Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების შემოსავლები შემცირდა


ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების შემოსავლები 2009 წელს წინა წელთან შედარებით 74 მლნ ლარით შემცირდა იმის მიუხედავად, რომ მომსახურების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, 2009 წელს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის შემოსავლებმა 811 მილიონი ლარი შეადგინა 2008 წლის 885 მილიონის საპირისპიროდ. ამდენად, ფიჭური კავშირის ოპერატორთა შემოსავლებმა ოთხწლიანი მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ 8,4%-ით დაიკლო.

საერთო შემოსავლების კლებასთან ერთად ფიჭურ კომუნიკაციას შარშან საბაზრო წილიც შეუმცირდა 68%-დან 65%-მდე. თუმცა, 2009 წელს კვლავაც მზარდი იყო აბონენტების რაოდენობა, რომელმაც საერთო ჯამში 3 მილიონს გადააჭარბა.

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ყოველთვიური შემოსავლების ოდენობამ საშუალოდ ერთ აბონენტზე 2009 წელს 22 ლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 5 ლარით ნაკლები. აბონენტებმა შეზღუდეს საუბრის ხანგრძლივობა და მობილურ ტელეფონზე გაწეული ხარჯიც.

რაც შეეხება კომპანიების პოზიციებს, “მაგთიკომის” საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 2009 წელს 6%-ით - 55%-დან 49%-მდე შემცირდა და 397 მლნ ლარი შეადგინა. დაახლოებით 7%-ით - 43%-მდე შემცირდა “მაგთიკომის” საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვითაც და საბოლოოდ 1 მილიონ 316 ათასი აბონენტი გამოვიდა.

“ჯეოსელის” საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 2009 წელს 43% იყო (წინა წელზე 1%-ით მეტი) და 349 მილიონი ლარი შეადგინა. აბონენტების მიხედვით კი “ჯეოსელს” 2%-იანი ზრდა აქვს (ბაზრის 44%-დან 46%-მდე), რამაც ის მომხმარებლის სიდიდით ბაზრის ლიდერი გახადა 1 მილიონ 408 ათასი აბონენტით.

შემოსავლებში თავისი წილი 5%-ით (3%-დან 8%-მდე) გაზარდა
“ბილაინის” ბრენდით დამკვიდრებულმა “მობიტელმაც”, რაც ფულად გამოსახულებაში 65 მილიონი ლარი გამოვიდა. აბონენტების რაოდენობით “მობიტელის” ზრდა მთელი 4,5% იყო და ჯამურად ბაზრის 11%-ს მიაღწია, რაოდენობრივად კი “მობიტელს” უკვე 367 ათასი კლიენტი ჰყავს.

შემოსავლები 2009 წელს ტელე-რადიო მაუწყებლობის სფეროშიც შემცირდა - წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით - 100-დან 90 მილიონამდე. 2009 წელი ამ სეგმენტზეც პირველი წელია, როდესაც შემოსავლებმა იკლო.
XS
SM
MD
LG