Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეღვრეკისში სასმელ წყალს ითხოვენ


მეღვრეკისის მოსახლეობამ სოფელში ჭაბურღილის დამონტაჟების მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. სოფლის ნაწილს რამდენიმე წელია სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივმა მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ მხოლოდ დაპირებები ისმის. მეღვრეკისელები სასმელ წყალს კასრებით და სხვადასხვა ჭურჭლით რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან.

კონფლიქტის ზონის სოფელი მეღვრეკისი ერთ დროს სასმელ წყალს ვანათის წყალსადენიდან იღებდა, მაგრამ პატარა ლიახვის ხეობის ეს სოფელი ამჟამად ოკუპირებულია. კოკოითის ხელისუფლებამ კი როგორც სარწყავი, ისე სასმელი წყლის სისტემები გადაკეტა. როგორც ცნობილია, იგი წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას მოითხოვს, მაგრამ ქართული მხარე ამ წინადადებას არ თანხმდება.

მეღვრეკისელები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სკოლაში სწავლის მიმდინარეობისას ვარდებიან ხოლმე. წყალი არც სკოლას აქვს და შესვენებაზე მოსწავლეები იქვე მაცხოვრებლებს სთხოვენ ხოლმე წყალს. ადგილობრივები პატარებს უარს ვერ ეუბნებიან.

მას შემდეგ რაც ცხინვალმა წყალი დაკეტა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ალტერნატიული ჭაბურღილების მოწყობა დაიწყო. მეღვრეკისში სასმელი წყლის სამი ჭაბურღილი უკვე მუშაობს, მაგრამ ეს სოფლისთვის არასაკმარისია. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის თქმით, სოფელში მალე მეოთხე ჭაბურღილიც დამონტაჟდება და მეღვრეკისელებთან ერთად პრობლემა ერგნეთელებსაც მოუგვარდებათ.

მეღვრეკისელებს ჭაბურღილის დამონტაჟებამდე ლოდინი კიდევ ერთ თვეს მოუწევთ. იმ სოფლების მაცხოვრებლები, რომლებსაც სარწყავი და სასმელი წყალი შეფერხებებით მიეწოდებათ, მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური თამაშების მსხვერპლნი არიან და მხარეებს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG