Accessibility links

logo-print

ორი წლის შეთანხმება, რომელიც არ სრულდება


ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი (მარჯვნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი

ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი (მარჯვნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი

ზუსტად ორი წლის წინ, 2008 წლის 12 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უნდა აღდგენილიყო 7 აგვისტოს სტატუს კვო და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში. მაგრამ შეთანხმება სულ რაღაც ორ კვირაში დაირღვა, როცა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო და მათ ტერიტორიებზე საკუთარი სამხედრო ნაწილები განალაგა. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მისი შესრულების რა პერსპექტივა არსებობს?

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმება სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიწოდების უზრუნველყოფასა და 7 აგვისტოს სტატუს კვოს აღდგენას ითვალისწინებს, შეთანხმების გაფორმება კი ევროკავშირის მაშინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის - პრეზიდენტის შუამავლობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. აი, რა განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის 12 აგვისტოს, როცა თბილისში რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებული დოკუმენტის პროექტი ჩამოიტანა:

”სავსებით ნორმალურია, რომ რუსეთს სურს დაიცვას თავისი ინტერესები და რუსების ინტერესები რუსეთის შიგნით, ისევე როგორც რუსულენოვანებისა რუსეთს გარეთ... და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ - ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას - გვსურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და დამოუკიდებლობის გარანტირება.”

თუმცა, სულ მალე რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დაარღვია და ექვსპუნქტიანი შეთანხმებაც. 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო. ამ გარემოების მიუხედავად, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის თანამშრომელი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაფორმებას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა: „შეწყდა ომი, რომელიც საქართველოსთვის თუნდაც იმ ხუთ დღეში იყო უაღრესად ტრაგიკული შედეგების მომტანი და რომ გაგრძელებულიყო, არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა. ხელშეკრულება, თუმცა ეს არ არის სამშვიდობო ხელშეკრულება, ეს არ არის ზავი, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ეს არის ის მინიმალური თანხმობა ორ მეომარ მხარეს შორის, რომ ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის პრობლემები მოგვარებულია.“

არჩილ გეგეშიძის თქმით, ასევე ექვსპუნქტიანი შეთანხმების ნაწილად განიხილება 8 სექტემბრის შეთანხმება, რომლის ძალითაც საქართველოში ევროკავშირის მონიტორების მისია განთავსდა და, შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სტაბილური ვითარება შეიქმნა: დაპირისპირებულ მხარეებს აღარ აქვთ საშუალება ერთმანეთს ბრალი დასდონ ახალი შეიარაღებული პროვოკაციების მომზადებაში. შეთანმების საფუძველზე საქართველოში მონიტორების ყოფნას დღემდე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი, რომლის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი ერთი თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა.

„ზედმეტია იმაზე საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია მონიტორების საქმიანობა", თქვა მაშინ ეშტონმა. - "ჩამოვედი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ საქმიანობას. ვცდილობთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ და კიდევ ეს არის საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოხატულება.“

თუმცა, ამგვარი მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი მაინც განაგრძობს 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევას. საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის ენ-მარი სლოტერის თქმით, საზავო შეთანხმება ხელშეკრულება არაა და ის არ წარმოადგენს სავალდებულო სამართლებრივ ნორმას. თუმცა ასეც რომ არ იყოს, რუსეთის გავლენა და სიძლიერე პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს აფიქრებინებს, რომ ვითარება დიდად არ შეიცვლებოდა.

„დიდი სახელმწიფოების ნაციონალური ინტერესები უპირატესია საერთაშორისო სამართალზე. საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის თუ არსებობს პრობლემა, მით უარესი სერთაშორისო სამართლისათვის“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზაქარეიშვილმა.

სწორედ ამგვარი მიდგომით ამტკიცებს რუსეთი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობის შემდეგ შეიქმნა ახალი რეალობა, რომელიც თავისი მნიშვნელობით ფარავს 12 აგვისტოს შეთახმებას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას თქმით, სიმპტომატურია ის, რომ ექვსპუნქტიან შეთანხმებას მხოლოდ რუსეთი უგულებელყოფს. „რაც შეეხება მსოფლიო საზოგადოებრიობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებს, მათთვის ამ ეტაპზე ეს შეთანხმება არის ერთადერთი მოქმედი დოკუმენტი, რომელზეც აპელირება მიდის ყველა რეზოლუციაში და პოლიტიკოსების განცხადებებში“, ამბობს მალაშხია.

ამასთან, ექვსპუნქტიანი შეთანხმება ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც აზრს უკარგავს ეგრეთ წოდებულ „ახალ რეალიებზე“ ლაპარაკს. არჩილ გეგეშიძის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის სახით საქართველოსა და მის პარტნიორებს ძლიერი არგუმენტი აქვთ რუსეთის წინააღმდეგ.

„ამ შეთანხმების ზემოხსენებული პუნქტების არშესრულების გამოა, რომ რუსეთის ჯარების ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველო აძლევს ოკუპაციის კვალიფიკაციას. სხვა შემთხვევაში ოკუპაციის კვალიფიკაციის მიცემის ლეგალური საფუძველი საქართველოს არ ექნებოდა. ეს არის ის ერთადერთი დოკუმენტი, რომლის ძალითაც დღეს ყველა (ზოგი ჩუმად, ზოგი ხმამაღლა) ეთანხმება საქართველოს, რომ რუსეთი ახდენს ოკუპაციას“, უთხრა არჩილ გეგეშიძემ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG