Accessibility links

სახალხო კრება ომის შემდგომ პერსპერქტივებზე...


ნინო ბურჯანაძე, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი

ნინო ბურჯანაძე, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი

”წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ”, პოლიტიკური პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ” მხარდაჭერით, დღეს სასტუმრო „ვერე პალასში“ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მოუყარა თავი იმისათვის, რომ ემსჯელათ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებსა და ომით განპირობებული მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე. ”წარმომადგენლობითი სახალხო კრება“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც გასული წლის მარტში დაფუძნდა და მას შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ეხმიანება.

კონფერენცია, რომელიც ”წარმომადგენლობითი სახალხო კრების” ინიციატივით ჩატარდა და რომელიც მიზნად ისახავდა აგვისტოს ომის შედეგების ანალიზსა და ქვეყნის პერსპექტივებზე მსჯელობას, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი სატელევიზიო მიმართვის ჩანაწერით გაიხსნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს: ” მე ძალიან მიყვარს ოსი ხალხი როგორც პრეზიდენტს და როგორც უბრალო ადამიანს.” ამ ჩანაწერს მოჰყა პრეზიდენტის კიდევ რამდენიმე სატელევიზიო კომენტარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში გაკეთდა. შემდეგ იყო იმ სოფლების გრძელი ჩამონათვალი, რომელიც ქართული ხელისუფლების კონტროლს აღარ ექვემდებარება. ამის შემდეგ კი „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა კონფერენცია გახსნა და სიტყვა ”დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს გადასცა.
ნინო ბურჯანაძემ ომის შემდგომი რეალობა,მთლიანობაში, შეაფასა როგორც კრიზისული, გამოსავალთან დაკავშირებით კი თქვა:

”ის, რაც ჩვენ გვჭირს, დაწყებული საერთაშორისო იზოლაციიდან, დაწყებული ელემენტარული პატივისცემიდან ქვეყნისადმი უკვე და არა მარტო ხელისუფლებისადმი, ვერ შეიცვლება ძალიან სერიოზული პოლიტიკური გარდატეხის გარეშე.”

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ”ნაომარი და ვერშერიგებული ხელისუფლებები” (გულისხმობს რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებას) დღეს სასაუბრო რესურსის გარეშე არიან დარჩენილი. ამდენად, გამოსავალი მხოლოდ ორსავე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაა. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ასევე ფიქრობს, რომ ევროპამ გვერდზე უნდა გადადოს ზერელე დამოკიდებულება სოხუმისა და ცხინვალის მიმართ, რომ ისინი ისევე ერთ კონტექსტში არ განიხილოს, როგორც ამას რუსეთი წარმოადგენს. სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტების დასარეგულირებლად, მინიმუმ, ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების შეცვლაა საჭირო:

”მიმაჩნია, რომ ჟენევის ფორმატმა უკვე ამოწურა საკუთარი თავი, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ასეთი ფორმატი მისაღებია მხოლოდ რუსეთისთვის, რომელსაც აქვს თითქმის 15-წლიანი გამოცდილება შედეგის არდადგომისა ასეთ ფორმატში ურთიერთობის პირობებში. ეს ეხება არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ ყარაბახსაც და საჭიროა რაც შეიძლება მალე ორმხრივ დიალოგურ სისტემაზე გადასვლა და ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა სოხუმისა და ცხინვალის პრობლემებისა.”

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი სესიაშვილი ომის შემდგომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას ამბობს, რომ საზოგადოებას დაკარგული აქვს უსაფრთხოების განცდა. რაც შეეხება კონფლიქტებს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარი ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესის განვითარებაა:

”დროებით უნდა შევეშვათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ ბაქიბუქს და პირველ რიგში უნდა აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფო, აღვადგინოთ და დემოკრატიულ რელსებზე დავაყენოთ. მთავარ პრობლემად რჩება არადემოკრატიული ხედვა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა, მიუხედავად იმისა, რა განცხადებები კეთდება საჯაროდ და რა იწერება კანონებში.”

„წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ სხვა წარმომადგენლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობდნენ, რომ მთავარი, რაც ქვეყანაში უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, ხელისუფლებაა.
XS
SM
MD
LG