Accessibility links

logo-print
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ადგილობრივებთან ერთად უცხოელი მეთვალყურეებიც აკვირდებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე რეგისტრაცია გაიარა ოთხმა საერთაშორისო და ჩვიდმეტმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ. ამასთან, 15 აპრილიდან საქართველოში იმყოფება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 16-კაციანი ჯგუფი, რომლის წევრებიც წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობას აკვირდებიან. რა სქემით იმუშავებენ არჩევნებზე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები?

ეუთოს გრძელვადიან მეთვალყურეთა ჯგუფი კვირაზე მეტია, რაც საქართველოში იმყოფება და არჩევნებისთვის მზადების პროცესს რეგიონებში აკვირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ჯული გიორგაძის განმარტებით, აკრედიტაცია უკვე გაიარა ოთხმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელთაგან ერთს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს ჰყავს გრძელვადიანი მისია. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კი გრძელვადიან მონიტორინგს ახორციელებენ „ახალი თაობა- ახალი ინიციატივა“, სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მოკლევადიანი მისიები კი დააკვირდებიან მხოლოდ არჩევნების დღეს.

ცესკოს ინფორმაციით, დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იწურება, თუმცა, ამის მიუხედავად, ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე მართავენ შეხვედრებს საარჩევნო სუბიექტებთან. 4 მაისს ასეთი შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში, სადაც ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური კონგრესის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია თბილისის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატებს შეხვდა. აი, რა განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მრეწველთა პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია რუსთავი ორისთვის მიცემულ ინტერვიუში:

„არჩევნები ყოველ წელს ყალბდება. ჩამოდიან დამკვირვებლები ევროპიდან და აცხადებენ ერთსა და იმავეს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, მცირე დარღვევებით. ჩვენც ეგ ვუთხარით, არ ჩამოხვიდეთ ეგ ჯობია, ჩვენ თვითონ ჩავატარებთ არჩევნებს ნორმალურად.“

პოლიტიკოსების ერთი ნაწილისგან განსხვავებით, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა წარმომადგენლობითი დელეგაციების ყოფნა ხელს ვერ შეუშლის არჩევნების ნორმალურად ჩატარებას, უფრო პირიქით, თუმცა ეკა სირაძე-დელონე იმასაც ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან არავინ უნდა ელოდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის მიუკერძოებელ აღწერაზე მეტს:

„საერთაშორისო დამკვირვებლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, არავის აქვს უფლება, რომ რაიმე თქვას. ის აკვირდება და იწერს, აფიქსირებს. ჩვენი კანონმდებლობით, ასევე არ აქვს უფლება, რომ მან დაწეროს საჩივარი, მაგალითად, უბანზე. მოლოდინი, ალბათ, სხვა გვაქვს ჩვენ, ქართველებს, რომლებიც ძლიერად გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს, ანუ გვინდა, რომ მაინცდამაინც აქტიურად იყოს დაფიქსირებული, რომ ეს კარგია ან ცუდი, ან შავია ან თეთრი“, უთხრა ეკა სირაძე-დელონემ რადიო თავისუფლებას.

ეკა სირაძე-დელონეს თქმით, საჩივრის დაწერისა და სასამართლოში მიმართვის უფლება აქვთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, იმავე „სამართლიანი არჩევნების“ საზოგადოებას, რომელსაც გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჰავს და მოკლევადიანიც:

„ვაკვირდებით სიებს, ვაკვირდებით საარჩევნო ადმინისტრაციას, ვხვდებით პოლიტიკურ პარტიებს, ვნახულობთ და ვიძიებთ, არის თუ არა ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ასე შემდეგ.“

უკანასკნელი მონაცემებით, „სამათრლიანი არჩევნების“ გარდა, 30 მაისის არჩევნებს ორათეულამდე სხვა ორგანიზაცია დააკვირდება, თუმცა მოსალოდნელია მათი რაოდენობის გაზრდა: საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე, საერთაშორისო ორგანიზაციამ კი არაუგვიანეს 7 დღით ადრე.
XS
SM
MD
LG