Accessibility links

logo-print
საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ მოახლოებულ რთველს მომზადებული შეხვდება. ამის შესახებ ითქვა 20 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მევენახეებისა და მეღვინეების სუბსიდირების საკითხი განიხილეს.

მევენახეებისა და მეღვინეების მსგავსად, მოახლოებული რთვლისათვის საქართველოს მთავრობის წევრებიც ემზადებიან. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება როგორც ასაღები მოსავლის სავარაუდო რაოდენობა, ასევე სუბსიდიის მოცულობა. ამასთან, ბაკურ კვეზერელის თქმით, უყურადღებოდ არც ქარხნების მფლობელები დარჩებიან და არც მევენახეებ:.

„წელს 20-ზე მეტი ქარხანა მიიღებს ყურძენს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავეხმაროთ გლეხებს კახეთში, იმერეთსა და რაჭაში, რომ დააბინაონ მოსავალი და მიიღონ შესაბამისი შემოსავალი.“ ბაკურ კვეზერელის თქმით, რთვლის წარმატებით ჩატარების მიზნით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში უკვე შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომლის ხელმძღვანელმა, ტარიელ გაბუნიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მევენახეებს მოსავლის დაბინავების პრობლემა წელს არ შეექმნებათ:

„ვაუჩერი გაიცემა ყველა იმ ქარხანაში, რომელიც გლეხებისგან ყურძნის შეძენას გადაწყვეტს. ამისათვის გამოიყოფა 6,1 მილიონი ლარი. თანხა მოხმარდება ვაუჩერიზაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.“

შარშან ღვინის ქარხნებმა 120 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს. წელს, გვალვების გამო, გაცილებით მცირე მოსავალს - დაახლოებით 85 ათას ტონას - ელიან, თუმცა, ამის მიუხედავად, ყურძნის გლეხებისგან შეძენას ყველა ღვინის ქარხანა როდი აპირებს. ღვინის კომპანია „ხარებას“, გარდა იმისა, რომ საკუთარი ვენახები აქვს, წინა წლებში წარმოებული ღვინის სერიოზული მარაგიც დაუგროვდა. ამასთან, კომპანიის მფლობელის ალექსანდრე ხარებავას თქმით, უამინდობას მისი ვენახისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

„ჩვენ გვაქვს სულ ახალი სისტემები წამლისა და შხამ-ქიმიკატების შესატანად, იტალიური და გერმანული წარმოების. ასე რომ, მოსავალი, ღვთის შეწევნით, კარგი გვაქვს, ვაზი არ გაგვფუჭებია“, უთხრა ალექსანდრე ხარებავამ რადიო თავისუფლებას.

უამინდობამ, ძირითადად, დააზარალა მცირე ფერმერები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ძვირად ღირებულ ტექნიკურ საშუალებებზე. ლაგოდეხის რაიონში მცხოვრებ გიორგი გოგობერიშვილის თქმით, ხანგრძლივმა გვალვამ კვალი დაამჩნია მოსავლის როგორც რაოდენობას, ასევე ხარისხს, რის გამოც გაჭირდება არათუ მოგების მიღება, არამედ გაწეული ხარჯის დაფარვაც კი.

„ფოთლები სულ დამწვარი აქვს ვენახს, ყურძნის მარცვლებიც იწვება... მტევანში 30 პროცენტი დამწვარია. აბა, რა მოსავალი იქნება... სანახევროდაც კი ვერ ავინაზღაურებ ხარჯს.“ გიორგი გოგობერიშვილის თქმით, მის მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ მისი ვენახი, ძირითადად, რქაწითლის ჯიშის ყურძნისგან შედგება. რქაწითლის ერთ კილოგრამში კი ქარხნები მხოლოდ 40 თეთრს იხდიან, განსხვავებით საფერავისგან, რომელიც შარშან 60 თეთრი ღირდა. ღირებულების დაახლოებით ორ მესამედს ქარხანა ფარავს, დანარჩენს კი - მთავრობა, სუბსიდიის სახით.
XS
SM
MD
LG