Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სამხედროების ერაყული მისიის გახსენება


ქართული ქვედანაყოფი, რომელიც ერაყში მსახურობდა.
ქართული ქვედანაყოფი, რომელიც ერაყში მსახურობდა.
აგვისტოს ბოლოს შეერთებული შტატების საბრძოლო ბრიგადის გასვლით დასრულდა „ერაყის განთავისუფლების ოპერაცია“, რომელიც 7 წლის მანძილზე გრძელდებოდა. შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და სხვა დიდი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფების მხარდამხარ ერაყში საბრძოლო დავალებას მთელი ხუთი წლის განმავლობაში ასრულებდა ქართული ქვედანაყოფი, რომელმაც ერაყი მხოლოდ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის გამო დატოვა. ერაყის განთავისუფლების ოპერაციას 4 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 15-მა კი სხვადასხვა ჭრილობა მიიღო. ერაყში ნამყოფ ქართველ სამხედროებს ეძღვნებათ დღევანდელი საავტორო პროგრამა „ჯარისკაცი და სახელმწიფო“.

ლეიტენანტი დავით კობიაშვილი: ” თუ, დავუშვათ, იქნება მარჯვენა მხრიდან აფეთქება, მიხვალთ, მარჯვენა მხრიდან დაუდგებით, შეაფასებთ სიტუაციას - დაჭრილი, რაღაცა, ყველაფერი [მსხვერპლი] ღმერთმა გვაშოროს - და გადმომცემთ ყველა ინფორმაციას, რომ მე მივაწოდო შტაბს.”

ეს ქართველი მშვიდობისდამცველების ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღეა. ლეიტენანტი დავით კობიაშვილი დეტალურ ინსტრუქტაჟს უტარებს სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან საპატრულოდ მიმავალ ქართულ ოცეულს. მოქმედება ალ-კუტში ხდება, ირანის საზღვართან მდებარე ვასიტის პროვინციაში, სადაც, შეერთებული შტატების სარდლობის დავალებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს მთლიანად საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქართული ბრიგადა ახორციელებდა.

ქვეითი ბრიგადის შტაბში, ბაზა ”დელტას” ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერული წესით ხდებოდა ყველა ოპერატიული ინფორმაციის მიღება და დამუშავება. პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი მაიორი ჯონი ტატუნაშვილი სპეციალურ ვიდეოპლანშეტზე ვასიტის პროვინციაში შექმნილ ოპერატიულ ვითარებაზე საუბრობს. ქართველი ოფიცერი ამბობს, რომ ყველაზე სახიფათოდ ითვლება ქალაქი ან-ნუმანია, სადაც ბრიგადის მეხუთე საპატრულო ბაზა იმყოფება:

”სამი ასეული აქა მყავს - ერთი, ორი, სამი... მეოთხე კი გააუქმეს - აღარ იყო საჭირო და აქ მყავს, ”დელტას” ბაზაზე, და აქედან დადიან სწრაფ ”ჩეკ-პოინტებზე”. ეს სულ სწრაფი ”ჩეკ-პოინტებია”, რაც აქ არის მონიშნული. მეხუთე ბაზა - ეს თითქმის უკვე ხუთჯერ დაიბომბა, რაც აქ ვართ.”

ეს საუბარი რადიო თავისუფლებამ „დელტას“ ბაზაზე 2008 წლის 17 ივლისს ჩაწერა. ამ დროს საქართველოს უკვე ერაყის განთავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობის ხუთწლიანი სტაჟი აქვს. ქართული ქვედანაყოფის რაოდენობა, რომელიც 2003 წლის ზაფხულში მხოლოდ 70 კაცს შეადგენდა, გაზრდილია ბრიგადამდე და ორი ათას კაცს აღწევს. თუმცა, პირადი შემადგენლობის რაოდენობისა და პასუხისმგებლობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა დანაკარგის რაოდენობაც. 2008 წლის მაის-ივლისში ქართულმა ქვედანაყოფმა ერაყში სამი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა: კაპრალი ზურაბ გვენეტაძე, ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და სერჟანტი ირაკლი კორძაია თვითნაკეთი ბომბების აფეთქების გამო დაიღუპნენ ნაჰიდა-ვაქიას პროვინციაში.

”ეს არის ზუსტად ის ნაწილი იმ ბატალიონისა, რომელმაც განიცადა დანაკარგი. მინდა მადლობა გადავუხადო იმისათვის. მიუხედავად ტკივილისა და დანაკარგის, რაც განიცადეს, ყველა თქვენგანი ხედავს მათ მოტივაციას. კიდევ ერთხელ მინდა, ბიჭებო, მადლობა გადაგიხადოთ. ყოველთვის ამ სიტყვებს ვუტრიალებ - ჩემთვის ღირსეულია და საამაყო ყველაფერი ის, რასაც თქვენ აკეთებთ.”

ამ სიტყვებით მიმართა ორი წლის წინ გენერალმა ზაზა გოგავამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მაშინდელმა უფროსმა, ერაყში მყოფი ბატალიონის - „შავნაბადას“ - პირად შემადგენლობას, რომელიც მაშინ ყველაზე საშიშ ზონაში მყოფ „ქლეარის“ ბაზაზე იყო დაბანაკებული.

აღსანიშნავია, რომ ერაყში ქართული ბრიგადის შემადგენლობაში იყვნენ ქალებიც, ძირითადად, შტაბში და სამედიცინო პუნქტში. დამამახსოვრდა ლეიტენანტი ნინო ჩხენკელი, რომელიც მიამბობდა, რომ მათ საქმე არ ელევათ:

”რასაც ახლა ჩვენ ვეხმარებით, ეს არის სასუნთქი სისტემების დაავადებები, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ამათთვის. და არის კიდევ დამწვრობები, ძალიან დიდი რაოდენობით.”

ქალაქ ალ-კუტთან ახლოს, ”დელტას” ბაზაზე მყოფი ქართული ბრიგადისთვის, რომელიც იქ განთავსებული მრავალეროვნული ქვედანაყოფის თითქმის ნახევარს შეადგენდა, სამუშაო დღე 6 საათზე მთავრდებოდა. მერე იყო ვახშამი და პირადი დრო. მხიარულ ქართველ სამხედროებს კომუნიკაციის საკუთარი სტილი ჰქონდათ სალვადორელ და უგანდელ სამხედროებთან, რომლებსაც შიდა განაწესის კონტროლი ევალებოდათ.

”ბიჯო, ჯორჯია პუ-პუ ჩამოფრინდა, ჟურნალისტია, გაიგე, ჯამბო. მე და შენ წავიდეთ ჯამბოში? ქამბალაში გავფრინდეთ და მერე გავფრინდეთ ჯორჯიაში. ბიჯო, ჯორჯია ვერი გუდ.”

უგანდელი ჯარისკაცი : ”ვერი გუდ. ენდ უგანდა ვერი გუდ.”

ვახშმის შემდეგ კი იწყებოდა პირადი დრო, რომელსაც ჯარისკაცების უმრავლესობა თითქმის ერთნაირად ატარებდა: საშინელი სიცხის გამო, ძირითადად, კონდიცირებულ ყაზარმებში ისხდნენ, უყურებდნენ ტელევიზორში ქართულ არხებს, თამაშობდნენ სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებს და მობილური ტელეფონებით ელაპარაკებოდნენ სამშობლოში მყოფ ახლობლებს, რომლებიც ჯარისკაცებს რამდენიმე თვე არ ენახათ.

სერჟანტი გოჩა პეტრიაშვილი: ”ალიო, მამა, შენა ხარ? გიორგი, გესმის ჩემი ხმა? როგორა ხარ, მამა? რა ვიცი, ვარ, რა. ცხელა, ცხელა, სხვა არაფერი არ მაწუხებს. არც საჭმელი მაკლია და არც სასმელი, მარტო სიცხე აუტანელი და თქვენი თავი მენატრება, მამა, მეტი სხვა არაფერი.”

თუმცა ამ საუბრის შემდეგ ზუსტად ორ კვირაში ერაყში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს დიდი საწუხარი და სადარდებელი გაუჩნდათ. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმია შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. 8 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 2000 კაციანი ქართული სამხედრო ბრიგადა სასწრაფოდ გამოეყვანა ერაყიდან. მაგრამ ამერიკულმა ავიაციამ ქართველი სამხედროები სამშობლოში მხოლოდ 10 აგვისტოს ჩამოიყვანა, როდესაც თბილისი საფრანგეთის შუამავლობით ხელმოწერილ საზავო შეთანხმებაზე დათანხმდა და საბრძოლო მოქმედებები თითქმის შეწყვიტა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG