Accessibility links

logo-print

ადვოკატები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მჯდომარე აქციით ითხოვენ


ხუთასმა ადვოკატმა გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. ცვლილებები 10 პუნტქს მოიცავს და, ადვოკატთა მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. მათ პარლამენტიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. სწორედ ამიტომ 12 მაისიდან პარლამენტის წინ ადვოკატთა ნაწილი მჯდომარე აქციას იწყებს. დღეს პარლამენტთან 50-მდე ადვოკატი შეიკრიბა, სადაც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, სპეციალური განცხადება გააკეთა:
“იწყება ადვოკატების პერმანენტული მჯდომარე აქცია და ის არჩევნების დამთავრებამდე გაგრძელდება. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისონი, ვიწყებთ ბრძოლას და იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოება გვერდში დაგვიდგება, იყავით დარწმუნებულნი, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ.”

კოდექსით ბრძოლა 500-მდე ადვოკატმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. უფრო კონკრეტულად კი, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძისა და მასთან ერთად კიდევ 499 ადვოკატის ხელმოწერით, 7 მაისს საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი შევიდა, რომელიც, საბოლოო ჯამში, 10 პუნქტს მოიცავს. როგორც მჯდომარე აქციის დაწყებამდე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, მათ მიმართვას პარლამენტიდან ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. სწორედ ამიტომ გადაწყდა პარლამენტის წინ პერმანენტული აქციების გამართვა.

როგორც აქციის ორგანიზატორი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, მთავარი მიზეზი, რაც ხელს უშლის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო კოდექსის არასრულყოფილებაა. არსებული საარჩევნო კოდექსის პირობებში არჩევნეში მონაწილეობის მიღება თავიდანვე გულისხმობს ხელისუფლების უპირობო გამარჯვებას, ამბობს ადვოკატი:

ადვოკატების საპროტესტო აქცია
”თუკი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს არ შეიტანენ, ქვეყანაში შესაძლებელია მოვლენები საკმაოდ ცუდად განვითარდეს. ამიტომ ჩვენი მიზანია ავაცილოთ ქვეყანას ეს უბედურება.”

აქციის ორგანიზატორთა სიტყვებით, ქვეყნისთვის უბედურების აცილების ერთ-ერთი გზა საარჩევნო კოდექსში შესატანი იმ 10 პუნქტის მიღებაა, რომელიც მოიცავს, საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევას, კომისიების პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებას, საარჩევნო სიების დახვეწას, ყველა უბანზე ვიდეოთვალის დაყენებას, იდენტიფიკაციის მიზნით ამომრჩევლის ხელმოწერის სრულად დაფიქსირებას.

მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ პერმანენტული აქციები მიმდინარეობს და ის საარჩევნო კანონმდებლობასთან არის დაკავშირებული, პარლამენტი ვალდებულია შეიკრიბოს და განიხილოს ყველა ის პუნქტი, რაზედაც ჩვენ მივუთითებთ, აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერია. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ქვეყნის სწორად განვითარების საფუძველი იქნება:

”ეს არის პირველი ნაბიჯი იმისა, რომ როგორმე საქართველოში დამთავრდეს ბნელეთი და დაიწყოს ცივილიზებული ურთიერთობა მოსახლეობასთან.”

ის, რომ არჩევნებამდე მხოლოდ ორი კვირაა დარჩენილი და საარჩევნო კოდექსში აღნიშნული ცვლილებების შეტანისათვის ბრძოლა ადვოკატებს გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ, ამის თაობაზე რადიო თავისუფლებასთან ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი საუბრობს, თუმცა ადვოკატთა ყველა მოთხოვნას ის სრულიად ლოგიკურსა და სამართლიანს უწოდებს:

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყეს მერის არჩევნებში 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღებაზე საუბარი ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრებმა. მათი აზრით, ეს იქნებოდა საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომელიც დედაქალაქში პოლიტიკურ ვნებათაღელვას დააცხრობდა და ხალხს ისევ ქუჩისკენ არ უბიძგებდა. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებდა მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. ”საიას” საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ 50 პროცენტიანი ბარიერი უფრო დიდი გარანტია იქნებოდა იმისა, რომ ქალაქის მერი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ადამიანი გახდებოდა. სწორედ ამიტომ ის სრულიად სამართლიანად მიიჩნევს ადვოკატთა მოთხოვნას - ბარიერის 30 პროცენტიდან 50 პროცენტამდე აწევას. ანალოგიური შეფასება აქვს მას ადვოკატთა დანარჩენ მოთხოვნებზეც:

”რაც შეეხება დანარჩენ პროცედურებს, ეს არის დეტალები, რომელიც არჩევნების პერიოდში გაყალბების უფრო ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა”, - ამბობს ლომჯარია.

მისივე განმარტებით, ის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივა განიხილოს და შემდეგ უკვე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანოს, თეორიულად შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ინიციატივას პარლამენტის რომელიმე წევრი დააყენებს, მაგრამ იქვე ამატებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ასე დაჩქარებული წესით შეტანა მიზანშეწონილი არ არის, რადგან არ არის საკმარისი ვადა იმისათვის, რომ საზოგადოება გაეცნოს ცვლილებებს და დარწმუნდეს, თუ რამდენად ეფექტური იქნება ის არჩევნების ჩატარების პროცესში.
XS
SM
MD
LG