Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქცია, პოლიციასთან დაპირისპირება და დაკავებული აქტივისტები


გარემოვაჭრეებისა და დევნილების აქცია

გარემოვაჭრეებისა და დევნილების აქცია

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან - შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ - 19 აგვისტოს დევნილთა და გარემოვაჭრეთა ერთობლივი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა განცხადებით, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მოთხოვნები კი შემდეგია: გარემოვაჭრეებს თავიანთ ძველ სამუშაო ადგილებზე დაბრუნება და საქმიანობის გაგრძელება სურთ, დევნილები კი თბილისის შემოგარენში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დევნილთა და გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინ პოლიციასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

19 აგვისტოს საპროტესტო აქციისათვის სამზადისი რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. აქციამდე შეიქმნა ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციაც - დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა და გარემოვაჭრეთა პროფესიული ლიგა. დევნილთა და გარემოვაჭრეთა პრობლემა კი არსებული სახით დაახლოებით ერთი თვის წინათ გამოიკვეთა - ძირითადად, მას შემდეგ, რაც გამომცემლობა ”სამშობლოდან” დევნილთა გამოსახლების ერთ პრეცედენტს კიდევ რამდენიმე ძველი კომპაქტური ჩასახლების დაშლა და დევნილთა რეგიონებში გადასახლების პროცესის დაწყება მოჰყვა.

26 ივლისიდან 16 აგვისტომდე პოლიციამ ასობით დევნილი გამოასახლა თბილისში მდებარე სხვადასხვა შენობიდან. მოგვიანებით - კერძოდ, 10 აგვისტოდან - თბილისის მერიამ კიდევ ერთხელ აკრძალა გარევაჭრობა. შესაბამისად, დევნილთა პრობლემას გარემოვაჭრეთა პრობლემაც დაერთო და საპროტესტო განწყობამაც კომპლექსური სახე მიიღო.

” ჩვენ გარემოვაჭრეები ვართ, ძალიან მცირედ დაფინანსებულები, 100-200 ლარის საქონლით ვმუშაობთ და ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ჩვენი მოთხოვნებია, დაგვაბრუნონ ჩვენს სამუშაო ადგილზე და დაგვიწესონ მინიმალური გადასახადი. ჩვენი საქონლის სიმცირის გამო, ჩვენ ბაზარში ვერ შევალთ”, - აღნიშნავენ გარემოვაჭრეები.

დევნილთა და გარემოვაჭრეთა გულისწყრომას ერთობლივი საპროტესტო მუხტი კი, დიდწილად, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის ხელშეწყობით მიეცა. კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დევნილთა და გარემოვაჭრეთა პრობლემის მოგვარებას საპროტესტო მოძრაობით გეგმავს.

დემონტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირება
”დევნილები და გარემოვაჭრეები ხელისუფლებისაგან და პირადად სააკაშვილისაგან მოითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას. დევნილები მოითხოვენ შესრულდეს სააკაშვილისა და უგულავას წინასააარჩევნო დაპირება და მათ თბილისში, ანუ იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ, დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართი ან მიეცეთ თბილისის ნებისმიერ უბანში. ხოლო გარემოვაჭრეები მოითხოვენ, ერთხელ და სამუდამოდ ქალაქში იქნეს მიღებული სამართლებრივი აქტი, რომელიც მოაწესრიგებს გარევაჭრობას, მას მისცემს ცივილიზებულ, სუფთა და სანიტარული კონტროლის ქვეშ მყოფ სახეს და, მეორე მხრივ, გარემოვაჭრეებზე გაიცეს ნებართვა, იმ გარემოვაჭრეებზე, წლების განმავლობაში ამ მძიმე შრომით რომ ირჩენენ თავს”, - განაცხადა 19 აგვისტოს საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კონსერვატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დევნილთა და გარემოვაჭრეთა რამდენიმე აქცია უკვე გაიმართა. გარკვეულ ტრადიციად მკვიდრდება ხუთშაბათობით საპროტესტო აქციის სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართვა. 19 აგვისტოს საპროტესტო აქციები და მსვლელობა კი, გარკვეულწილად, კულმინაციურიც აღმოჩნდა - ერთი მხრივ, აქციის მონაწილეთა რაოდენობისა და ცენტრალური ქუჩების ნაწილის პარალიზების, მეორე მხრივ კი, ავლაბრის რეზიდენციიდან პარლამენტთან გადანაცვლებულ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამოც.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, აქციის მონაწილეებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს მოძრაობა ”არას” აქტივისტი ლევან ჩიტაძე და ”ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე.

”მე მინდა, რომ ეს აქცია გადაიზარდოს დიდ აქციებში, რომლითაც ადამიანები მიაღწევენ თავიანთ უფლებებში აღდგენას. ისინი დაიბრუნებენ თავიანთ ჭერს, თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს და სამუშაო ადგილებს. ამითი ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ეს საქართველო არის იმ ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ აქციებით იმას, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ”, - განაცხადა დაკავებამდე ავლაბრის რეზიდენციის წინ ”ხალხის პარტიის“ წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ. იგი ვარაუდობს, რომ საკრებულოს უახლოესი სხდომა სწორედ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. ამ დროისათვის ცნობილია, რომ აქციები 24, 25 და 26 აგვისტოსაც გაიმართება.
XS
SM
MD
LG