Accessibility links

logo-print
დაახლოებით თოთხმეტი თვის წინ ამ გაზეთის ფურცლებზე გამოვთქვი გაფრთხილება აშშ-სა და რუსეთს შორის „დიდი გარიგების“ იმ ნაწილის გამო, რომელიც გულისხმობდა ობამას ადმინისტრაციის მცდელობას მიეღწია რუსეთთან „გადატვირთვისათვის“ (სტატია „გარიგება, მაგრამ არა დიდი“ შარშან მარტში გამოქვეყნდა). ერთ-ერთი საკითხი, რაც მაწუხებდა, იყო ის, რომ ობამას ადმინისტრაცია პრინციპს „რუსეთი უპირველეს ყოვლისა“ მოსკოვის მეზობლების ხარჯზე გაატარებდა. მაგრამ რეალობა კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა: ახლა ადმინისტრაცია მოქმედებს პრინციპით „ მხოლოდ რუსეთი“ და ავიწყდება - მეტიც, თმობს - რეგიონის სხვა ქვეყნებს.

ამ ტენდენციის ყველაზე ცხადი მაგალითი ამ კვირაში გაჩნდა. თეთრმა სახლმა კონგრესში განმეორებით შეიტანა რუსეთთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა, რომელშიც პრეზიდენტი ობამა აცხადებს, საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ზღუდე“ კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზეო. ბუშის ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტს, სახელწოდებით „შეთანხმება-123“, ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში მოაწერა ხელი, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ უკან გაიტანა კონგრესიდან, რადგან იცოდა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო მას უარყოფდნენ. რუსეთის არმიას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც ღიად არღვევს ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. ორივე რეგიონში, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ბაზების მშენებლობა გრძელდება. სიტუაცია კვლავ დაძაბულია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხელახლა აფეთქდეს.

სხვა საქმე იქნებოდა, კონგრესში „შეთანხმება – 123“ ხელახლა შეტანილიყო იმის აღნიშვნით, რომ აშშ-ს რუსეთთან საქართველოს გამო სერიოზული უთანხმოება აქვს. ამის ნაცვლად „პირდაპირ“ ითქვა, რომ საქართველოში სიტუაცია ამიერიდან რუსულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარების გზაზე დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს და ამით ადმინისტრაციამ ქართველები მიატოვა, ხოლო რუსეთს საზღვრისპირა რაიონებში პროვოკაციული მოქმედებისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო.

ასეთსავე შეშფოთებას იწვევს ობამას ადმინისტრაციის დაინტერესება, აღადგინოს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება, რომლისთვის მხარდაჭერაზე 2007 წლის ბოლოს რუსეთმა უარი განაცხადა. მიუხედავად ბუშის ადმინისტრაციის ყველა ძალისხმევისა, დაერწმუნებინა ალიანსის მოკავშირეები და ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილეები დაეკმაყოფილებინათ რუსეთის ინტერესები, მოსკოვმა უარი თქვა შეესრულებინა სტამბულის შეთანხმება, რომლითაც რუსეთმა იკისრა ვალდებულება გაეყვანა ჯარები საქართველოდან და მოლდავეთიდან.

არც ერთ ამ ქვეყანას საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციაზე რუსეთისთვის თანხმობა არ მიუცია, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ვითარება გაუარესდა. მანამდე რუსეთს მხოლოდ ერთი ბაზა ჰქონდა, გუდაუთაში, რომელიც უნდა გაუქმებულიყო. ახლა კი საქართველოს ტერიტორიაზე მას გაცილებით მეტი სამხედრო და საბრძოლო მასალა აქვს (ხოლო მოლდავეთიდან რუსეთის არმია არ დაძრულა). შეწყვეტს ობამას ადმინისტრაცია ამ ქვეყნებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნას იმ მიზნით, რომ მოსკოვთან ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორები გამორიცხოს, და დათმობს საქართველოსა და მოლდავეთს? თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - მიიჩნევს ურღვევად „მასპინძელი ქვეყნის თანხმობის“ პრინციპს და განიარაღებაზე შეთანხმების რეჟიმის აღდგენის მცდელობას გამოიყენებს სწორედ რუსეთის დარწმუნების მექანიზმად, დატოვოს საქართველო და მოლდავეთი?

როგორც ობამას, ასევე აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ აღიარებენ რუსეთის „გავლენის სფეროს“ უფლებას, მაგრამ მათი მოქმედება (ისევე როგორც უმოქმედობა) განცხადებებზე მეტს მეტყველებს: რეგიონის ქვეყნების მიტოვებით, ადმინისტრაცია სწორედ გავლენის სფეროებს უთმობს რუსეთს. ვიღაცამ დათვალა, რომ ობამა ესაუბრა და შეხვდა თავის „მეგობარს და პარტნიორს“, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს (როგორც ეს ხუთშაბათსაც მოხდა), მეტჯერ, ვიდრე სხვა რომელიმე ლიდერს. ობამამ ეს შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ მკაფიოდ განაცხადოს: რუსეთის აგრესია და მეზობლების ოკუპაცია მიუღებელია. მან ასევე უნდა გაიჩინოს მეგობრები და პარტნიორები ყველგან ამ რეგიონში. ამ ლიდერებიდან ზოგიერთთან საუბარი არ არის იოლი, არც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ არიან ისინი სანიმუშონი, მაგრამ, ასეთები არც მედვედევი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი არიან.

სტატიის ავტორი გერმანიის მარშალის ფონდში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია ტრანს-ატლანტიკის საკითხებში, მანამდე კი იგი უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა. სტატიაში მისი პირადი მოსაზრებებია გამოთქმული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG