Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კვლევის შედეგები


“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო, რამდენად ხელმისაწვდომია ქვეყანაში საჯარო ინფორმაცია და, შესაბამისად, რამდენად გამჭვირვალეა ესა თუ ის სახელმწიფო სტრუქტურა. 10 საჯარო დაწესებულებას ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების 52 განცხადება გაეგზავნა. კვლევის მიხედვით, ყველაზე ღია ცენტრალური საარჩევნო კომისია აღმოჩნდა, ყველაზე დახურული კი - ძალოვანი სტრუქტურები.

გამოიკვეთა, რომ არადამაკმაყოფილებელ პასუხთა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 21%-ს შეადგენს, რაც სამინისტროების და პროკურატურის დაბალი აქტივობის შედეგად შეფასდა. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც წერილებზე, უბრალოდ, არავის უპასუხია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტის მიმდინარეობისას სხვადასხვა კითხვის შემცველი წერილები მიიღეს ფინანსთა, იუსტიციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, ასევე პარლამენტმა, უზენაესმა სასამართლომ, პროკურატურამ, ცესკომ, სახალხო დამცველის ოფისმა და კონტროლის პალატამ.

”ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხიდან ოთხივე განცხადებაზე გვიპასუხა. 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა უზენაეს სასამართლოსაც. ასევე მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა კონტროლის პალატას და პარლამენტს.

ყველაზე სავალალო მაჩვენებელი კი ჰქონდა საქართველოს პროკურატურას – ოთხი გაგზავნილი განცხადებიდან მან მხოლოდ ერთზე უპასუხა”, ამბობს კვლევის კოორდინატორი მარიამ ხოტენაშვილი. მისი ინფორმაციით, დაბალი მაჩვენებლები აქვს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს. ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა საჯარო პირთა პრემიების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია დახურულია, რასაც არც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ეთანხმება და არც ცალკეული ჟურნალისტები.

გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტის ელისო ჩაფიძისთვის ნაკლებ საინტერესოა რა ითქვა პრესკონფერენციაზე - მისი მთავარი მიზანია გადაამოწმოს ის, რაც იქ განაცხადეს, კონკრეტული ფაქტებით, ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრების ანალიზით და ა.შ. ათვლის წერტილი, საიდანაც, ჩაფიძის შეფასებით, საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესი შეფერხდა, ისევ ვარდების რევოლუციაა. ადმინისტრაციული კოდექსით შეიარაღებული ჟურნალსიტების დანახვა საჯარო მოხელეებს დიდად არც მაშინ, 2001 წელს, ხიბლავდათ, იხსნებებს ელისო ჩაფიძე, მაგრამ რევოლუციის შემდეგ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებებით შეზღუდა – მაგალითად, იმით, რომ საჯარო რეესტრიდან თითო ინფორმაციის მოპოვებაზე მოსაკრებელი დაწესდა.

ან მეორე - ხელისუფლებამ გააფართოვა პირის პერსონალური მონაცემების ცნება. თუ საჯარო პირის ხელფასის ოდენობა ღია ინფორმაციაა, საიდუმლოა იმ პრემიის რაოდენობა, რომელსაც მას ასევე უხდის სახელმწიფო.

”როდესაც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ პრემიის სახით აიღო 49 000 ლარი, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ ინფორმაციის გადამოწმება სწორედ იმის გამო, რომ გვიპასუხეს, ეს არის პირის პერსონალური მონაცემებიო. როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაზეა საუბარი და არა მემკვიდრეობით დატოვებულ ქონებაზე, როგორ შეიძლება ეს იყოს პირის პერსონალური მონაცემები, ჩემთვის გაუგებარია.”

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, როგორც წესი, საუკეთესოდ იციან რომელი სტრუქტურიდან არის ინფორმაციის მოპოვება რთული. ელისო ჩაფიძის დაკვირვება ასეთია: ”ბოლო წლების განმავლობაში აუღებელი ციხესიმაგრე გახდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ასევე იუსტიციის სამინისტრო და ამ ბოლო დროს მათ რიცხვს შეემატა თბილისის მერია. მაგალითად, ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია თბილისის მერის გიგი უგულავას სატელეფონო ხარჯების შესახებ.”

აქვე შეგახსენებთ, რომ გაზეთი ”რეზონანსი” დღემდე სასამართლოს გზით ითხოვს ”ენგურჰესთან” დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას.

რადგან კვლევამ პროკურატურა გამოკვეთა როგორც ერთ-ერთი ჩაკეტილი უწყება, რადიო თავისუფლება პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, ხათუნა იოსავას დაუკავშირდა კომენტარისათვის. მან გვითხრა, რომ საგამოძიებო სტრუქტურა 100%ით გამჭვირვალე ვერ იქნება, თუმცა კატეგორიულად არ დაეთანხმა აზრს პროკურატურის ჩაკეტილობის შესახებ: ”პირიქით, მე ძალიან აქტიური ურთიერთობა მაქვს ჟურნალისტებთან და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ რჩება. ცხადია, ეს არ ეხება იმ ინფორმაციას,რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, წინასწარ საუბარი არ შეიძლება.”

დაბოლოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის შედეგებში დადებითი მომენტი იყო ის, რომ არ აღმოჩნდა რაიმე სახის დისკრიმინაცია განმცხადებლის ტიპის მიხედვით - არ დაუჩაგრავთ არც ჟურნალისტი, არც არასამთავრობო ორგანიზაციის და არც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ყველა მათგანს ერთნაირად სცემდნენ პასუხს და ერთნაირად ტოვებდნენ უპასუხოდ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG