Accessibility links

logo-print
4-5 ივნისს ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საბაზისო პროექტის განხილვას იწყებს. საქართველოს სახელმწიფო კომისიის მიერ კონსტიტუციის საბაზისო პროექტად შერჩეული დოკუმენტი გასაცნობად კომისიას დაახლოებით ორი კვირის წინათ გაეგზავნა. მომავალი ორი კვირის განმავლობაში კი ვენეციის კომისია ცალკეული ექსპერტების მოსაზრებებს შეაჯერებს და საბაზისო პროექტის შემფასებელ დასკვნას შექმნის.

დასკვნას ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო კომისიის წევრებს პრაქტიკულად თავად წარუდგენს ივნისის შუა რიცხვებში, როდესაც გაფართოებულ სხდომაზე პროექტის გარშემო კიდევ ერთი მსჯელობა გაიმართება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.
”ანუ ახლა ვენეციაში იქნება მხოლოდ წინასწარი მოსაზრებები, თბილისში იქნება უკვე საბოლოოდ დასრულებული სახით ეს შენიშვნები და შემდგომში იქნება უკვე ბერლინის კონფერენცია, სადაც ამ შენიშვნებსა და კიდევ სხვა შენიშვნებს, რომლებიც სხვა საექსპერტო დაწესებულებებიდან იქნება, იმას საბოლოოდ გავივლით. ეს არის ჩვენი გრაფიკი ამ ზაფხულის.”

როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა თენგიზ შარმანაშვილმა გვითხრა, ზაფხულის გეგმებში შედის ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დახვეწა ქართველი ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებითაც, თუმცა მხოლოდ ძირითადი მიმართულებების ფორმატში. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ძირითად მიმართულებად მიიჩნია ეგრეთ წოდებული შერეული პროექტი, რომელიც დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტის სახელწოდებითაცაა ცნობილი. შერეული მმართველობა, ამ პროექტის თანახმად, ისეთ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას გულისხმობს, რომელშიც საპარლამენტო ელემენტები ჭარბობს,მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა და იგი საპარლამენტო უმრავლესობის საფუძველზე იქმნება.

” გადამწყვეტი მთავრობის ფორმირებაში იქნება პარლამენტი. პრეზიდენტი მონაწილეობს ამ პროცესში, მაგრამ მონაწილეობს არა როგორც გადამწყვეტი სუბიექტი, არამედ ერთ-ერთი სუბიექტი. მას შეუძლია წარადგინოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ნებისმიერ პიროვნებას ვერ წარუდგენს. მან უნდა წარადგინოს მხოლოდ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატურა”, - განმარტავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელიც 4 ივნისს ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის წინაშე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების საბაზისო პროექტის პრეზენტაციით თავად წარდგა.

პროექტი, თავის მხრივ, 11 მაისს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა. კომისიის წევრების მიერ მომზადებული სამი პროექტიდან დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტს 41-დან უმრავლესობა - 31 ხმა - ერგო. რაც შეეხება დანარჩენ 2 პროექტს, მათგან ერთი იყო ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის ლევან რამიშვილის პროექტი, რომელიც ამერიკული საპრეზიდენტო მოდელისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფედერალურ სისტემას ეფუძნებოდა, მეორე კი - გონაშვილისა და ბოძაშვილის პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მოდელის საფუძველზე აგებულ დაბალანსებულ სისტემას ანიჭებდა უპირატესობას.

საქართველოს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენა, პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისა და პარლამენტის უფლებების გაზრდის საფუძველზე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლად ფუნქციონირების პირობებში იყო მთავარი რეკომენდაცია, რომელიც, თავის მხრივ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ თებერვალში საქართველოში ყოფნის დროს გასცა:

”კონსტიტუცია, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მიიღეს, პროგრესის მაჩვენებელი იყო, თუმცა მასში აშკარად შეინიშნებოდა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობა. ეს გამოწვევა იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახალ კონსტიტუციაზე მუშაობენ. მათ უნდა აღმოფხვრან ეს პრობლემა. უნდა გაიზარდოს პარლამენტის მიმართ აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, სასამართლო უნდა გახდეს უფრო დამოუკიდებელი, აუცილებლად უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა.”

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი რეკომენდაციით, საქართველოს კონსტიტუციის საბაზისო პროექტი მისაღები უნდა ყოფილიყო როგორც საზოგადოების ფართო ფენების, ისე პოლიტიკური წრეებისთვის. აღნიშნული პროექტის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. ცალკეული შენიშვნები აქვს პროექტის მიმართ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრს, ვახტანგ ხმალაძესაც:

ვახტანგ ხმალაძე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
”განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეზიდენტს უფლება აქვს მოიწვიოს მთავრობის სხდომა, უთავმჯდომარეოს მას, ხოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება შემდგომ უნდა გაფორმდეს პრეზიდენტის აქტით. აი, ასეთი უფლება პრეზიდენტის, ჩემი აზრით, არის გადამეტებული, რადგან განსაკუთრებული შემთხვევების ზუსტი განსაზღვრა, ერთი რომ, ძალიან რთულია, მეორე კი ის, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება იქნეს წარმოდგენილი როგორც განსაკუთრებული შემთხვევა.”

ესაა ერთ-ერთი შენიშვნა, რომელსაც ვახტანგ ხმალაძე კონსტიტუციის საბაზისო პროექტის მიმართ გამოთქვამს. სხვათა შორის, ამ პროექტის გარდა, ვენეციის კომისიაში 3 ივნისს გაიგზავნა ასევე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის გაფართოებული კონცეფცია, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის მოდელს ანიჭებს უპირატესობას. მთავრდება ამ კონცეფციის ნორმატიულ პროექტად ჩამოყალიბების პროცესი, რის შემდეგაც ვენეციის კომისიაში საზოგადოებრივი კომისიის ნაშრომი უკვე ნორმატიული სახითაც შევა. თავის მხრივ, კომისია დასკვნის მომზადებას ამ პროექტზეც აპირებს.
XS
SM
MD
LG