Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ათამდე ქართველი გაათავისუფლა


სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი სოფელ ერგნეთთან
სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი სოფელ ერგნეთთან
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული 10-მდე ქართველი გაათავისუფლა. ბოლო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როცა კარლო ნინიური, ნუგზარ ცარიტოვი და ფრიდონ ჯეირანაშვილი, ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან გამოაძევეს. ისინი რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა სხვადასხვა დროს დააკავეს, მაგრამ სასამართლომ ისინი ერთად გაასამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ცუდად არ ეპყრობოდნენ, გათავისუფლების წინ კი გააფრთხილეს, რომ იგივე აღარ გაიმეორონ.

ბოლო პერიოდში გორისა და ქარელის რაიონის სოფლებიდან ის ადამიანები დააკავეს, რომლებიც ტყეში ან შეშის საჭრელად, ან პირუტყვის სამწყემსად იყვნენ წასულები. ფრიდონ ჯეირანაშვილი სწორედ სოფლის საქონელს მწყემსავდა, როცა სოფელ ჭვრინისის მინდვრებში დააკავეს. მისი თქმით, არსად არანაირი ნიშანი არ უნახავს, თუ სად გადიოდა ეგრეთ წოდებული საზღვარი.

ოსური მხარის მიერ ბოლო პერიოდში დაკავებული ქართველების სწრაფ გათავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის დამსახურებად მიიჩნევს. როგორც ცნობილია, ჰამარბერგმა მხარეებთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებლიეთ დამრღვევი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. შოთა უტიაშვილის აზრით, ოსური მხარე მემორანდუმს ნაწილობრივ ასრულებს, რადგან 8 ქართველი უკვე თვეებია ცხინვალის ციხეში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

გორის, ქარელის და ცხინვალის რაიონის მოსაზღვრე სოფლები იმდენად ახლოს მდებარეობს ერთმანეთთან და იმდენი გზა და ბილიკი გადადის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უჭირს გაიგოს სად გადის რუსების და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავლებული საზღვრები, მით უმეტეს, რომ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე სპეციალური ნიშნები არ არსებობს. ამიტომ მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ მომავალშიც არაერთხელ მოხდება ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებური დარღვევა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოთხოვნა კი ასეთი ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.
XS
SM
MD
LG