Accessibility links

შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორად ზურაბ არსოშვილი დაინიშნა


ზურაბ არსოშვილი, დავით ტყეშელაშვილი, ლადო ვარძელაშვილი

ზურაბ არსოშვილი, დავით ტყეშელაშვილი, ლადო ვარძელაშვილი

შიდა ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ტყეშელაშვილმა წარადგინა. არსოშვილმა შეცვალა ლადო ვარძელაშვილი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ახალი გუბერნატორი ბოლო დრომდე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

32 წლის ზურაბ არსოშვილს იმ რეგიონის გუბერნატორობა ჩააბარეს, რომელსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია. ათიათასობით დევნილის სოციალური პრობლემები, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ გავლებული საზღვარი, ადამიანთა გატაცება და მუდმივი არასტაბილურობის განცდა იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც მუშაობა ახალ გუბერნატორს მოუწევს. არსოშვილის წარდგენისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ახალი გუბერნატორი ძალიან კარგად იცნობს რეგიონს:

”ძალიან კარგად იცნობს აქაურობას, ძალიან კარგად იცნობს ხალხს ამ რეგიონში და ეჭვი არ მეპარება ყველა გამოწვევებს, რომელიც არის ამ რეგიონში, ადეკვატური პასუხი გაეცემა.”

თავის მხრივ ახალმა გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა აღნიშნა, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება ახალ საქმეს და თავისი წინამორბედის გუნდს დაეყრდნობა:

”ეს ჩვენი გუნდია, საერთო გუნდი, და ამ გუნდთან ერთად ვაპირებ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას რეგიონში.”

ამ სტანდარტული სიტყვების ავტორი ბოლო დრომდე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მისი მუშაობის შედეგია გვარდიის ეროვნული რეზერვის ახალი სტრატეგიის შემუშავება. მანამდე კი ზურაბ არსოშვილი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, თბილისის მერის მოადგილე და საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

ასეთი წარსულის მქონე სახელმწიფო მოხელის გუბერნატორად დანიშვნა ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია ქართული პოლიტიკის ექსპერტს რამაზ საყვარელიძეს:

”დავუშვათ, ომბუდსმენის მოადგილე დანიშნეს თავდაცვის მინისტრად, ეს რამეს ნიშნავს? ასე რომ, ამ დანიშვნებში პოლიტიკური მნიშვნელობის ჩადება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. შეიძლება იყოს ახალგაზრდა, ენერგიული, გარკვეული დამსახურების მქონე და ის გადაიყვანონ ისეთ თანამდებობაზე, სადაც შეიძლება იყოს პოლიტიკურად აქტიური და თავისუფალი.”

ზურაბ არსოშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე ლადო ვარძელაშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციას 3 წლის განმავლობაში - მათ შორის, რუსეთის შემოჭრის დროს -ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG