Accessibility links

logo-print

რას ფიქრობენ რუსთაველი მცირე მეწარმეები ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტზე


ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის შესახებ მცირე მეწარმეობით დაკავებულმა რუსთაველებმა მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებიდან იციან და მასზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ.

რუსთავში პროექტის საჯარო განხილვა ჯერ არ მომხდარა, არადა, როგორც კომპიუტერული ტექნიკით მოვაჭრე ზაზა მაღლაკელიძე ამბობს, უპრიანი იქნებოდა რუსთაველი მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარება მოსალოდნელ საგადასახადო ცვლილებების თემაზე.

ზაზა მაღლაკელიძის თქმით, მთავრობის ახალ საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, სრული ინფორმაციული ვაკუუმია რუსთავში.

თუმცა, მისივე განცხადებით, ის, რასაც მთავრობა, ბოლო წლებში საგადასახადო მიმართულებით აკეთებს, ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას და ჩრდილოვანი ბიზნესის დაძლევას. ეს კი, ამბობს რუსთაველი ბიზნესმენი, საბოლოო ჯამში, პატიოსან გადამხდელებს სახელმწიფოსთან ცივილიზებული ურთიერთობის ჩამოყალიბების სურვილს უღვივებს.

„10 წლის წინ ხელისუფლებას ჩვენთან ურთიერთობა არ აინტერესებდა. ბუნებრივია, რომ ბიზნესმენებს, - არა აქვს მნიშვნელობა მცირე მეწარმეები არიან თუ დიდი ქარხნის მფლობელები, - საგადასახადო კუთხით, სახელმწიფოსთან მოუწესრიგებელი ურთიერთობა ჰქონდათ. დღეს სიტუაცია საპირისპირო მხარეს იცვლება“, ამბობს მაღლაკელიძე.

როგორც ცნობილია, კერძო სასწავლებლების მესვეურთა პროტესტის შემდეგ, საგადასახადო კოდექსის პროექტიდან ამოიღეს კერძო სასწავლებლების დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მუხლი. რუსთავის კერძო სკოლა „ჩირაღდანის“ დირექტორი გივი კაპანაძე ამბობს, რომ ამ მუხლის არსებობის შემთხვევაში მის სკოლაში სწავლის ღირებულება გაიზრდებოდა და იმაზე გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

„გადასახადის გადახდა ისევ ჩვეულებრივი მოქალაქის - ამ შემთხვევაში მშობლების - ჯიბეს დაარტყამდა“, ამბობს გივი კაპანაძე.

ცნობისთვის: სკოლა „ჩირაღდანში“ ყოველწლიური გადასახადი 550 ლარის ფარგლებშია, რომელიც მშობლებისთვის ასე თუ ისე ხელმისაწვდომია. კაპანაძის თქმით, სწავლის საფასურის კიდევ უფრო გაზრდა მოსწავლეებისგან სკოლის დაცლას და, საბოლოო ჯამში, მის დახურვას გამოიწვევდა.
XS
SM
MD
LG