Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტახანოვური მოძრაობა“ 75 წლის იუბილეს აღნიშნავს


ალექსეი გრიგორის ძე სტახანოვი
ალექსეი გრიგორის ძე სტახანოვი
კომუნისტური მმართველობის გაუქმებას მოჰყვა ამ სისტემის თანმხლები არაერთი მოვლენის თუ ფენომენის პრაქტიკიდან გაქრობა. მათ შორისაა ეგრეთ წოდებული „სტახანოვური მოძრაობა“, სოციალისტური შრომითი შეჯიბრის ფორმა, როცა რეკორდები მყარდებოდა - ერთი მუშა თუ სხვა მშრომელი ერთ მშვენიერ დღეს ნორმას განსაცვიფრებლად აჭარბებდა და სხვებს ამით მაგალითს აძლევდა, რითაც იზრდებოდა წარმოება, შრომის ენთუზიაზმი და, წესით და რიგით, ეკონომიკა უნდა გაძლიერებულიყო. „სტახანოვურ მოძრაობას“ 75 წელი უსრულდება. სოციალისტური ეკონომიკური სისტემა დღეს დაწუნებულია, „სტახანოვურ მოძრაობას“ კი მხოლოდ იუბილესღა უხდიან და მისი მომხრეები და კრიტიკოსები, ალბათ, დავობენ იმაზე, რასაც უკვე აზრი აღარა აქვს. მსოფლიო, მცირე გამონაკლისის გარდა, კაპიტალისტური ეკონომიკური, მეტ-ნაკლებად ლიბერალური სისტემით არსებობს. 30-იანი წლების საბჭოთა კავშირი სტალინის აღზევების ხანა იყო. სწორედ მას ეკუთვნის იმ დროისთვის ფრთოსან ფრაზად ქცეული, „სტახანოვური მოძრაობის“ მნიშვნელობის დახასიათებისას ნათქვამი სიტყვები: „ცხოვრება უკეთესი გახდა, ამხანაგებო, ცხოვრება უფრო სახალისო გახდა“. სიზუსტისთვის გაგახსენებთ სტახანოვის წამოწყების ამბავს. ოფიციალური ვერსია ასეთია:

ყველაფერი მოხდა უკრაინაში, დონბასში, „ცენტრალნაია ირმინოს“ მაღაროში, სადაც მუშაობდა ალექსეი გრიგორის ძე სტახანოვი. მისი არნახული მიღწევის მიზეზი სამტვრევი, პრევმატური ჩაქუჩის ოსტატური ხმარება შეიქნა. თვითონ ჩაქუჩი იმ დროის ტექნიკის უდიდესი მიღწევა იყო. იმ დღემდე, 1935 წლის 30 აგვისტომდე, მაღაროში რამდენიმე ადამიანი ჩადიოდა. ერთი ქვანახშირს ამტვრევდა, სხვები, იმისათვის, რომ არ ჩამონგრეულიყო, იმ ადგილს ამაგრებდნენ. სტახანოვი - ის მაშინ 29 წლისა იყო - გამოვიდა შრომის ორგანიზაციის შეცვლის წინადადებით: მტვრეველი უნდა გავათავისუფლოთ გამმაგრებლის ფუნქციისგან, რათა მან მხოლოდ ამტვრიოსო. თუკი შრომას გავანაწილებთ, ერთ ცვლაში ნორმის - 9 ტონის - 70-80 ტონამდე გაზრდა შეიძლებაო, თქვა სტახანოვმა. მაღაროებს მისცეს საშუალება წინადადება მოესინჯათ. დაიწყო ცვლა. 5 საათსა და 45 წუთში აწონეს სტახანოვის მიერ მომტვრეული ქვანახშირი და განცვიფრდნენ: მან ნორმას 14-ჯერ გადააჭარბა და გამოიმუშავა 220 მანეთი, იმ დროისთვის უსაშველოდ დიდი ფული. ჩანს, იყო შესაძლებლობა, შრომის ნაყოფიერების გაზრდისა. ირმინოს ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელი ვალერი იარმოშჩუკი ამბობს: „სტახანოვურ მოძრაობას ვუმადლით, რომ ჩამოყალიბდა ახალგაზრდა სახელმწიფო და ჩვენი სახელმწიფო ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ქვეყნად იქცა.“
ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ოფისს და თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანს ჟიული სიყმაშვილს. თანამოსაუბრემ გვითხრა, რომ კომუნისტური პარტია არ შეიძლება აფასებდეს „სტახანოვურ მოძრაობას“ უარყოფითად. მისი თქმით, ის დადებითი მოვლენა იყო თავის დროზე, მაგრამ შემდეგ რომ სწორი გაგრძელება ჰქონოდა, კარგი იქნებოდა.

ჟიული სიყმაშვილი იხსნებს იმ დროს, ბოლო საბჭოთა პერიოდს, როცა, მისი თქმით, კომუნისტური დეები გაყალბდა, მაგრამ მანამდე, 50-იან წლებში, ის წარმატებული იყო.

მან აგვიხსნა, როგორ მოხდა, რომ, მიუხედავად სტახანოვური მოძრაობის ასე ფართოდ გაშლისა და, საერთოდ, იმ დროს ცნობილი შრომითი მიღწევებისა, საბჭოთა ეკონომიკამ ვერ მოახერხა ისე წელში გამართვა, რომ მართლაც დაემტკიცებინა კაპიტალისტური სისტემისთვის თავისი უპირატესობა. მისი თქმით, ნულიდან დაწყებულმა საბჭოთა ეკონომიკამ დიდ წარმატებას მიაღწია, დაეწია და გაასწრო აშშ-ს არაერთი პროდუქტის წარმოებაში, ზოგიერთ სფეროში პირველ ადგილზეც კი იყო.

მაგრამ საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირი კაპიტალისტური ქვეყნების გარემოცვაში იმყოფებოდა და სამხედრო ძლიერებაზე იხარჯებოდა დიდი თანხები, რათა ახალი ომი ყოფილიყო თავიდან აცილებული. სიყმაშვილის თანახმად, საბჭოთა კავშირში სოციალურ ხარჯებს სახელმწიფო იღებდა თავის თავზე, მაგრამ ხელისუფლების შეცდომებს, არასწორ დაგეგმარებას მოჰყვა შედეგად ის, რომ ეკონომიკა ვეღარ განვითარდა.

სტახანოველები საქართველოსაც ჰყავდა. პირველები იყვნენ ჭიათურელი მაღაროელები, სამხარაძე და ფოფხაძე. მოგვიანებით ამ მოძრაობას შეუერთდნენ სხვა დარგების, სოფლის მეურნეობის მშრომელები.

უკრაინელი ისტორიკოსი ვლადიმირ სემიტიაჰა ლაპარაკობს სხვა მაღაროელების პრობლემაზე. ბუნებრივია, როცა შენი ამხანაგი 14 -ჯერ თუ არა, ათჯერ მეტს მაინც გამოიმუშავებს, შენც იძულებული ხარ მხარი აუბა მას. მაგრამ ყველას არ სურდა სოცილისტური შრომის გმირობა. „აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო უკეთ მუშაობა, ნორმის გაზრდა ორჯერ-სამჯერ. და მაშინ იყო, რომ სხვა მაღაროელებმა სტახანოველების ცემა დაიწყეს.“ ზოგადად, სტახანოვური მოძრაობა, ზოგიერთი შეფასებით, მხოლოდ რეაქცია იყო იმ გამოუვალი მდგომარობის გამოსასწორებლად, რომელშიც ქვეყანა იყო, მიუხედავად ინდუსტრიალიზაციაში ჩადებული სახსრებისა. შრომით გმირობას უნდა შეეცვალა, მარტივად რომ ვთქვათ, ცუდი მართვა. დღეს რაღა დროს საბჭოთა პროლეტარიატის უფლებებზეა ლაპარაკი, მაგრამ ზოგან სტახანოვური რეკორდები ნორმად გამოაცხადეს და მუშების გადაჭარბებული ექსპლუატაცია დაიწყო ქვეყანაში, სადაც მათ უნდა ებატონათ. ამას ისიც დაერთო, რომ სტახანოველთა მიღწევების ყველგან გამოყენება შეუძლებელი იყო. ქვანახშირს ყველაფერში მოიხმარ, მაგრამ ბორბლების წარმოება როცა ძალიან აჭარბებს ძრავების წარმოებას, მანქანების აგებას ეს ვერ წაადგება. უკვე საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი, რომ სტახანოველები ყოველთვის არ მუშაობდნენ მარტო, რომ ეს რეკორდები თვითმიზანი გახდა და, მოკლედ, ბევრი სიყალბე იყო.

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანს ჟიული სიყმაშვილს ვკითხეთ, შეუძლია თუ არა მას დაადასტუროს ეს. მან გვითხრა, რომ თავიდან სტახანოვი ხომ იყო და იყო და მას ბევრი ნამდვილი მიმდევარი ჰყავდა. მაგრამ მერე უკვე, ხრუშჩოვის და ბრეჟნევის პერიოდში, სოციალიზმის, საბჭოთა სახელმწიფოს გინება და ლანძღვა დაიწყო, სიყალბე შემოვიდა და ამან ზეგავლენა მოახდინა.

უკრაინელი ისტორიკოსი სემიტიაჰა ბოლოს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „სტახანოვური მოძრაობის“ იუბილეს მთავარი მახასიათებელი მხოლოდ ნოსტალგიაა, სხვა არაფერი: "ვერ უარვყოფთ იმას, რომ ჩვენს ხელისუფლებაში მოვიდნენ ყოფილი კომკავშირლები, კომუნისტები. იციან მათ ისტორია? მათ მხოლოდ ის იციან, რაც თავში ჩაუჭედეს, რომ ეს ეპოქალური მოვლენა იყო, ახალგაზრდა გვარდია, „სტახანოვური მოძრაობა“...
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG