Accessibility links

logo-print

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს


თბილისის დროით 17 საათისთვის საქართველოში ამომრჩეველთა აქტიურობამ 40.42% შეადგინა. კომისიის ცნობით, მაჟორიტარული არჩევნები არ მიმდინარეობს წალკის საარჩევნო ოლქის 25-ე უბანში, სადაც შესაბამისი ბიულეტენები შეცდომით მიიტანეს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამ უბანზე მაჟორიტარული არჩევნები ორ კვირში გაიმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. როგორც ცესკოს პრესმდივანმა ჯული გიორგაძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, კენჭისყრის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და ხმის მიცემა ყველა უბანზე უპრობლემოდ დაიწყო.

თუმცა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა სახის დარღვევებზე საუბრობენ.

”ალიანსმა საქართველოსთვის” ცესკოს დაუყოვნებლივ შეკრებისკენ მოუწოდა. ალიანსის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე შტაბის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ თბილისის ბევრ რაიონში საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა იძულებით მიყვანის შემთხვევებია დაფიქსირებული. ”ალიანსი საქართველოსთვის” ცესკოს ამ საკითზე დაუყოვნებლივ მსჯელობისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ეროვნულმა საბჭომ" საარჩევნო უბნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მობილიზება გააპროტესტა. თბილისში გამართულ ბრიფინგზე კონსერვატორმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ. კუკავა ირწმუნება, რომ განსაკუთრებული ზეწოლა პატიმართა ოჯახის წევრებზე, პედაგოგებსა და ჯარისკაცებზე ხდება. ”ეროვნულმა საბჭომ” ამომრჩევლებს მოუწოდა, ზეწოლის მიუხედავად, თავისუფალი არჩევანი გააკეთონ, რადგან საარჩევნო კაბინაში დაცვის ყველა მექანიზმი არსებობს.

ჩვენმა ლაგოდეხელმა კორესპონდენტმა გვაცნობა, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში საარჩევნო უბნის გახსნისას არ მუშაობდა მარკირების აპარატი და, სულ ცოტა, ერთმა ამომრჩეველმა ხმა მარკირების გაუვლელად მისცა. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კაკალაშვილი კი სოფელ კაბალის საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს აკონტროლებს და კომისის წევრებს მითითებებს აძლევს - ამის შესახებ საარჩევნო მედია-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე "საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კაკალაშვილი იმყოფება კაბალის პირველ საარჩევნო უბანში, სადაც კომისიის თავმჯდომარეს მითითებას აძლევს, საჩივარი არ მიიღოს და თავმჯდომარე საჩივრებს არ იღებს. კობალაძის ინფორმაციით, უბნის გარეთ მობილიზეულები არიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც დამკვირვებლებს არ უშვებენ. "ამის გამო შეხლა-შემოხლაც მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ფაქტის თვითმხილველი იყო, მას რეაგირება არ მოუხდენია" - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კაბალი ძირითადად აზერბაიჯანელი მოქალაქეებითაა დასახლებული.

ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, დარღვევების შესახებ მხოლოდ შემოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ. კომისიის პრეს-სპიკერმა ჯული გიორგაძემ უარყო "ალიანსის საქართველოსთვის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, საბურთალოს ოლქის 78-ე და 85-ე საარჩევნო უბნები დაგვიანებით გაიხსნა. გიორგაძის თქმით, არ დასტურდება ფონიჭალაში ბიულეტენების ჩაყრის მცდელობის ინფორმაციაც. ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას იყო რამდენიმე ტექნიკური პრობლემა, რომელიც უკვე აღმოფხვრილია და ამ ხარვეზებს არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

30 მაისის არჩევნების მიმდინარეობას სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები პირადად აკვირდება - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა. სემნებიმ წინასაარჩევნო პროცესები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ახლა მთავარია შედეგები და მათი შეჯამება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დარღვევების გამო დაწერილ საჩივრებზე რეაგირებასაც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG