტიდ პრესს განუცხადა, „იობიკის“ მიმართ უცხოელების დიდი ყურადღება „ცოტა არ იყოს გასაკვირიაო“ და დასძინა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კანონის უზენაესობის ფარგლებში იქნება.

ისევ მმართველი პარტიის წინაშე მდგარ საკითხებს რომ დავუბრუნდეთ, როგორც აღვნიშნეთ, ექსპერტები „ფიდესს“ იოლ მომავალს არ უწინასწარმეტყველებენ.

როგორც ვარაუდობენ, „ფიდესი“ სესხის გამცემებს (საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ევროკავშირს) მიმართავს თხოვნით, საბიუჯეტო დეფიციტი ამჟამინდელი მკაცრი ზღვრიდან - მთლიანი შიდა პროდუქტის 3.8 პროცენტიდან - 6 პროცენტამდე გაიზარდოს, რაც ეკონომიკის რეორგანიზაციის საშუალებას შექმნის. პარტია აცხადებს, რომ შეძლებს გაზრდილ დეფიციტთან გამკლავებას.

თუმცა ზოგიერთ ანალიტიკოსს ესეც აეჭვებს. ვენაში განთავსებული საერთაშორისო ეკონომიკის შემსწავლელი ცენტრის წარმომადგენელმა, სანდორ რიხტერმა, სააგენტო „როიტერს“ უთხრა, „ფიდესის“ პოპულარობა, დიდწილად, „მოჩვენებით მოლოდინებს“ ეყრდნობა და უნგრეთის პრობლემების გადაჭრის იოლი გზა არ არსებობსო.

ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ1998-2002 წლებში, ვიქტორ ორბანისა და „ფიდესის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, გადაწყვეტილებათა მიღების ხარისხი სხვა პარტიებისაზე გამორჩეულად უკეთესი არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG