Accessibility links

logo-print
დღევანდელი “ბიბლიოთეკა” ბესიკ ხარანაულის ბოლო წიგნს შეეხება, წიგნს “სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა” ჰქვია.

მცირე ფორმატის გადაცემა ხანდახან ნამდვილად არაა ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ ამათუიმ ნაწარმოების შესახებ რაიმე არსებითი უთხრა მკითხველს. ბესიკ ხარანაულის ბოლო წიგნი “სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა”, სწორედ იმ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც 6-7 წუთიანი გადაცემა ძალიან ცოტაა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანში აღვძრა ამ წიგნის წაკითხვის სურვილი, წიგნისა, რომელიც აუარება ამბავსა და მრავალი წლის ნაფიქრს მოიცავს და ჩვენს თვალწინ ქმნის სრულიად ახალ სამყაროს, რომელიც ერთი შეხედვით დოკუმენტურად ზუსტი გგონია, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე თამამ ოცნებას წარმოადგენს.
ამაზე თავად ბესიკ ხარანაულიც წერს თავის წიგნში: “ვისაც სწამს მხოლოდ სინამდვილე, იმას მეტი არაფერი არ უნდა აღირსო. ვისაც არ სწამს ჯვარცმული ოცნება და ადამიანის მეტაფიზიკური ამბოხი, დაე, ებას სინამდვილეზე”.

წიგნი დიდი პოეზიისა და უცნაური დოკუმენტურობის ზღვარზეა დაწერილი. ზვიად რატიანის აზრით, “60 ჯორზე ამხედრებული რაინდი” პროზაა, თუმცა თავად წიგნი ნებისმიერ ჟანრულ განსაზღვრებაზე მაღლა დგას: “მე მაინც ვთვლი, რომ ეს არის პროზა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნიშნით შემეძლო მეთქვა და ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ მესიამოვნებოდა კიდევაც, რომ განმესაზღვრა ეს წიგნი როგორც პოეზია. ნამდვილად, ეს პროზაა, თუმცა ამაზე შორს ნამდვილად ვერ წავალთ, რომანი და ა.შ. მითუმეტეს, ერთ გაზეთში, მახსოვს, როცა ფრაგმენტები დაიბეჭდა, პოეტური პროზა დაარქვეს თუ ლექსები პროზად, რაც აბსოლუტურად მიუღებლად, დაუშვებლად და გაუგებრად მეჩვენება.”

ავტორმა ნაწარმოები მახვილგონივრულად განსაზღვრა როგორც “ეთნოფილიური რომანი”, მკითხველებიც ეცადნენ თავისი სახელი დაერქმიათ ამ წიგნისთვის, რაც გასაგებიცაა, რადგან მკითხველი ყოველთვის ითხოვს სახელის დარქმევას, ანალოგიის მოძებნას. ამ კონკრეტული წიგნის, ისევე როგორც ბესიკ ხარანაულის წინა ორი წიგნის, “ამბა ბესარიონისა” და “ეპიგრაფების...” შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება ზუსტი ჟანრული განსაზღვრება. ამით ბესიკ ხარანაულმა პოეზიისა და ფილოსოფიის საწყისთან, განცვიფრებასთან დაგვაბრუნა და შექმნა ტექსტი, რომელსაც კომფორტისა და სიმყუდროვისთვის კი არ ვკითხულობთ, არამედ გაკვირვებისთვის, პოეტური ნისლოვანებისთვის. ამგვარი პოეზიითაა სავსე წიგნის ყველაზე დოკუმენტური, ე.წ. ეთნოგრაფიული მონაკვეთებიც, რის გამოც, ზვიად რატიანისთვის ეს წიგნი გარკვეულ მისიონერულ მნიშვნელობასაც იძენს:

“არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პოეტი წერს პროზას (მოდი, ვთქვათ, რომ ეს არის პროზას), ის ამას მიმართავს იმიტომ, რომ არის რაღაც, რასაც ლექსებში ვეღარ ამბობს, სალექსო ფორმები აღარ ყოფნის და გადადის პროზაზე. ბესიკ ხარანაულის შემთხვევაში კვალიც არ არის მსგავსი მოტივაციის. ეს არის აბსოლუტურად სხვა შემთხვევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბესიკ ხარანაულმა რაღაცა ვერ მოიხელთა პოეტურ ფორმებში. თან ეს გარკვეული აზრით მისიონერული წიგნიცაა, რადგან ამ ადამიანს ჰქონდა ეს ცოდნა. სხვაც შეიძლება ფლობდეს ამგვარ ცოდნას, მაგრამ წარმოუდგენლად რთულია ამ ცოდნის გადაცემა, ანუ ვგულისხმობ იმ ადათებს, იმ აბსოლუტურ უცნაურობებს, რომელსაც ადათები და ტრადიციები აღარც ჰქვიათ... თუნდაც სიტყვები, სიტყვები, რომლებიც აღარ არსებობს აღარსად და იგი შეიძლება ვერც მშობლიურ წიაღში ნახოთ, ანუ იმ მთიანეთში – ხევსურეთში, ფშავში, სადაც ეს სიტყვები თავის დროზე წარმოიშვა. ბესიკ ხარანაულმა გარდა ძალიან დიდი ნაწარმოებისა, ცოდნა გადასცა მკითხველს. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს ცოდნა მან თაობებს გადასცა, შეინახა ეს ცოდნა, ანუ გარკვეული თვალსაზრისით, ეს არის მცველი და შემნახავი ძალიან დიდი ცოდნის, რომელიც რაღაც სამეცნიერო ანალებში ალბათ არის, მაგრამ როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მხატვრული ნაწარმოები უფრო მისაწვდომია მკითხველისთვის და აქ ყველაფერი უფრო ცოცხალია – სიტყვები, ტრადიციები თუ მეტყველების ფორმები.”

როგორც ზემოთაც ვთქვი, “60 ჯორზე ამხედრებული რაინდი” იმ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მუდამ ფორმაში ამყოფებს მკითხველს, აქ არაფერია ისეთი, რაც მოგადუნებს, რაც მოგბეზრდება, რასაც გადაახტები, გამოტოვებ. აქ ინფორმაცია კიარ ავიწროვებს გაგების წრეს, არამედ პირიქით, აფართოვებს მას და კიდევ უფრო მოუხელთებელს ხდის.

“ეს წიგნი, გარდა მხატვრულისა, არის ძალიან ინფორმაციული წიგნი, მასში ზღვა კონკრეტული ინფორმაციაა და ხშირად მკითხველი ალბათ იბნევა კიდეც, სად არის ეს სუფთა ინფორმაცია, საუბარი ტრადიციებზე, ადათ წესებზე იმ კონკრეტული მთიანი მხარეებისა, რომელსაც მოიცავს ამ წიგნის გეოგრაფია და სად შედის მოქმედებაში ავტორის ფანტაზია. ამ ზღვარის გავლება ძნელია და სწორედ ეს ზღვარია ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ამ წიგნის. თავად ბესიკ ხარანაულიც წერს გამოტოვებულ ადგილებზე, რომლებიც მკითხველმა უნდა შეავსოს”.

წიგნი ორი უძველესი ტომის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ბესიკ ხარანაული პირობითად “ჰიპერბოლებსა და მეტაფორებს” უწოდებს. მკითხველი ადვილად მიხვდება რომელ ტომებზეა საუბარი, ამიტომ მეც არ დავარღვევ ავტორისეულ ტაბუს, არ დავასახელებ მათ და მხოლოდ მისი ერთი უზუსტესი ციტატით შემოვიფარგლები: “განა არ ვიცი, რა ჰქვია ამ ტომებს? განა არ ვიცი, რა სახელით იხსენიებიან ისინი ერთად თუ ცალ-ცალკე? მაგრამ, ერთხელაც რომ ვახსენო, მაშინვე გაიღვიძებს საშინელი ურჩხული - ისტორია და მეც შემჭამს და იმათაც - ჩემში. რეალიზმი ამ მიწაზე არ შობილა და არც იშვება, თითქოს ვიღაც ბრძენმა გემო გაუსინჯა და გადააგდოო. ამ მიწაზე უკიდურესი რეალიზმი და უკიდურესი იდეალიზმია, მათ აქვთ ერთურთში ჯიბრობა, აქ ჰიპერბოლა და მეტაფორა ღვთის სასწორზე მეტობას ცილობენ”.

წიგნს სხვა გმირებიცა ჰყავს: “თან ამ წიგნში არიან პერსონაჟებიც, რომლებიც მიუხედავად წიგნის საკმაოდ რთული სტრუქტურისა, ლოგიკურად ვიტარდებიან და ლოგიკურად მოქმედებენ და ლოგიკურად მეორდებიან წიგნის სხვადასხვა მონაკვეთში. თანაც, მე კი ვთვი რო ეს არის პროზა, მაგრამ იქ არის ძალიან დიდი ნაწილი პოეზია, ცალსახად პოეზია, თუნდაც წიგნის დასაწყისი.”

ჩემთვის ეს ნამდვილი სიბრძნის პოეზიაა. წარმოიდგინეთ ფშაველი, ან ხევსური ჰერაკლიტე, რომელიც თანამედროვე ურბანულ გარემოში ცხოვრობს და ოცნებებითა და გრძნობებით ფილოსოფოსობს. თავად ავტორიც ამბობს: “ბრძენიც იმას ჰქვია, ვისაც გრძნობაზე ენა არ დაებმის და ხელები არ აუცახცახდება, ან გარეთ არ გავარდება ცეცხლმოდებულივით. არამედ დაწერს”.
XS
SM
MD
LG